Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-სომხეთის სამხედრო ერთობა და საქართველო


სერჟ სარქსიანი და ვლადიმირ პუტინი
სერჟ სარქსიანი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთი და სომხეთი ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას ქმნიან. შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ორი ქვეყნის შეთანხმება ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზეა, თუმცა ტექსტი უკვე იწვევს ანალიტიკოსთა უკმაყოფილებას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. რის გაკეთებას აპირებს რუსეთი ძალების გაერთიანებით სომხეთთან და მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ინტერესების ხელყოფა?

გადმოწერა

ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. ერთგვერდიანი დოკუმენტი გვატყობინებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს სომხეთთან ერთად ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის ინიციატივას, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის ერევანსა და მოსკოვს შორის. შემდგომი ნაბიჯების გადადგმას რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვისა და საგარეო უწყებებისგან მოელის:

„დაევალოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გამართოს მოლაპარაკებები სომხეთის მხარესთან და, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციის სახელით“.

როგორც უკვე ითქვა, რუსეთსა და სომხეთს შორის ჯერჯერობით დეტალები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, მაგრამ რუსულენოვანი მედია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც მთავრობამ გადაუგზავნა პრეზიდენტს, მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კავკასიის რეგიონში. ტექსტის თანახმად, დაჯგუფება უზრუნველყოფს ადეკვატურ რეაგირებას შეიარაღებული თავდასხმის (აგრესიის) დროს, ასევე მხარეთა სხვა გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ეს სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი განვითარდება ისეთი სცენარი, როდესაც რუსეთს დასჭირდება დერეფნის გაჭრა საქართველოს გავლით თავისი სამხედრო თუ სამოქალაქო ტვირთების გასატარებლად იმ შემთხვევაში, თუკი კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში...
ზაალ ანჯაფარიძე

სომხეთისა და რუსეთის ახალ გადაწყვეტილებას ექსპერტთა წრეებში ძირითადად უკავშირებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და ბაქოს მიერ მრავალგზის დეკლარირებულ სურვილს ნებისმიერ ფასად დაიბრუნოს ეს ტერიტორია. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ერთობლივი დაჯგუფების შექმნით რუსეთი სომხეთის მხარდაჭერასა და, გარკვეულწილად, დამშვიდებასაც ცდილობს, რადგანაც, მაგალითად, ახლო წარსულში რუსეთმა დიდი რაოდენობის იარაღი მიჰყიდა აზერბაიჯანს, რაც ბუნებრივად გამოიწვევდა სომხეთის უკმაყოფილებას.

ახალ ინიციატივას დიდწილად სწორედ ყარაბაღის საკითხს უკავშირებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზეც ლაპარაკობს:

„ეს სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი განვითარდება ისეთი სცენარი, როდესაც რუსეთს დასჭირდება დერეფნის გაჭრა საქართველოს გავლით თავისი სამხედრო თუ სამოქალაქო ტვირთების გასატარებლად იმ შემთხვევაში, თუკი კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში... გარდა ამისა, ასეთი მსხვილი სამხედრო დაჯგუფების შექმნა ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე, ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებითაც ზრდის საფრთხეებს. ეს ცალსახაა“.

რუსეთისა და სომხეთის ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა აზერბაიჯანს რომ არაფრით გაახარებს, ეს ბევრისთვის არის ნათელი, მაგრამ იდეას მოწინააღმდეგეები სომხეთშიც ჰყავს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ერევნელმა პოლიტოლოგმა რუბენ მეგრაბიანმა, სომხეთის ეკონომიკის ხელყოფისა და ევრაზიულ კავშირში „ძალით შეყვანის“ შემდეგ, რუსეთმა ახლა უკვე ქვეყნის სუვერენიტეტის „ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბასტიონს“, სომხეთის არმიას, წაატანა ხელი. კომენტარში ნახსენებია საქართველოც:

„ეს არის, ასე ვთქვათ, (რუსეთის) საპასუხო ნაბიჯი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების გამო და რუსეთი მიზნად ისახავს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას რეგიონში. ეს კი სომხეთის სუვერენიტეტის ხარჯზე კეთდება... გასაგებია, რომ ამ ეტაპზე სომხეთის მთავრობაში ვერავინ შეეწინააღმდეგება მოსკოვის ასეთ უღირს წინადადებას და ერევანი იტყვის, რომ ახალი გადაწყვეტილება შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთის ინტერესებთან“.

ჩვენ 2008 წელს არცთუ მარტივი მოვლენების გადალახვა მოგვიხდა და ჩვენ არ გვსურს, რომ კავკასიაში იგივე მოვლენები განმეორდეს...
დმიტრი მედვედევი

რუბენ მეგრაბიანი დარწმუნებულია, რომ ახალი დაჯგუფება მიზნად არ ისახავს სომხეთის მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის საკითხთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ მალავს დაუძლეველ სურვილს დაიბრუნოს მთიანი ყარაბაღი. ამის თქმის საშუალებას კი სომეხ პოლიტოლოგს აძლევს რუსეთ-სომხეთის შეთანხმების პროექტის ტექსტში არსებული წინადადება, რომ მომავალი დაჯგუფება მიმართული არ იქნება რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

რუბენ მეგრაბიანის სიტყვები მიანიშნებს, რომ სომხეთი მეტს მოელოდა რუსეთისგან. ეს მოლოდინი განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოჩნდა 2010 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა 2044 წლამდე გაახანგრძლივა თავისი სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის ქალაქ გიუმრიში. ამ შეთანხმებას რუსეთის იმდოინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და მისმა სომეხმა კოლეგამ სერჟ სარქსიანმა 20 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ითქვა, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებას დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება და რომ ამით კიდევ უფრო გამყარდება რუსეთის სამხედრო პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. მართალია, ეს საკითხი პირდაპირ არ დაუკავშირებიათ საქართველოსთვის, მაგრამ როდესაც რუსეთის ბაზის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც გაიხსენა:

ჩვენ 2008 წელს არცთუ მარტივი მოვლენების გადალახვა მოგვიხდა და ჩვენ არ გვსურს, რომ კავკასიაში იგივე მოვლენები განმეორდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG