Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსოფობია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ მინიონი აცხადებს, რომ „იმედგაცრუებულია“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არ დაესწროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ აპირებს ოქტომბერში სტრასბურგში ჩასვლას მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე რუსეთის შესახებ იმსჯელებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე (1-5 ოქტომბერს) განიხილავენ ანგარიშს ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ეს ანგარიში შვიდი წლის განმავლობაში პირველად მომზადდა და ასახავს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო პერიოდს, დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის მთელ ვადასა და პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დასაწყისს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პირველივე დღეს, ანუ 1 ოქტომბერს, ასამბლეის წინაშე უნდა გამოსულიყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი, როგორც რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარე, და წაეკითხა მოხსენება ევროპაში პარლამენტარიზმის განვითარების პრობლემებზე.

მაგრამ ხუთშაბათს ნარიშკინმა გამოაცხადა, რომ არ ჩავა სტრასბურგში: „ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩემს ასეთ დიდ, სტრატეგიულ წინადადებებს ყურს არ ათხოვებენ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთა ნაწილი და რიგი რუსოფობი დელეგაციებისა. ინტერესი, როგორც ჩანს, სხვა რამისადმი ვლინდება“.

ნარიშკინს არ დაუზუსტებია, ვის მიიჩნევს „რუსოფობ დელეგაციებად“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე 2 ოქტომბერს უყრიან კენჭს რუსეთის შესახებ რეზოლუციას, რომლის პროექტშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული, მაგალითად პატიმრობის მისჯა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრისათვის. რუსეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს უფლებადამცველების დევნას, გამოიძიოს ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, აღკვეთოს ციხეებში პატიმრების მიმართ სისასტიკე, ნუ მიმართავს ძალას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.

რეზოლუციის პროექტი მოიცავს აგრეთვე მოწოდებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს - კერძოდ, გაუქმდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტით რომ არა მარტო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეა უკმაყოფილო, ჩანს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო უთრეითრობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსეი პუშკოვის განცხადებით. „აქ ნათქვამია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა გადავსინჯოთ ჩვენი კანონმდებლობა, გადავსინჯოთ დემონსტრაციების გამართვაზე უფლების გაცემისა და მათი ორგანიზატორების მიმართ სანქციების მიღების პრინციპები; უნდა გადავსინჯოთ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრისთვის სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი განაჩენი; გადავსინჯოთ კანონი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ; თავი შევიკავოთ იმ კანონის გამოყენებისგან, რომელიც ეხება ისეთი ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფების საქმიანობას, როგორიც არის „იეღოვას მოწმეები“, შევასრულოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებული რეზოლუციები, რომლებიც თავის დროზე საქართველოს მხარის მიერ იყო ინიცირებული, და რომელთა შესრულება ტოლფასია იმისა, რომ რუსეთს მოსთხოვო, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენობის აღიარებაზე“, - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

სწორედ პუშკოვი უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მას შემდეგ, რაც სტრასბურგში გამგზავრებაზე უარი თქვა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG