Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს ჩიზბურგერის არ სჯერა


რუსეთის პირველი „მაკდონალდსის“ გახსნა
რუსეთის პირველი „მაკდონალდსის“ გახსნა

დმიტრი ბოიკო იხსენებს, რომ 25 წლის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა რიგში მოსკოვის ცენტრში მდებარე პუშკინის მოედანზე. იქ მაშინ რუსეთის პირველი „მაკდონალდსი“ გაიხსნა და მას, ისევე როგორც ათასობით სხვა ადამიანს, აინტერესებდა, თუ როგორი გემო ჰქონდა ჩიზბურგერსა და კარტოფილ ფრის. მას შემდეგ ის აქ ხშირად დადიოდა. 20 აგვისტოს კი, სამსახურიდან გამოსულს, „პუშკინის მოედნის მაკდონალდსი“ დახურული დახვდა,

„ვერც კი დავიჯერეო“, - ამბობს დმიტრი ბოიკო. ის ხომ აქ სულ რამდენიმე საათის წინ იჯდა. სამსახურიდან შესვენებაზე გამოვიდა ლანჩზე და აქ თევზის ფილეს სენდვიჩი ჭამა.

როდესაც ბოიკო სამსახურში მიბრუნდა, „როსპოტრებნადზორმა“ ბრძანა „მაკდონალდსის“ მოსკოვის ოთხი ფილიალის დახურვა. მიზეზად სანიტარული ნორმების დარღვევა დასახელდა. რა ნორმებზე იყო ლაპარაკი, განცხადებაში არ უხსენებიათ.

თუმცა, რუსეთსა და დასავლეთს შორის გაუარესებული ვითარებისა და ურთიერთსანქციების ფონზე, ბევრი მომხმარებლისთვის „მაკდონალდსის“ დახურვა პოლიტიკურ ნაბიჯად მოჩანს. დმიტრი ბოიკოც ამ აზრზეა. მით უმეტეს, რომ „მაკდონალდსის“ პუშკინის მოედნის ფილიალი ფასტ ფუდის რიგითი შენობა არ არის. ის ამბობს:

„პირადად მე „მაკდონალდსის“ დახურვის წინააღმდეგი ვარ. ეს პირველი „მაკდონალდსი“ იყო. აქ მაგის გამხსნელს ძეგლიც კი უნდა დაუდგა. ეს ხომ ალკოჰოლი არაა - ეს ცხოვრების ფხიზელი წესის ნაწილია!“

ეს პირველი „მაკდონალდსი“ მოსკოვში „პერესტროიკის“ დროს, 1990 წლის იანვარში, გაიხსნა. დასავლეთში მაშინ წერდნენ, საბჭოთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ახლა „თავისუფლების გემო“ გასინჯონო.

მას შემდეგ მოსკოვში „მაკდონალდსის“ კიდევ 115 ფილიალი გაიხსნა და ფასტ ფუდის გიგანტმაც პოლიტიკური სიმბოლოს როლი დაკარგა. „მაკდონალდსი“ დღეს რუსეთში იმავე როლს ასრულებს, რასაც მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში - სწრაფი და იაფი საკვებისა.

რადიო თავისუფლებას 65 წლის პენსიონერმა ნიკოლაიმაც შესჩივლა: ტვერსკაიაზე, სადაც ძვირი რესტორნები და მაღაზიებია განლაგებული, სხვაგან იაფად ვერც კი შეჭამო. ალბათ, ამიტომაცაა, რომ პუშკინის მოედნის „მაკდონალდსი“, თავად კომპანიის ვებსაიტზე განთავსებული ცნობის მიხედვით, „მაკდონალდსის“ ყველაზე ხალხმრავალი ფილიალია მსოფლიოში.

გაიგეს თუ არა, რომ „მაკდონალდსის“ ეს ფილიალი დაიხურა, 17 წლის იულიამ და პოლინამ მაშინვე პუშკინის მოედანს მიაშურეს. მათი სკოლა ორ ნაბიჯშია, ამიტომაც, ამობს იულია, ბევრი საათი აქვთ აქ გატარებული. იულია და პოლინა, როგორც წესი, ქათმის სენდვიჩსა და დიდ კოლას იღებდნენ ხოლმე და აქ თავს საკუთარ სახლ ში გრძობდნენ.

გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, „როსპოტრებნადზორი“ აპირებს მოსკოვის ყველა „მაკდონალდსში“ ჩაატაროს სანიტარული ინსპექცია, შემდეგ კი სანიტარულ ნორმებს რუსეთის სხვა ქალაქებშიც შეამოწმებენ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG