რუსთავის მერიამ ქალაქის ეზოების კეთილმოწყობა უკანონოდ კუსტარულად აგებული და უსახური ავტოფარეხების დანგრევითa და თვითნებურად გაშენებული ბაღ-ბოსტნების მოშლით დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სკვერები და საბავშვო მოედნები მოეწყობა.
რუსთავის ეზოებში შესულთ, პირველ რიგში, თვალში მოგხვდებათ რკინის გისოსებისგან აგებული თუ კაპიტალურად აშენებული ავტოფარეხები, იქვეა საბაღე ნაკვეთებად ათვისებული ტერიტორიებიც, სადაც ზოგს საქათმეც კი აქვს მოწყობილი. ასეთ სურათს თითქმის ყველგან წააწყდებით მტკვრის ორივე ნაპირზე გაშენებულ ქალაქში. ამიტომაც, მერიამ ერთი კვირის წინ კუსტარული ავტოფარეხების დანგრევა და ბაღ-ბოსტნების მოშლა დაიწყო. ერთი ასეთი აქცია გასულ შაბათს რუსთავის მე-12 მიკრორაიონის თერთმეტსადარბაზოიანი შენობის, მე-8 კორპუსის, ეზოში მოაწყო, რომელშიც რუსთავის მერთან ერთად პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძეც იმყოფებოდა.
„დასუფთავების ღონისძიებაში ერთ-ერთი მთავარი არის, რომ ე.წ. ავტოფარეხების დემონტაჟი გადაწყვიტა თავად მოსახლეობამ, სადაც მოეწყობა სკვერი. გასულ შაბათს იყო [დასუფთავების აქცია] მე-16 მიკრორაიონში. ამ შაბათს გადმოვინაცვლეთ ამ უბანში და ეს მიიღებს სისტემატიურ ხასიათს“, თქვა პარლამენტარმა გიორგი ბეგაძემ, რომელსაც სპეციალური ხელთათმანები ეცვა და ტერიტორიას მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ასუფთავებდა.
მე-8 კორპუსის 9-სართულიანი შენობის ერთ-ერთი ბინადარი, მარინა ზურაბაშვილი, ამბობს რომ, უსახურ კონსტრუქციებს ისევ სკვერი და დასასვენებელი ადგილი ურჩევნია:
„აქ დავბერდი. ეზოში რომ შედიხარ, გინდა დაისვენო, დაჯდე გარეთ და სუფთა ჰაერი ჩაყლაპო. ძნელია. გარაჟი უნდათ, მაგრამ გარაჟსაც არ იყენებენ, გარეთ აყენებენ მანქანას, თუმცა რაღაცისთვის სჭირდებათ [ავტოფარეხები]“.
არ მიმდინარეობს ამის დანგრევა, იმიტომ რომ კაპიტალურად არის აშენებული, იქ {მე-8 კორპუსში} უფრო სხვანაირად იყო აშენებული ავტოფარეხები... მართალია, უკანონოა ჩვენი ნაგებობები, მაგრამ არ ანგრევენ, არც გვიმტკიცებენ...ჯული გაფრინდაშვილი
მარინა ზურაბაშვილი ამბობს, რომ კეთილმოწყობილი ეზო განსაკუთრებით ბავშვებს სჭირდებათ, რადგან სათამაშო სივრცე, ფაქტობრივად, არა აქვთ. თუმცა რესპონდენტთან საუბრის შემდეგ რადიო თავისუფლების ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა: დასანგრევი ავტოფარეხის მეპატრონემ უყურადღებოდ დატოვა მასთან სასაუბროდ მისული ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და უხმოდ განაგრძო თავისი ნივთების მიკროავტობუსში ჩალაგება.
ავტოფარეხების სიმრავლეა გვერდით, ნომერ 10 შენობაშიც, თუმცა, როგორც ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ჯული გაფრინდაშვილი ამბობს, მათთან კაპიტალურად აშენებული ნაგებობების დანგრევას მერია არ აპირებს:
„არ მიმდინარეობს ამის დანგრევა, იმიტომ რომ კაპიტალურად არის აშენებული, იქ {მე-8 კორპუსში} უფრო სხვანაირად იყო აშენებული ავტოფარეხები...მართალია, უკანონოა ჩვენი ნაგებობები, მაგრამ არ ანგრევენ, არც გვიმტკიცებენ“.
ჯული გაფრინდაშვილი დასძენს, რომ შემოღობილი ტერიტორიები მათ ეზოშიც მოიშლება.
ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა ქალაქის მერი მერაბ ტყეშელაშვილი იყო, დაახლოებით ოთხი ათასი უკანონოდ აშენებული ავტოფარეხი აღრიცხეს. მაშინ საკითხი ასე დასვეს: ან უნდა დაენგრიათ ეს ნაგებობები, ან დაეკანონებინათ. არც ერთი გაკეთდა, არც მეორე. ამ პრობლემის მოგვარება ვერც ტყეშელაშვილის შემდეგ მოსულმა მერებმა გაბედეს . ის კი არა, 2005 წლის შემდეგ ბევრმა საკუთარ ავტოფარეხში მაღაზიაც კი გახსნა, ძირითადად - სასურსათო. უფრო ადრე კი ბევრმა ეზოში უსახური სავაჭრო ჯიხურები დადგა და იქვე პატარა ბაღისთვის ტერიტორიაც მიიზომა.
ფრიდონ ბრეგვაძე, 20 წელია, ჯიხურში ვაჭრობს და, როგორც თავად ამბობს, ექვსსულიან ოჯახს არჩენს:
„აქ 100 ლარის საქონელიც კი არ მაქვს. ა, ცარიელ პურს ვჭამ, დაღამდა და 12 საათი გახდა უკვე. ყველაფერს რომ მიკრძალავ [მერია], მეხმარები რამეში? აგერ, ბაღი მქონდა იმისთანა გაშენებული, ყველაფერი მქონდა იქ, მოვიდნენ, გადათხარეს, გადმოთხარეს...აჰა, სად წავიღო ეს? ამას ჰქვია კაპიტულაცია“.
ფრიდონ ბრეგვაძე ამბობს, რომ გადასახადებსაც იხდის.
როგორც რუსთავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მართალია, ეზოებში არსებული სავაჭრო ჯიხურების მეპატრონეები გადასახადებს იხდიან, მაგრამ თავის დროზე ეს ობიექტები არქიტექტურის სამსახურთან შეუთანხმებლად გაიხსნა.