2014 წელს, როცა თვითმმართველობის მორიგი რეფორმა განხორციელდა, თვითმმართველ ქალაქ რუსთავს სახელი გადაერქვა და რუსთავის მუნიციპალიტეტი დაერქვა, თუმცა მისი, როგორც თვითმმართველი ქალაქის, სტატუსი არ შეცვლილა.
ეს სტატუსი არც ახლა იცვლება, როცა მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ დაწუნებული თვითმმართველობის ახალი რეფორმა დააანონსა.
თვითმმართველობის მორიგი რეფორმით, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, 12-დან 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ერთმევა და გამსხვილებული მუნიციპალური ერთეულის ნაწილი ხდება.
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი, ლიანა ჩარკვიანი, ამბობს, რომ თუ რეფორმა ამგვარი სახით განხორციელდა, ეს იქნება ხელისუფლების ცენტრალიზებისა და თვითმმართველობის დაკნინებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ლიანა ჩარკვიანმა ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით იცის, რომ, მაგალითად, თელაველები თუ გორის მოსახლეობა ნეგატიურად აფასებს ამ ინიციატივას. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ცენტრებში დისკუსიებიც ტარდება. მსგავს ღონისძიებას, ლიანა ჩარკვიანის თქმით, რუსთავშიც გეგმავენ, ასე ვთქვათ, სოლიდარობის მიზნით და გასაფრთხილებლად, რომ რუსთავის სტატუსს არავინ შეეხოს:
„ჩვენც, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა რუსთავს არ ეხება, ალბათ, მოვიწვევთ საზოგადოებას და საჯაროდ განვიხილავთ ამ საკითხს, რომ გვერდით დავუდგეთ დანარჩენ ქალაქებს. ეს აუცილებელია, ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა, რომ ეს არ მოხდეს, უკან დავბრუნდეთ, იმის ნაცვლად, რომ წინ მივდიოდეთ“.
რუსთავის მერია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ორწლიან პროექტს - „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. მონაწილეობითი ბიუჯეტი ქალაქის მცხოვრებლებს აძლევს საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას პრიორიტეტული საკითხების განხილვებსა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტის პრეზენტაცია ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომელსაც არცთუ ბევრი ადამიანი ესწრებოდა. პროექტის დირექტორი რევაზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ ამგვარი პროექტი რუსთავისთვის სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ მას თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აქვს და ბიუჯეტის შემოსავლების დიდ ნაწილს თავად განკარგავს. რომ არა ეს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება სათუო გახდებოდა რუსთავში:
„რუსთავს რომ არ ჰქონდეს თვითმმართველობის სტატუსი, რომ არ არსებობდეს რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ამ პროექტში ვერ გაიმარჯვებდა, გაიმარჯვებდა ის მუნიციპალიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებოდა რუსთავი. თუ არ არის თვითმმართველი ერთეული, მას თავისი ბიუჯეტი არ აქვს, თავისთავად, მაშინ რომელ ბიუჯეტირებაზეა საუბარი? ასეთი პროექტი , ვთქვათ, ვალეში ვერ განხორციელდება, ხომ? კარგი ქალაქია ვალე, მაგრამ ის შედის ახალციხის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ვალეს თავისი ბიუჯეტი არ აქვს, ბიუჯეტი აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტს“.
თუმცა, რევაზ ბარბაქაძის თქმით, არსებობს ბევრი ისეთი საკანონმდებლო ხასიათის ხარვეზი, რომელიც აკნინებს რუსთავის დამოუკიდებლობის ხარისხს, ბევრი სერვისი მაინც ცენტრალური უწყებების ხელშია:
„ზოგადად, რაც უფრო მეტი უფლებამოსილება და კომპეტენციები და, შესაბამისად, მეტი ბიუჯეტი აქვს, ეს, რა თქმა უნდა, ჯობია. არსებობს სუბსიდიარობის ცნება, სუბსიდიარობის პრინციპი. მოქალაქეს უნდა მიაწოდოს სერვისი იმან, ვინც უფრო ახლოა მასთან. შესაბამისად, რაც უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი იქნება თვითმმართველობა, ეს უკეთესი იქნება მოსახლეობისთვისაც და სერვისის ხარისხიც, შესაბამისად, მაღალი იქნება“.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი, ცალსახად უარყოფითად აფასებს მთავრობის ახალ ინიციატივას. ის კი არა, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო წლევანდელი გადაწყვეტილებაც, როცა გაუქმდა სოფლის განვითარების პროგრამაში სოფლის მცხოვრებლების ჩართულობა, თავად განესაზღვრათ, სად და რა მიმართულებით დახარჯულიყო მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები:
„სოფლის მცხოვრებლებს შეეძლოთ იმ წელს ის ბიუჯეტი, რომელიც იყო გამოყოფილი, ეცოდინებოდათ, ეცოდინებოდათ რაზე წავიდოდა. ეს პროექტიც აღარ არის და წავიდა რეგიონული განვითარების ფონდში. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო მოსახლეობის მოტივირება, რომ ისინი საბიუჯეტო პროცესებში ჩართულიყვნენ. ახლა კი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა...იმდენად შორს გადაისროლეს ეს თანხა განვითარების ფონდში, რომ, ფაქტობრივად, ადგილზე არავის ეკითხებიან“.
რაც შეეხება რუსთავს,ზვიად დევდარიანის თქმით, როგორც თვითმმართველ ქალაქს, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს როგორც თანხის მობილიზების, ისე განკარგვისა, მაგრამ კანონმდებლობაშიც არის ხარვეზი, რომელსაც თვითმმართველი ქალაქები შესანიშნავად იყენებენ, მაგალითად, რუსთავი:
„რუსთავში ვერ შეძლებ, ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ვიდრე ამას გაძლევს თვითმმართველობის კოდექსი. ჩვენ რაც ვნახეთ, თვითმმართველობებმა, და არა მარტო მათ, მუნიციპალიტეტებმაც, გამოსავალი ნახეს იმაში, რომ შეიქმნა აიპები, ზოგჯერ გაურკვეველი ფუნქციის... ეს პროცესი დასაქმების პროგრამას უფრო ჰგავს, ვიდრე აიპების საჭიროებით იყოს გამოწვეული. მონახეს გამოსავალი, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია“.
"ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პარლამენტმა თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა მაშინაც გამოჩნდნენ ოპონენტები, მაგალითად, ევროპის თვითმმართველობათა ასოციაციის ადგილობრივი ლიდერები, მათ შორის, ასოციაციის მაშინდელი პრეზიდენტი, მამუკა აბულაძე. პირველ რიგში, მიუღებელი იყო ტერიტორიული ერთეულების ხელახლა გადანაწილების პრინციპი, რაც, მისი აზრით, ბევრ გაუგებრობას გამოიწვევდა - მივიღებდით 160-170 მუნიციპალიტეტს, ამდენივე მუნიციპალური ცენტრით, შესაბამისად, გაზრდილი ბიუროკრატიით:
„მაშინ ჩვენ გადავრჩით, პოზიციაც და ოპოზიციაც. ავდექით მაშინ თვითმმართველობის ყველა ექსპერტი და მის უწმინდესობასთან მივედით, ავუხსენით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ რეფორმის შემოთავაზებულ პროექტზე ავტორებმა უარი თქვეს. წარმოიდგინეთ, ესენი [რეფორმის ინიციატორები] აპირებდნენ ოთხი თელავის შექმნას, ოთხი გარდაბნის შექმნას, ოთხი მარნეულის შექმნას, მაშინ როცა არ იყო გამიჯნული მიწები, არ იყო დადგენილი, თუ რომელი დასახლებული პუნქტი იქნებოდა შერჩეული ადმინისტრაციულ ცენტრად, რა სახელს დაარქმევდნენ ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტს - არ იყო არაფერი“.
ამავე დროს, მამუკა აბულაძის თქმით, თუ რეფორმაა, მაშინ, პირველ რიგში, ის გუბერნატორის ინსტიტუტის ანულირებით უნდა დაიწყო:
„გუბერნატორის ინსტიტუტის ქმედუუნარობა გამოჩნდა მაშინ, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ერთი წლის განმავლობაში მაშინდელი პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორები აღმოჩნდნენ სრულიად უფუნქციო, არაფრის გადამწყვეტი და განმხორციელებელი გუბერნატორები“.
აბულაძის თქმით, ერთადერთი, რისი უფლებაც დანიშნულ გუბერნატორს აქვს, ეს არის ზედამხედველობის ფუნქცია, მაგალითად, თვითმმართველ რუსთავზე, სადაც მერსაც და საკრებულოსაც ხალხი ირჩევს. გუბერნატორის ინსტიტუტი, აბულაძის აზრით, ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლია, რომელიც გადამხდელს კისერზე აწვება.