რუსეთის პრესაში აქტუალურია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. სტატიას ამ თემაზე რამდენიმე გამოცემაში წაიკითხავთ. მაგალითად, „კომერსანტში“ ვკითხულობთ გიორგი დვალის სტატიას, სათაურით „ევროპაში გამოჩნდნენ ‘ქართველი ევროპელები’“.
სტატიაში ბევრი ლაპარაკია „სიმბოლურ დატვირთვებსა“ და ხელმოწერამდე მიმდინარე დისკუსიაზე, თუ ვის ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის - პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს. სტატია ეძღვნება კონცერტს, რომელიც თბილისში, ევროპის მოედანზე, გაიმართა. ავტორი ხაზს უსვამს ამ ადგილის მნიშვნელობას და წერს 100 000 მოწამის შესახებ, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა „მორწმუნეები დაამშვიდა“ სიტყვებით: „აქ არაფერია შეურაცხმყოფელი, ვინაიდან მოწამეები საქართველოს ნათელი მომავლისთვის დაიღუპნენო“.
გიორგი დვალი აღწერს მომენტს, როდესაც კონცერტზე დამსწრე ადამიანებისთვის ევროკავშირის გერბგამოსახული მაისურებისა და კეპების დარიგება დაიწყეს. ავტორი წერს, რომ ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ახსენებს კონცერტის ერთ-ერთი დამსწრის ფრაზას: „აბა რა ევროპელები ჩვენ ვართ, ჩვრებისთვის ვიბრძვითო“.
სტატიაში ასევე ლაპარაკია პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაზე. გიორგი დვალს მოჰყავს რამდენიმე ციტატა გამოსვლებიდან. სცენაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას ჟურნალისტი წერს: „პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრებოდა ხელმოწერის ცერემონიას ბრიუსელში, თუმცა კონცერტზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა. მათ ერთმანეთს გაუღიმეს და ხელი ჩამოართვეს. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში საქართველო ერთ პოზიციაზე დგას, თუმცა პრემიერი და პრეზიდენტი ბოლომდე იბრძონდნენ შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებისთვის“.
სტატია სრულდება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების, ნინო ბურჯანაძისა და ჯონდი ბაღათურიას, კომენტარებით. ისინი შეთანხმების ზოგი დეტალის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას შეეხება „ნეზავისიმაია გაზეტაც“, თუმცა აქ გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია უშუალოდ შეთანხმებაზე და არა კონცერტზე, რომლითაც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირება აღნიშნეს. სტატიაში მოყვანილია ზურაბ აბაშიძისა და ალექსი პეტრიაშვილის კომენტარები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ასოცირების ხელშეკრულება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.
„კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი არ შეეწინააღმდეგება თბილისის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. აქვე ჟურნალისტი შენიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს მართლა ასეა, ამის შემდეგ კი მოჰყავს ალექსი პეტრიაშვილის განცხადებები, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან გარკვეული რეაქცია ამას მართლა მოჰყვეს, თუმცა საქართველომ თავის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე შეიმუშავა კონტრგეგმა ასეთი რეაქციის შემთხვევაში.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გარდა, რუსეთის პრესის ყურადღება აფხაზეთისკენაცაა მიმართული. „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს, რომ აფხაზეთში მცხოვრები 23 ათასი ადამიანი მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში. ლაპარაკია გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის მცხოვრებლებზე, ანუ აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებზე, რომელთა პასპორტიზაცია, როგორც ოპოზაცია აცხადებს, უკანონოდ მოხდა, ვინაიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონით დასაშვებია მხოლოდ აფხაზურ-რუსული ორმაგი მოქალაქეობა. დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მონაწილეობა ვერ მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც ასევე საქართველოს პასპორტი აქვთ.