ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკური ვითარება იყო 29 იანვრის მთავრობის სხდომის ძირითადი თემა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით „განსაკუთრებული არაფერი ხდება“. ის სიტყვასიტყვით იმეორებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ლარის კურსთან დაკავშრებით 28 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებს. პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი იმასაც ამბობს, რომ 2015 წელი საქართველოსთვის „მაინცდამაინც დალხენილი ვერ იქნება“. როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერთა განცხადებებს ეკონომისტები?
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით და სიტყვებით, ლარი ძალიან კარგად და ჯანსაღად იქცევა. ეს მან 28 იანვარს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა ისიც თქვა, რომ თუკი ლარის კურსის ვარდნამ იმ ადამიანებს, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვთ, პრობლემები შეუქმნა, ეს გარკვეულწილად ამ ადამიანების უცოდინრობის ბრალია:
„ეს არის ბიზნესპროცესი და, თუ ისინი ამ პროცესში ვერ ერკვევიან, მათ უნდა დაიქირაონ სპეციალისტები და რჩევა მიიღონო“, - ასე დაარიგა ივანიშვილმა მოსახლეობა და გააგრძელა ლაპარაკი იმაზე, რომ ლარი კარგად იქცევა: „ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ძალიან ჯანმრთელად. მოგონილი თემაა ეს. არავითარ ტვირთად არ აწევს ეს პროცესი საზოგადოებას. ეს ფასებზე არ ასახულა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს იმას, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ჯანმრთელი პროცესია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ეს ასახვას პოვებს ლარზეც“.
ყოფილ პრემიერს მომდევნო დილითვე დაეთანხმა საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხდომაზე თქვა, ლარის კურსთან დაკავშირებით "განსაკუთრებული არაფერი ხდებაო". მისი თქმით, მან გამართა შეხვედრები ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან, იმსჯელეს და მიმოიხილეს რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში არსებული ვითარება და დაასკვნეს, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება:
„ლარის დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ ეს არის გამოწვეული რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. და ფასების საშუალო დინამიკას აკონტროლებს, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებისა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, მისი გუნდის წევრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ სწორედ ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია რიგ მედიკამენტებზე ფასების მატება:
„რიგი დასახელების მედიკამენტებზე ფასები მართლაც გაზრდილია. პროცენტები სხვადასხვაა. ძირითადად ეს პროცესი დაკავშირებულია, მე ვფიქრობ, ლარის კურსის ცვლილებებთან“, - ამბობს დავით სერგეენკო.
მართალია, ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები ამბობენ, რომ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით „განსაკუთრებული არაფერი ხდება“ და ეს არ აისახება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და, მეტიც, ეს „მოგონილი თემაა“, ამ განცხადებების პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 29 იანვრის სხდომაზე ისიც თქვა, რომ ეს წელი, ანუ 2015 წელი, მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამ ფონზე, მან მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისაკენ მოუწოდა.
„ლარი ჯანმრთელად კი არა, ავად არის“, - აი, ასე ეხმაურება ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრების განცხადებებს ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომისტი ლევან კალანდაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გაურბის რეალობას და ცდილობს მხოლოდ ზედაპირული შეფასებებით გადაფაროს ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ამ პროცესს მოყოლილი ფასების მოსალოდნელი ზრდის პრობლემა. როგორც ლევან კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ლარის გაუფასურება მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკას აქვს სერიოზული პრობლემა და, კურსის ვარდნასთან ერთად, შორს არ არის ფასების ზრდის პროცესის დაწყება:
„ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70 % იმპორტულია. ეს ნიშნავს იმას, რომ, ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ავტომატურად იზრდება ამ პროდუქციის ფასი, რადგან ეს ფასი დოლარშია დაფიქსირებული და, შესაბამისად, პირდაპირ აისახება ნეგატიურად საცალო ქსელში არსებულ ფასზე. ყოველთვიურად ცხოვრების 20 და 30-ლარიანი გაძვირება არის მნიშვნელოვანი პრობლემა. თან არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: საზოგადოებამ არ იცის, რა იქნება ხვალ. ხელისუფლებამ ვერა და ვერ გასცა პასუხი მოსახლეობას იმაზე, თუ როგორი იქნება ლარის კურსი ხვალ და უახლოეს პერიოდში“, - ამბობს ეკონომისტი.
ლარის კურსის ვარდნას ლევან კალანდაძე, პირველ რიგში, უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანას სავალუტო წყაროებიდან შემოსავლები შეუმცირდა. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებზე, ტურისტულ შემოსავალზე. მკვეთრად გაუარესდა ექსპორტ-იმპორტის სალდო. მისივე აზრით, ამ პროცესს დაემატა სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის შიგნით არსებული არათანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის წარმოება, რაც ზრდის ლარის მოცულობას მიმოქცევაში. ლევან კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია პირობა და გასული წლის ბოლო თვეში დეფიციტური ხარჯვა განახორციელა.
სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორს მიიჩნევს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძეც, თუმცა ის ასევე აქცენტს აკეთებს საგარეო ფაქტორებზე:
„ლარის შესუსტება დოლართან მიმართებაში პირადად მე ვთვლი, რომ გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით, რომლის შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში შემცირებულია ფულადი გზავნილები, ექსპორტი და ა.შ. და თუ ამას დავამატებთ დეკემბრის მეორე ნახევარში განხორციელებულ საბიუჯეტო ხარჯებს, ასევე იანვარში გაცემულ საკმაოდ მოცულობით რეფინანსირების სესხებს, ეს ის შიდა ფაქტორებია, რომელმაც ასევე ხელი შეუწყო ლარის შესუსტებას“.
ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ რამდენიმე პროექტზე ისაუბრა 29 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. როგორც ის ირწმუნება, მთავრობამ ინვესტორებისათვის მოამზადა რამდენიმე საინტერესო პაკეტი, რომელიც მათ ქვეყნის ცალკეულ რაიონში ინვესტიციების ჩასადებად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის. ამასთან, მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ელექტრონულივიზის ამოქმედება, რაც გაამარტივებს ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას.