საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – სტრატეგიულ მოკავშირეებად არიან მოხსენიებული რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში, რომელშიც რუსეთი მსოფლიოს ძლევამოსილ სახელმწიფოდ არის გამოყვანილი. ამასთან, პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების წყაროდ არიან განხილული: აშშ, ნატო და ევროკავშირი. რისი თქმა სურს მოსკოვს და რა სიგნალებს შეიცავს ეს დოკუმენტი საქართველოსთვის?
ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებს, სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ამოცანებს განსაზღვრავს, რუსეთს ავალდებულებს „განიმტკიცოს“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სტატუსი, რაც, დოკუმენტის თანახმად, უნდა მოემსახუროს „სტრატეგიული სტაბილურობის და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მხარდაჭერას პოლიცენტრულ მსოფლიოში“.
ასეთი მიზნების ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში აშკარად იგრძნობა მოსკოვის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. კვლავაც აშკარაა, რომ რუსეთი მისდამი აგრესიის გამოვლინებად მიიჩნევს ნატოს გაფართოების სტრატეგიას და ალიანსს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში სდებს ბრალს. ამასთან, მოსკოვი მოითხოვს, რომ სამხედრო- პოლიტიკური დაგეგმარების დროს ნატომ გაითვალისწინოს მოსკოვის „კანონიერი ინტერესები“. ახალი სტრატეგიის თანახმად, აშშ და მისი მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოებას და ეს განპირობებულია მსოფლიო საქმეებში მათი დომინანტური როლის შენარჩუნებისკენ სწრაფვით. სტრატეგიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის პოლიტიკა ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ არის მიმართული და რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიზანმიმართულად დაუჭირეს მხარი „ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას“ უკრაინაში, რაც, საბოლოოდ, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. დოკუმენტის ტექსტში, მაგალითად, ნათქვამია ასევე, რომ მიგრაციული ნაკადების გააქტიურებამ ევროპაში (აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან) გამოავლინა უძლურება ევროატლანტიკური უსაფრთხოების რეგიონალური სისტემისა, რომელიც ეფუძნება ნატოსა და ევროკავშირს.
უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ტექსტში საქართველო არც მტრებშია მოხსენიებული და არც მეგობრებში, მაგრამ, სამაგიეროდ, სტრატეგიულ მოკავშირეებად არიან მოხსენიებული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები:
„ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკისთვის. რუსეთი ავითარებს რეგიონალური და სუბრეგიონალური ინტეგრაციის პოტენციალსა და კოორდინაციას დსთ-ს სივრცეში, ამ თანამეგობრობის ჩარჩოებში და ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სივრცეში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში, ასევე მოკავშირე სახელმწიფოს სტატუსით, რაც ხელს უწყობს საერთო მდგომარეობის სტაბილურობას რეგიონებში, რომლებიც ესაზღვრებიან დსთ–ს ქვეყნებს, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“.
რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გაცნობისას, დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ტექსტი გამსჭვალულია „ცივი ომის სულისკვეთებით“ და რომ მოსკოვი სწორედ ამ ჭრილში ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას. ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხსენება ანალიტიკოსისთვის იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი არც კი ფიქრობს გადახედოს მიდგომებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ:
„ის განცხადება, რაც გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა (გასული წლის) შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე – რომ თქვენ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთში ისაუბრეთ და ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ თქვენს გადაწყვეტილებას – ეს წინააღმდეგობაში მოდის ამ დოკუმენტში (რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში) ასახულ პოსტულატებთან, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ორ რესპუბლიკასთან (და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოიაზრება როგორც სუვერენული სახელმწიფოები) ყველანაირი ურთიერთობის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას რუსეთის საგარეო პოლიტიკაში“.
აგრესიული მიდგომების ფონზე, როცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, რუსეთი კვლავაც ვერ ელევა „ევრაზიული კავშირის შეკოწიწების იდეას“, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე ჰმართებს, რათა საქართველო მოსკოვის მიერ არ იქნეს აღქმული მტრულ სახელმწიფოდ და ამ კონტექსტში, ანალიტიკოსის აზრით, გარკვეულწილად გამართლებულია ურთიერთობების გაუმჯობესების პოლიტიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წამოიწყო და რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების პოლიტიკის კრიტიკოსთა შორის არის, მაგალითად, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე, რომელსაც სწორედ ამ პოლიტიკის მარცხის კიდევ ერთ გამოვლინებად მიაჩნია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია:
„მართალია, შევარბილეთ რიტორიკა, ვითანამშრომლეთ რუსეთთან სოჭის ოლიმპიადის დროს და გადავდგით კიდევ არაერთი ნაბიჯი, მაგრამ ვერ მივიღეთ შედეგი, რომლის მიღებასაც ჩვენ ვისურვებდით... და ეს ბუნებრივია, რადგანაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ის არ წაიღებს უკან აღიარებას და, მეორე, კავკასიაში შეიქმნა ახალი რეალიები, რასაც საქართველო უნდა შეეგუოს. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის ამ რეალიების იმპლემენტაციის მცდელობა... აშკარაა, რომ ეს რეგიონები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და წარმოადგენს ერთგვარ სამხედრო ფორპოსტს კავკასიონის ქედის სამხრეთით, სომხეთის სამხედრო ბაზებთან ერთად, და ქმნის ერთიან ჯაჭვს, რომლითაც რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას რეგიონში“.
რუსეთის ქმედებები წარმოადგენს პრობლემას შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, როცა ის ორშაბათს პასუხობდა მედიის შეკითხვებს რუსეთის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით. გენერალი დანფორდი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიერ ამ დოკუმენტში გამოხატული პოზიცია არ ცვლის მის წარმოდგენებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით.
ამ უცვლელ წარმოდგენებს კი ქმნის რუსეთის ხელთ არსებული ბირთვული თუ სხვა სახის იარაღი და მისი დამოკიდებულება შეერთებული შტატების პარტნიორების მიმართ. ითქვა ასევე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში აიძულებს ვაშინგტონს სერიოზულად მიუდგეს მოსკოვის სამხედრო პოტენციალს. მიუხედავად ამისა, ჯოზეფ დანფორდის თქმით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა მან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ის ორჯერ ესაუბრა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და აპირებს, რომ რუს კოლეგასთან მუდმივი კავშირი სამომავლოდაც იქონიოს.