Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადავარჩინოთ თხილის მოსავალი


თხილის პლანტაცია
თხილის პლანტაცია

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურებულია. თხილი აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ თხილნარები დროულად არ შეიწამლა, რის გამოც ხალხმა დიდი ზარალი ნახა. სურსათის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ნაკვეთებს ახლაც წამლავენ, ხოლო რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, მათ წინააღმდეგ უშუალოდ ფერმერებმა უნდა მიიღონ ზომები.

როგორ გადავარჩინოთ თხილის მოსავალი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00
გადმოწერა

„თხილი მიწაზე ყრია და არც აგროვებენ“, - ამბობს ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, რომელსაც თხილის მოსავალი წელს სხვებივით გაუფუჭდა.

„გაფუჭებილია, დამპალია, ხელს ვერ მოკიდებ, ისეთია, ჭამაც კი არ შეიძლება. მოსახლეობა ელოდებოდა, რომ იანვარში შეწამლავდნენ, მაგრამ ახლა შეწამლეს, როცა უკვე ჩამოყრილი იყო თხილი. აზრი აღარ ჰქონდა მის შეწამვლას“.

მისივე თქმით, როდესაც მოგროვებული თხილი გასაყიდად მიაქვთ, კილოში მხოლოდ 50 თეთრს ან ლარს იძლევიან, რადგან ძალიან უხარისხოა.

„მაგალითად, ჩემი სოფელი რომ ავიღოთ, საწყალი ხალხი ამის იმედზე იყო. წინასწარ გაყიდულიც რამდენს აქვს, ზამთარში რომ გაყიდა 2 ლარად, ფული სჭირდებოდათ. ახლა ერთი კილოც ვერ მოწყვიტეს ხეზე“.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომი, რევაზ შონია, ამბობს, რომ მოსავალი, აზიური ფაროსანას გარდა, სოკოვანმა დაავადებებმაც გააფუჭა, ამას დაემატა ცუდი ამინდიც.

„მაისში დასავლეთის რეგიონში საშუალოდ 100 მმ ნალექი მოდიოდა, ახლა 243 მმ მოვიდა. საჭიროა კომპლექსური წამლობა აზიური ფაროსანა პლუს სოკოვანი დავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით“.

მაია მიქავა, რომელსაც ზუგდიდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ცენტრი აქვს, ამბობს, რომ მოსავლის დიდი წილი გაფუჭდა ზღვისპირა რეგიონებში, მთიან ზოლში კი შედარებით გადარჩა.

„ვხედავთ, რომ გურიაში უფრო ნაკლებია დაზიანება, მაგრამ სამეგრელოს ზღვისპირა ზოლში, მაგალითად: დარჩელი, ორსანტია, კოკი, ანაკლია, ერგეტა... მოსავლის მინიმუმ 70 პროცენტი დაზიანებულია“.

მაია მიქავა ამბობს, რომ დაავადება სოკოვანია და ძალიან ადვილად ვრცელდება, რადგან ქარს ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. დაავადება ორი წლის წინ გამოჩნდა და რადგანაც დროულად არ უწამლეს, ეპიდემიად იქცა. მიქავას თქმით, თუ თხილნარები ახლაც არ შეიწამლა, დაავადება იმ მთიან ზოლსაც მიაღწევს, რომელსაც ამჯერად ნაკლებად შეეხო. ის ლაპარაკობს უშუალოდ ფერმერების პასუხისმგებლობაზეც:

„თითოეული ფერმერი, რომელსაც პლანტაცია აქვს, ამ პლანტაციას უნდა უვლიდეს. მე არ მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, სახელმწიფომ რატომ არ შეუწამლაო. ეს არის ფერმერის ბიზნესი და ბიზნესს უნდა მიხედოს“.

სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში და აჭარაში 53 ათასი ჰა არის უკვე დამუშავებული. ამ ღონიძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აზიური ფაროსანას პოპულაცია...
ზურაბ ჩეკურაშვილი

თუმცა მაია მიქავა იქვე ამბობს, რომ ეს დაავადება საქართველოსთვის ახალია და ფერმერებს მასთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, თხილის მოვლა ჰექტარზე, დაახლოებით, 700 ლარი ჯდება, რაც მოსავლისგან მიღებული თანხის კვალობაზე ბევრი არ არის. ამ თანხაში იგულისხმება არა მხოლოდ შეწამვლა, არამედ მცენარის მოვლის სხვა ღონისძიებებიც. მიქავა აცხადებს, რომ თუ ფერმერი სათანადო ხარჯს გასწევს, უფრო კარგ და ხარისხიან მოსავალს მიიღებს და, შესაბამისად, ეს ფულიც აუნაზღაურდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ, აზიური ფაროსანა არა მარტო თხილისთვის, არამედ, ზოგადად, ყველაფრისთვის არის სახიფათო, რასაც ნაყოფი აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია, განმარტავს:

„ეს მავნებელი იმიტომ არის საშიში და ვერაგი, რომ ის „ნაყოფის მავნებელია“. ახლა სიმინდზე გადავიდა, შემდეგ გადავა კარალიოკზე, ხურმაზე და ასე შემდეგ“.

აზიურ ფაროსანაზე ლაპარაკობს ფერმერი ბესიკ სორდიაც:

„კარალიოკთანაც მიდის, ვაშლთანაც. ვაშლი დაისუსხება, სადაც ჩაარჭობს ნისკარტია თუ რაღაც ჯანდაბაა, იმ ადგილას ხორკლივით უჩნდება, აფუჭებს, მლაშე გემო აქვს. ანდა ვინ ჭამს მაგას?! ცვივა. ხილის სახეობა რაც იყო, თხილიდან დაიწყო და მერე ყველას მიადგა“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი, ამბობს, რომ ამჯერად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები მასობრივად ტარდება.

„სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში და აჭარაში 53 ათასი ჰა არის უკვე დამუშავებული. ამ ღონიძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აზიური ფაროსანას პოპულაცია“.

ეს, რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მაგრამ სოკოვან დაავადებებთან გამკლავება ისევ მოსახლეობის საზრუნავი რჩება. ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ სოკოვან დაავადებებს სახელმწიფო პროგრამები არ ეხება. რაც ეხებოდა, ეს იყო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომელიც ზაფხულში დაიწყეს.

„მაგრამ აზიურ ფაროსანამდე საჭირო იყო სამი წამლობის ჩატარება, რაც მოსახლეობის ვალდებულებაა. შეუძლებელია დიდ ფართობზე ერთ კვირაში სახელმწიფომ ჩაატაროს რამდენიმე მავნებლისა და დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიება. ამიტომ ადრე გაზაფხულზე სამი წამლობა ვინც ჩაატარა, მან მოსავალი შეინარჩუნა. ამის მაგალითები გვაქვს სოფელ კახათში, დარჩელში და სხვადასხვა ადგილას“.

მისივე თქმით, ამ სამ წამლობაში შემდეგი ღონისძიებები იგულისხმება: პირველი წამლობა ტკიპის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს, მეორე - სოკოვანი დაავადებების, მათ შორის, ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, ხოლო მესამე, კომბინირებული წამლობა, სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ ასევე აუცილებელია ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა, ხმელი ტოტების მოშორება, დამპალი ფოთლების გატანა და ასე შემდეგ, რადგან ამ ფოთლებში სოკო ადვილად იბუდებს. ის ასევე ამბობს, რომ თუ ფერმერმა თავისი კუთვნილი ნაკვეთი საფუძვლიანად დაამუშავა, მეზობლების მიწებზე დაბუდებული დაავადებები მას ვერ დააზარალებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG