1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, და 1989 წლის 9 აპრილი - ტრაგიკული თარიღი. როგორ განაპირობებს ეს ორი თარიღი ერთმანეთს და რა ფასი აქვს ქვეყნის დამოუკიდებლობას ახალგაზრდებისთვის, მისი აღდგენიდან 25 წლის შემდეგ?
1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის საფუძველზე, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს სსრკ-დან გამოყოფას და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
კითხვა, რომლითაც ქუჩაში გამვლელ ახალგაზრდებს მივმართავდით, ასე ჟღერდა: როდის და რა ვითარებაში აღიდგინა საქართველომ დამოუკიდებლობა და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობას? რესპონდენტები ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღზე საუბრისას მეტწილად 26 მაისს ასახელებდნენ, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორ ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, სწორედ 26 მაისს აღინიშნება. ვის და როგორ ახსოვს 9 აპრილი, საქვეყნო მნიშვნელობის ორ ამბავთან დაკავშირებული ეს თარიღი?
„სკოლაში ასე არ ვსწავლობთ, მაგრამ ვიცით, რომ იმ დღეს მოხდა [დამოუკიდებლობის] აღდგენა“.
„როგორც მე მახსოვს, დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა 1921 თუ 1918 წელს, ზუსტად აღარ მახსოვს. პირველი კონსტიტუცია როცა მივიღეთ, მაშინ გამოცხადდა და იყო 26 რიცხვი და ამ დღეს დაერქვა დამოუკიდებლობის დღე“.
„ვერ ვიხსენებ, არ ვიცი... ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობას. სხვა ქვეყანაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული, ეს არ არის ჩვენთვის კარგი, ზოგადად დამოუკიდებლობის გარეშე ქვეყანა არ არის ქვეყანა“.
სახელმწიფო ნაკლებად ცდილობს, რომ ერისთვის მნიშვნელოვანი ამგვარი თარიღის მიმართ ჩამოაყალიბოს განწყობა და რასაც მე ვაკვირდები, ამას ნაკლებად თუ ვინმე განიცდის მტკივნეულად. ასეთი მოვლენები მინიმალურად მაინც აღინიშნება ხოლმე...ლევან ღამბაშიძე
„უფროსებისგან მსმენია, რა და როგორ იყო, და ეს თარიღიც დაამთხვიეს იმ 9 აპრილს, იმიტომ რომ მაშინ ადამიანები დაარბიეს იმისთვის, რომ უნდოდათ ეცხოვრათ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. ეს თარიღი ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა“.
„ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის დღე არ მიგვიღია. უბრალოდ, დაიშალა საბჭოთა კავშირი 21 დეკემბერს, როგორც ვიცით, და შემდეგ, ფაქტობრივად, ავტომატურად გავხდით დამოუკიდებლები, ასე ვფიქრობ. ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა და, ასე თუ ისე, აქვს ჩვენთვის დატვირთვა და ჩვენც ვზეიმობთ, რა“.
„ეროვნული მოძრაობა - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ამის მამამთავრები. სამწუხაროდ, მერაბი ვერ მოესწრო, გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა იყო, როგორც ეს იდეა შემოგვტენეს ჩვენ, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წლით ადრე მივაღწიეთ და გამოვეყავით და 9 აპრილს იმიტომ გამოცხადდა დამოუკიდებლობა, რომ ის ტრაგედია, რაც მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, დაუკავშირდა ამ თარიღს, რადგან ამდენი სისხლი დაიღვარა დამოუკიდებლობისთვის“.
„ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს. მნიშვნელობა ის აქვს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, მაგრამ ბოლომდე თავი ვერ დავაღწიეთ და ბოლომდე დამოუკიდებლები მაინც არ ვართ. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თარიღს, უამრავი სტუდენტი დაიღუპა 9 აპრილს. სტუდენტობას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ჩვენ, სტუდენტები, ვართ ვალდებულნი ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დავიცვათ“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ 9 აპრილი, როგორც მოვლენა, როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითი - ეს არის ყველაზე დიდი აქტი, რაც კი ქართველ ხალხს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ განუხორციელებია, თუმცა, მისი სიტყვებით, ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას შემდეგი თაობის პოლიტიკოსებმა დაშვებული შეცდომებით დაუკარგეს მნიშვნელობა და ახლა ისე გამოიყურება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მთელი ხიბლი ჰიმნი, გერბი და სახელმწიფოს სხვა ატრიბუტიკაა მხოლოდ, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ახლა არის არა საბჭოთა, მაგრამ სხვაგვარი ჩაგვრის სივრცე, გაჭირვებული და განსხვავებული ადამიანების ჩაგვრის სივრცე:
„დამოუკიდებლობის დღე ჩემთვის მაინც 26 მაისია, როცა რესპუბლიკა გამოაცხადა საქართველომ. 1991 წლის 9 აპრილი არის ამ დამოუკიდებლობის აღდგენა, 26 მაისს მოპოვებული უფლებების ხელახლა გამოცხადება. ცხადია, ეს მოვლენა 9 აპრილს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს, იმ მსხვერპლის, იმ თავგანწირვის გამო, მაგრამ დამოუკიდებლობის დღის სტატუსს, ვფიქრობ, ვერასოდეს მოიპოვებს ჩვენს თაობაში, მაგრამ გმირობის მაგალითად დარჩება. 25 წლის შემდეგ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ ვერ დააფასა იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის თავი გაწირეს“.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე მიიჩნევს, რომ „9 აპრილი“ არ არის დაფიქსირებული ისტორიაში როგორც ჩვენი თანამდეროვე სახელმწიფოს ფუნდამენტი. მეტიც, მისი თქმით, მთელი მისი ბავშვობის განმავლობაში ეს მოვლენა განსჯის საგანი იყო, თავისი შედეგებიდან გამომდინარე. ლევან ღამბაშიძე, რომელიც ახლა თავად ასწავლის სტუდენტებს, ასკვნის:
„სახელმწიფო ნაკლებად ცდილობს, რომ ერისთვის მნიშვნელოვანი ამგვარი თარიღის მიმართ ჩამოაყალიბოს განწყობა და რასაც მე ვაკვირდები, ამას ნაკლებად თუ ვინმე განიცდის მტკივნეულად. ასეთი მოვლენები მინიმალურად მაინც აღინიშნება ხოლმე. ხვალაც ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსები მიიტანენ ყვავილებს. მერე სხვები იტყვიან, რომ ეს არის პიარკამპანია, მაგრამ 9 აპრილი, როგორც მოვლენა, მოქალაქეებისთვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის არ მგონია, რომ მტკივნეული იყოს და ეს არის პრობლემა“.