Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა 18 წლის კირბალელი დააკავეს


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსმა მესაზღვრეებმა, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ადგილობრივი მცხოვრები, 18 წლის უშანგი დოთიაშვილი დააკავეს. დოთიაშვილი სოფლის განაპირას ფიჩხს აგროვებდა, როცა რუსებმა დააკავეს და ჯერ სოფელ ღრომში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებულის მამა, არჩილ დოთიაშვილი, ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები სოფელთან ძალიან ახლოს ჩამოდიან, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვერ გაურკვევია, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი.

ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარით შეშფოთებულია. დაკავებულის დედის, მზია დოთიაშვილის თქმით, პოლიცია უკვე საქმის კურსშია. დედას დღეს უკვე შეატყობინეს, რომ მისი შვილი ცხინვალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი აცხადებს, პოლიცია მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებს, რომ ტყეში გასვლისგან თავი შეიკავონ, მაგრამ კირბალელები იქ შეშის დასამზადებლად მაინც მიდიანო. სუჯაშვილის თქმით, სამინისტრო უკვე მუშაობს იმისთვის, რომ დოთიაშვილი სწრაფად გაათავისუფლონ. დღეს კირბალში ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ჩავიდა და ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულ მოსაზღვრე სოფლებში პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ახალ ხელისუფლებას მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს როგორც კონფლიქტის ზონის მოსახლეობასთან, ისე მეორე მხარესთან.

სოფელ კირბალში ეს ადამიანის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ეს სოფელი გორის რაიონში ყველაზე საშიშ ზონად ითვლება - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე ხშირად ამ სოფლის მცხოვრებლებს აკავებდნენ. კირბალი ოსური სოფლის ღრომის სიახლოვესაა. ტყე, რომელიც ამ ორ სოფელს ყოფს, ამჟამად რუსი მესაზღვრეების მიერ არის ოკუპირებული. კირბალელები კი შეშას ყოველთვის ამ ტყეში ამზადებდნენ და ახლაც ბევრი მათგანი იქ რისკის ფასად მაინც შედის, რაც დაკავებებით სრულდება ხოლმე. დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება, სადაც ერთ-ერთი საკითხი კონფლიქტის ზონის მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებაა.
XS
SM
MD
LG