Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი დაკავებული კირბალის ტყეში


კირბალი
კირბალი
რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ კირბალის მცხოვრები გივი ჩხიკვაძე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ჯერ ღრომში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ჩხიკვაძე სოფლის მიმდებარე ტყესთან ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. დაკავებულის მეუღლემ ნინო ჩხიკვაძემ საკუთარი თვალით იხილა, როგორ გამოიყვანეს სამხედროფორმიანმა პირებმა მისი ქმარი ტყიდან და ღრომის მიმართულებით წაიყვანეს. დაკავებულს სოფელი ვერაფრით დაეხმარა.

კირბალელები აცხადებენ, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირად ტყიდან გამოდიან და სოფლის სიახლოვეს პატრულირებენ. ადგილობრივი მცხოვრები ოთარ თაყაძე ამბობს, რომ ჩხიკვაძე ტყეში არც შესულა და იქვე, სოფლის განაპირას აგროვებდა ფიჩხს. მისი თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად სოფელში ადამიანების დაკავება სულ უფრო ხშირად ხდება, მესაზღვრეები კი სოფლის ტყეს, სალოცავს, სასაფლაოს და წყალსაც დაეპატრონნენ.

კირბალელები ვერ იგებენ, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი და რატომ შემოდიან რუსი მესაზღვრეები ხშირად სოფლის სიახლოვეს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული როინ ზაუტაშვილი აცხადებს, რომ, მიუხედავად გაფრთხილებისა, კირბალელები ტყეში რისკის ფასად მაინც გადიან. ზოგს უმართლებს, ზოგს კი მესაზღვრეების პატრული აკავებს.

თვე ისე არ გავა, რომ კირბალიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ვინმე არ დააკაონ. ცოტა ხნის წინ ამავე სოფლის მცხოვრებლები გოგი პაპიტაშვილი, აკაკი და გიორგი აბალაკები დე ფაქტო ხელისუფლებამ თვეზე მეტხანს ამყოფა ცხინვალის ციხეში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრა ერგნეთში 17 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG