Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედროები ბელარუსში ყიდიან უკრაინაში ნაძარცვს


ბელარუსის მოსახლეობის თქმით, რუსეთის სამხედროები, რომლებიც უკრაინიდან ბელარუსის ტერიტორიაზე ბრუნდებიან, ხშირად სთავაზობენ მათ გასაყიდად უკრაინაში ნაძარცვ საქონელს.

ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გომელის ოლქს მოსკოვი პლაცდარმად იყენებს უკრაინაში ჯარების გასაგზავნად და ისევ დასაბრუნებლად.

გასულ თვეში ოლქის დედაქალაქ გომელის და რეგიონის სხვა ქალაქების მოსახლეობა იტყობინებოდა, რომ მორგები სავსე იყო უკრაინაში დაღუპული რუსეთის ჯარისკაცების გვამებით.

მათი თქმით, საავადმყოფოებიც გადავსებულია დაჭრილი რუსი სამხედროებით, ექიმები და მედპერსონალი იძულებული იყო, მხოლოდ მათთვის ემკურნალა.

უკანასკნელ დღეებში უკრაინისა და დასავლეთის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს კიევის მახლობელი პოზიციებიდან და სხვა ადგილებში განლაგდნენ, მათ შორის - დაბრუნდნენ ბელარუსში.

გომელიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მოზირის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ჰყვება, რომ ცა მთლად სავსე იყო რუსეთის თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით და რომ რუსი სამხედროები გამუდმებით ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეეთავაზებინათ საქონელი სამხედრო მარაგებიდან, მათ შორის - დიზელის საწვავი.

„მათ უკრაინაში ნაძარცვი ალაფი მოაქვთ და ცდილობენ, ადგილობრივ მოსახლეობას მიჰყიდონ ის. მაცივრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საბურავები და ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდებათ,“ უთხრა რადიო თავისუფლებას ილიამ, რომელმაც გთხოვა, მისი გვარი არ გაგვემხილა.

რუსეთის ტანკებით დატვირთული ბელარუსული მატარებელი. გომელი, 2022 წ. 30 მარტი.
რუსეთის ტანკებით დატვირთული ბელარუსული მატარებელი. გომელი, 2022 წ. 30 მარტი.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე გომელის მხარის მოსახლეობა იტყობინებოდა, რომ რუსეთის ჯარისკაცები, რომელთა ნაწილები ვითომ ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის გადაისროლეს ბელარუსში, მოსახლეობას განუწყვეტლივ სთავაზობდნენ გასაყიდად დიზელის საწვავს.

მოზირის კიდევ ერთი მაცხოვრებლის თქმით, რუსი ჯარისკაცების დიდი ჯგუფები იყრიდნენ თავს ქალაქის ბარებსა და მაღაზიებში, გარს ერტყმოდნენ და აწუხებდნენ ხალხს.

მაქსიმმა, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელი გაგვიმხილა, თქვა, რომ მის ნაცნობ კაცს, რომელსაც გრძელი თმები აქვს, შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცებმა, რომლებიც ცენტრალური რუსეთიდან ან შორეული ციმბირიდან იყვნენ.

„ამავე დროს მათ საშინელი სუნი ასდით. როცა მაღაზიაში შედიხართ, სუნით შეგიძლიათ გამოიცნოთ, რომ ისინი იქ არიან. არ მგონია, ისინი ტანს იბანდნენ,“ თქვა მაქსიმმა. „მეთაურები ნორმალურ პირობებში არიან... ჯარისკაცები კი ტყეში, კარვებსა და ფარდულებშიც კი ცხოვრობენ.“

„რუსები ისე იქცევიან, თითქოს სამყაროს ბატონები იყვნენ,“ დასძინა მან.

ბრაგის რაიონში, რომელიც 20 კილომეტრით არის დაშორებული უკრაინისკენ მიმავალი მთავარი გზიდან, გასულ კვირაში მოსახლეობა იტყობინებოდა ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სატვირთო მანქანების გრძელი კოლონების შესახებ.

ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის ჯარისკაცებმა მას მისცეს პროკლამაცია რუსულ ენაზე, რომლითაც, როგორც ჩანს, ცდილობდნენ პროპაგანდისტულად გაემართლებინათ უკრაინაში რუსეთის შეჭრა.

ბრაგინის მაცხოვრებლის თქმით, ეს პროპაგანდისტული პროკლამაცია რუსმა ჯარისკაცებმა მისცეს.
ბრაგინის მაცხოვრებლის თქმით, ეს პროპაგანდისტული პროკლამაცია რუსმა ჯარისკაცებმა მისცეს.

„ძვირფასო ამხანაგებო, მეგობრებო, ჩვენ არ გვჭირდება ომი! ჩვენ არ ვაპირებთ თავდასხმას და ქალაქების დაბომბვას. ჩვენ მოვედით არა უკრაინელ ხალხთან, არამედ ნაციონალისტებთან საბრძოლველად, რომელთა ხელით მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან,“ ეწერა პროკლამაციაში, რომელიც რადიო თავისუფლებას გააცნეს.

მდინარე პრიპიატზე მდებარე ქალაქ ნაროვლიისა და მისი შემოგარენის მაცხოვრებლები იტყობინებიან დიდი სამხედრო ბანაკების შესახებ, ასევე საველე ჰოსპიტალზე, სადაც დაჭრილ სამხედროებს მკურნალობენ.

მათი თქმით, ჯარისკაცების ცხედრებს პირდაპირ რუსეთში აგზავნიან სატვირთო მანქანებით ან მატარებლით.

„საველე ჰოსპიტალს გარედან რუსი ჯარისკაცები იცავენ, ფოტო რომ არავინ გადაუღოს,“ თქვა ნაროვლიის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. „იქ ძალიან დაბლა დაფრინავს ბევრი ვერტმფრენი. ბევრი მათგანი ქალაქის თავზე ტრიალებს.“

კიდევ ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ, რომელმაც ასევე არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება, თქვა, რომ ჯარისკაცები მაღაზიებში მთელს ალკოჰოლს ყიდულობენ.

„ერთხელ რუსმა ჯარისკაცმა არაყი და ღვინო აიღო. მერე მისი საბანკო ბარათი არ მოქმედებდა, ამიტომ წავიდა და ყველაფერი დააბრუნა,“ უთხრა წყარომ რადიო თავისუფლებას.

„მაგრამ, როგორც წესი, უბრალოდ ყველაფერს ერთად ყიდულობენ. და ძალიან ბევრ არაყს იღებენ. ასევე ‘სნიკერსს’, ფუნთუშებსა და სიგარეტს,“ დასძინა მან.

XS
SM
MD
LG