Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეკუთვნის, სინამდვილეში, რუსთაველთა საკარმიდამო ნაკვეთები?


ქვემო ქართლის ტერიტორია
ქვემო ქართლის ტერიტორია

რუსთაველები იაღლუჯის მთის დასავლეთ ფერდობზე გასულ საუკუნეში განაწილებული ნაკვეთების საკუთრებაში გადმოცემას ითხოვენ და აპირებენ შესაბამისი პეტიციით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართონ.

რუსთავში რეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჩვენ და სოფელი“ დაიწყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გასაგზავნ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, იაღლუჯის მთის დასავლეთ ფერდობზე მდებარე მიწის ნაკვეთების მოსახლეობისთვის დაკანონების მოთხოვნით. ცნობისთვის: რუსთავიდან ხსენებულ ნაკვეთებამდე, დაახლოებით, თხუთმეტი კილომეტრია.

აქ დავდიოდი მთელი ერთი წელი, კომკავშირზე რომ არის, მიწის მოწყობის....იქ დავდიოდი და ახლა გველებიაო, ზაფხულში არ წამიყვანეს, ჩემს გვერდით მეზობელს გაუფორმეს. თუ კაცი გყავს, მიხვალ, გაიფორმებ, თუ არა, დაკარგავ. ახლა, მის მერე, ცხრაჯერ ვიყავი და არაო, ჯერ არაო, სიცივეებიაო...
ეთერ მაზმიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მურმან ჩაფიჩაძე, რომელიც უშუალოდ აგროვებს ხელმოწერებს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ათასობით ოჯახი ვერ ახერხებს მათთვის უვადო მფლობელობაში გადაცემული ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრირებას, რადგან ეს ნაკვეთები, თავისი ნასახლარებით, ეკონომიკის სამინისტროს აქვს საკუთრებაში გადაცემული.

მისი ინფორმაციით, 1980-90-იან წლებში რუსთავის მოსახლეობაზე იაღლუჯის მთის ფერდობებზე განაწილებული 1334 ჰექტარი საერთო ფართობის 11 000-ზე მეტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული. ამის გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს საკუთრებაში რეგისტრირებას და ამ ნაკვეთების შესაბამისი დანიშნულებით გამოყენებას.

გასული საუკუნის ოთხმოც-ოთხმოცდაათიან წლებში განაწილებული ნაკვეთების მფლობელები ასევე ვერ ახერხებენ ისარგებლონ მიწის დაჩქარებული რეგისტრაციის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, ვინაიდან პროექტში მონაწილე ამზომველს არ გააჩნია შესაბამისი საკადასტრო ბაზა.

პეტიციაში წერია, რომ ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები შეგნებულად არღვევენ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიებს, რაც ასევე შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.
ერთ-ერთი ხელმომწერი, ეთერ მაზმიშვილი, ამბობს, რომ ერთი წელია, ცდილობს ნაკვეთის დაკანონებას, რომელიც მან 80-იან წლებში მიიღო:

დანგრეული შენობა, მარნეული
დანგრეული შენობა, მარნეული

„აქ დავდიოდი მთელი ერთი წელი, კომკავშირზე რომ არის, მიწის მოწყობის.... იქ დავდიოდი და ახლა გველებიაო, ზაფხულში არ წამიყვანეს, ჩემს გვერდით მეზობელს გაუფორმეს. თუ კაცი გყავს, მიხვალ, გაიფორმებ, თუ არა, დაკარგავ. ახლა, მის მერე, ცხრაჯერ ვიყავი და არაო, ჯერ არაო, სიცივეებიაო“.

კიდევ ერთი ხელმომწერი, გულნარა ბერძენიშვილი, ამბობს, რომ იაღლუჯის მთის ფერდობზე ორი ნაკვეთი მას და აწ გარდაცვლილ მის მეუღლეს გადასცეს, როგორც მრავალშვილიან ოჯახს:

„ჩვენ ავიღეთ „აზოტიდან“, 600 კვადრატული იყო. მერე, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, კიდევ მომცეს. ის მაქვს, იმის საბუთები მაქვს, მაგრამ ის, რომელიც ჩემს მეუღლეზე იყო გაფორმებული, დაიკარგა“.

სოფლები რომ იყო გაშენებული, მინდვრებად არის ქცეული. ავტობუსიც დადიოდა, ბოსტნეული მოგვყავდა, ხილი გვქონდა, დადიოდა ხალხი, დიდი სურვილით ამუშავებდა...
თამარ წიკლაური

გულნარა ბერძენიშვილის თქმით, იაღლუჯაზე მომცრო სახლიც ედგა, მაგრამ 90-იან წლებში ნაწილ-ნაწილ გაძარცვეს. თამარ წიკლაური კი იხსენებს, რომ ნაკვეთების მიმართულებით რუსთავიდან სპეციალურად დანიშნული ავტობუსი დადიოდა, ფერდობს სარწყავი წყალიც მიეწოდებოდა და მოსახლეობას ხილი და ბოსტნეული მოჰყავდა:

„სოფლები რომ იყო გაშენებული, მინდვრებად არის ქცეული. ავტობუსიც დადიოდა, ბოსტნეული მოგვყავდა, ხილი გვქონდა, დადიოდა ხალხი, დიდი სურვილით ამუშავებდა“.

პეტიციის ავტორები პრემიერ-მინისტრს შეახსენებენ, რომ ორგანიზაციამ „ჩვენ და სოფელი“, მოსახლეობასთან ერთად, არაერთგზის მიმართა ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც აღიარეს პრობლემის არსებობა. 2017 წლის ივნისში შეხვედრაც შედგა, ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმისა და მხარეთა ვალდებულებების მონახაზი, რაც შემდეგში უნდა დაზუსტებულიყო და გადადგმულიყო პრაქტიკული ნაბიჯები, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG