Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილი - ერთად დგომის დღე


24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, სასტიკი დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მიტინგის ათეულობით მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. მიტინგის დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ტკივილისა და სიხარულის დღედ მოიხსენიებენ მოქალაქეები თუ პოლიტიკოსები 9 აპრილს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. რუსთაველის გამზირზე დილიდან შეიკრიბა ხალხი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოგვიანებით კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე პარლამენტის შენობაში მიღებით აღინიშნა.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, გამთენიისას, სანთლები ინთება... 24 წლის წინ დაღუპულთა მემორიალი ტიტებით, იასამნებით, ნარცისებით ივსება.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს ქეთევან ვარდანაშვილი მამასთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასობით ადამიანთან ერთად იდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ხუთი დღით ადრე დაწყებული საპროტესტო აქცია სისხლისღვრად რომ გადაიქცეოდა, მაშინ ვერავის წარმოედგინა, ვერც ქეთევანს. მამა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მეც სამხედროების ნიჩბების მსხვერპლი გავხდებოდიო, ამბობს ქეთევანი. მას შემდეგ ყოველ 9 აპრილს გამოდის რუსთაველის გამზირზე და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

”ფეხით გავიქეცით მე და მამაჩემი. მამაჩემმა დამავლო ხელი და გავიქეცით. ეს ჩვენთვის, ჩემი თაობის ხალხისთვის, მოუშუშებელი ჭრილობაა. ეს ჭრილობა არასდროს არ მოგვირჩება. ღამეც სიზმარში ვნახულობ იმ სახეებს, იმ სიყვარულს, რაც იმ დღეებში რუსთაველის გამზირზე იყო”, - იხსენებს ქეთევან ვარდანაშვილი.
რუსებმა გაგვიმეტეს და ნიჩბებით დაგვხოცეს. აქეთ მხარეს გავაკეთეთ კორიდორი და ისე ვუშვებდით ხალხს, რომლებსაც უკან ჯალათები მისდევდნენ. 21 ადამიანი კი არა, მეტი გვეგონა დაღუპული...
გიორგი კენჭოშვილი

9 აპრილს, გამთენიისას, გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვის ხელმძღვანელობით დარბეულ მიტინგს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათეულობით ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ ღამით სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგზე შეკრებილი ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. გიორგი კენჭოშვილი 9 აპრილის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ის მილიციის ყოფილი პოლკოვნიკია. 9 აპრილის მიტინგის მონაწილეები დღემდე იხსენებენ - რომ არა მილიცია, შესაძლოა მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყოო:

”რუსებმა გაგვიმეტეს და ნიჩბებით დაგვხოცეს. აქეთ მხარეს გავაკეთეთ კორიდორი და ისე ვუშვებდით ხალხს, რომლებსაც უკან ჯალათები მისდევდნენ. 21 ადამიანი კი არა, მეტი გვეგონა დაღუპული, ისეთი ამბავი დატრიალდა აქ”, - იხსენებს გიორგი კენჭოშვილი.

ყოფილი პოლკოვნიკის გვერდით, დაღუპულთა მემორიალთან, დგას საქართველოს მეტროს ყოფილი თანამშრომელი რეზო სიჭინავა. 9 აპრილის ღამეს ის მეტროსადგურ ”ლენინის მოედანზე” მორიგეობდა. სწორედ მან შეიფარა სამხედროებს გამოქცეული მიტინგის მონაწილეები:

”დილის ოთხის ნახევარი იყო, ტანკები რომ მოადგნენ რუსთაველის გამზირს. ხალხის ნაკადი აქეთ წამოვიდა. ფეხშიშველები მორბოდნენ გოგოები. 200-300 ქალი შევიფარეთ მეტროში - დასისხლიანებულები, ფეხშიშველები. გახსენება და ლაპარაკიც კი მიჭირს”, - ამბობს რეზო სიჭინავა.
რამდენ პარლამენტშიც არ უნდა ვიყო, ვერავითარი სხვა ხელმოწერა ვერ იქნება ტოლფასი იმ ხელმოწერისა, რომელიც დამოუკიდებლობის აქტზე დავტოვე...
დავით ბერძენიშვილი

ორ ათეულ წელზე მეტია 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს, გარდა რიგითი მოქალაქეებისა, ყვავილებით ამკობენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ დღეს ორივე მხარე ერთსულოვანია -1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა მოიგო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მიტინგის დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. წლევანდელი თარიღი საქართველოს პარლამენტის წევრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში, იქ, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრებმა უზენაესი საბჭოს იმ წევრებისათვის, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი, მიღება გამართეს. ხელმომწერებს შორისაა უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილიც.

”ისე აღმოჩნდა, რომ ყველა მოწვევის პარლამენტის წევრობაზე უფრო ღირებულია პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრობა, რადგან უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. რამდენ პარლამენტშიც არ უნდა ვიყო, ვერავითარი სხვა ხელმოწერა ვერ იქნება ტოლფასი იმ ხელმოწერისა, რომელიც დამოუკიდებლობის აქტზე დავტოვე”, - ამბობს დავით ბერძენიშივლი.

ტკივილის, სიხარულისა და ერთად დგომის დღეს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 9 აპრილს.

”უნდა გვახსოვდეს რა ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობის მიღება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში ვიყოთ ერთად... სწორედ ერთად დგომით ქართველმა ერმა ორჯერ, 1989 წლის 9 აპრილს და 1991 წლის 9 აპრილს, გაიმარჯვა იმდროინდელ ყველაზე საშინელ იმპერიაზე. ამიტომ 9 აპრილის მაგალითი არის სწორედ ეს: თუ ჩვენ ვიდგებით ერთად, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ ვიქნებით მორალურად ღირსი იმისა, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ და ძლიერ ქვეყანაში, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას”, - ამბობს დავით ბაქრაძე.
XS
SM
MD
LG