Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი და ქართველი პოლიტოლოგების გზავნილები ქართულ-რუსული სამოქალაქო დიალოგიდან


ტატიანა ხრულევა პეტერბურგიდან მოსკოვში ქართველ კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდა. იგი საინფორმაციო სააგენტო „როსბალტში“ მუშაობს. მისი აზრით, ქართულ-რუსული სამოქალაქო დიალოგის ერთ-ერთი მიზანი როგორც რუსული, ისე ქართული საზოგადოების ობიექტურად ინფორმირებაა. ხრულევა ამბობს, რომ მხარეებს შორის ურთიერთგაგებას ნდობის აღდგენა მოჰყვება.

გასულ კვირას მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზოგადოებრივ პალატაში, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში. რუსმა პოლიტოლოგებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი გზავნილი გააკეთეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ. საკუთარი გზავნილები ჰქონდა ქართულ დელეგაციასაც. მოსკოველი პოლიტოლოგების აზრით, კრემლს აშფოთებს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის ამოქმედების იდეა, ცენტრისა, რომელიც მომავალში შესაძლოა სამხედრო ბაზად იქცეს. ევროკავშირთან უკრაინისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას უკვე ევროკავშირის ექსპანსიას უწოდებენ. მათი თქმით, ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც უკრაინასთან ხელშეკრულება გაფორმდა. საერთოდ, ამ ერთკვირიანი შეხვედრების დროს უფრო ხშირად ისმოდა განცხადებები უკრაინის კრიზისის შესახებ, ვიდრე საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პერსპექტივის თაობაზე. რუსი ექსპერტები ქართველ კოლეგებს ხაზგასმით მიანიშნებდნენ, რომ დღეს უკრაინის პრობლემა რუსეთისთვის ნომერ პირველი საკითხია, საქართველოზე კი სულ უფრო ცოტას ლაპარაკობენ. ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგების ახალ ხედვასაც ახმაურებდა. მათი აზრით, საქართველომ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, შევიდეს ევრაზიულ კავშირში და შექმნას ერთიანი კავკასიური ეკონომიკური რეგიონი, რაც კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

ქართველმა პოლიტოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ უკვე გააკეთეს და მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტის განხილვა შეუძლებელია. რუსეთის პოლიტოლოგების მიერ ყველაზე ხშირად ისმოდა ფრაზა „წითელი ხაზები, რომლებიც ნატომ და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში უკვე გადაკვეთა და კრემლი ამას ვერ შეეგუება“. მათი აზრით, დასავლეთი უკრაინის კრიზისს ხელოვნურად აღრმავებს, ამერიკის ინტერესში კი შედის რუსეთში ხელისუფლების შეცვლა ფერადი რევოლუციის გზით. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში გამოსვლისას პოლიტოლოგმა ტიმოფეი ბორდაჩევმა აღნიშნა, რომ 90-იანი წლების შემდეგ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აღარ ენდობა, რომელმაც ნატოს გაფართოების შესახებ რუსეთთან დადებული პირობა რამდენჯერმე დაარღვია, ხოლო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ სანქციებს იგი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უწოდებს.

მოსკოვში იყო შეხვედრები იმ ანალიტიკოსებთანაც, ვინც უფრო მეტად შეხების წერტილებს ეძებს ქართველ კოლეგებთან, ვიდრე რადიკალურ პოზიციებს გამოხატავს. ქართულ-რუსული დიალოგის 2-წლიანი დინამიკის შესახებ საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს მოსკოვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი სერგეი ტასიცი. მისი თქმით, თავიდან მხარეები უნდობლად იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, მოგვიანებით ერთმანეთის დარწმუნებას ცდილობდნენ, ახლა კი კონსტრუქციულ გარემოში აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მხარეებს საშუალება აქვთ ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღონ და მხოლოდ სატელევიზიო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ცნობებს არ დაეყრდნონ. ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ტონი საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შერბილებულია.

პოლიტოლოგ ევგენია მახმუტოვას აზრით, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ფიქრობს, რომ ასეთ შეხვედრებზე ადამიანებმა შეიძლება ახლიდან აღმოაჩინონ რუსეთი ან საქართველო.

ეკონომიკის ექსპერტ რამაზ გერლიანის აზრით, იმ დროს, როცა რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ეცემა, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და აითვისოს რუსული ბაზარი.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების შეხვედრა ერთი კვირას გრძელდებოდა. ამ ფორმატის ორგანიზატორები თბილისში კავკასიური სახლი, მოსკოვში კი ალექსანდრ გორჩაკოვის ფონდია.

XS
SM
MD
LG