როგორ ვებრძოლოთ ძალადობას, რა უფრო ეფექტურია - დანაშაულის პრევენცია თუ მოძალადის დასჯა, როგორ დავიცვათ მოზარდები ძალადობისგან და რა პრევენციული ღონისძიებებია ამისთვის საჭირო, რა იწვევს ოჯახურ ძალადობას და როგორ ვებრძოლოთ მას - ამ თემებს მიეძღვნა რუსთავში ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა.
3 ნოემბერს რუსთავის მერიის სააქტო დარბაზში თავი მოიყარეს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა და ქვემო ქართლის რაიონულმა პროკურატურებმა, პრობაციის სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი საბჭოს დაფუძნება და თავად ამ საბჭოს პრეზენტაცია იყო.
ნინო ცაციაშვილი, პროექტის კოორდინატორი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი, ამბობს, რომ ადგილობრივი საბჭოს ერთ-ერთი მიზანია დანაშაულებათა პრევენციის კუთხით ინიციატივების შემუშავება, ასევე ამ მიმართულებით სამართალდამცველი ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება. საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოჯახური ძალადობის პრევენცია იქნება, რასაც რუსთავის რაიონული პროკურორი კოტე სირაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან, მისი თქმით, მარტო მოძალადის დასჯა გამოსავალი არ არის:
„დანაშაულის პრევენცია მხოლოდ სასჯელით შეუძლებელია. გასაგებია, რომ ყველა დანაშაულს გააჩნია კონკრეტული სასჯელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა პრევენცია ხდება სხვა ღონისძიებების გამოყენებით: არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ინფორმირება, საზოგადოების თითოეულ წევრამდე ამის მიტანა, ამის ახსნა. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საბჭო იმუშავებს ნაყოფიერად“.
აღნიშნულ კატეგორიაზე დანაშაულის დაწყების ინიციატორი ძირითადად არის სხვა პირი, - არა ოჯახის წევრი, არა დაზარალებული, არამედ სხვა პირი, - როგორიც შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, ისეთი პირი, რომელიც ამ ყველაფერში არ მონაწილეობს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს ეს დანაშაული...ნინო ცაციაშვილი
არადა, ოჯახური ძალადობისა და არასრულწლოვანებთან სექსუალური ურთიერთობის მხრივ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება, ქვემო ქართლი, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, პირველ ადგილზეა. მაგალითად, 2015 წლის 9 თვეში ასეთი 67 შემთხვევა იყო ძირითადად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს.
ნინო ცაციაშვილი მთავარ პრობლემას კანონის უცოდინრობაში ხედავს:
„ეთნიკურ უმცირესობებში წარმოუდგენელია 20 წლის ახალგაზრდამ მოიყვანოს 14 წლის ან 15 წლის გოგო და ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს, როცა დიადი მიზანი აქვს - ოჯახის შექმნა. შემდეგ თბილად, ტკბილად ცხოვრობენ და მერე იწყებ გამოძიებას, როდესაც... ეს არის სენსიტიური თემა, ამას იქამდე უნდა ვებრძოლოთ, სანამ ამ სავალალო შედეგამდე მივალთ, რადგან კანონმდებელი სჯის 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს“.
შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ოჯახური ძალადობის შესახებ წარმოდგენილი სტატისტიკის ანალიზსაც. 2015 წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის 1400 ფაქტი დაფიქსირდა. მსხვერპლნი ძირითადად ქალები ან ბავშვები არიან, მაგრამ, ცაციაშვილის თქმით, იმის გამო, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინებებს სამართალდამცველები არა მსხვერპლისგან, არამედ მესამე მხარისგან, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებისგან იღებენ, ბევრი ფაქტი ყურადღების მიღმა რჩება:
„აღნიშნულ კატეგორიაზე დანაშაულის დაწყების ინიციატორი ძირითადად არის სხვა პირი, - არა ოჯახის წევრი, არა დაზარალებული, არამედ სხვა პირი, - როგორიც შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, ისეთი პირი, რომელიც ამ ყველაფერში არ მონაწილეობს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს ეს დანაშაული და თუ შეიძლება იყოს მაჩვენებელი 1 400, შეიძლება იყოს 2 000-იც, რაც ჩვენამდე არ აღწევს და რჩება ოჯახის საქმედ“.
შეხვედრაზე რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ხეჩიკაშვილი დაინტერესდა ისეთი შემთხვევების სტატისტიკით, როცა ძალადობის მსხვერპლი მერე თავად ხდება მოძალადე, ასეთი შემთხვევები კი, როგორც ხეჩიკაშვილი ამბობს, არც ისე ცოტაა:
„თუ არსებობს ისეთი სტატისტიკა, - განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში მაინტერესებს, - როცა ძალადობის მსხვერპლნი თავად ხდებიან მოძალადეები? ასეთი შემთხვევები ოჯახებში არის, როცა ცოლები ქმრების მსხვერპლნი ხდებიან, მერე ისინი თავად ხდებიან მოძალადენი შვილების მიმართ. ასეთი შემთხვევები მოსწავლეებში საკმაოდაა“.
რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპასუხეს, რომ ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თეონა კილაძემ კი პროკურორების ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაციაზე აკეთებს აქცენტს, მაშინ როცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოძალადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მასთან საგანმანათლებლო მუშაობა. მისი აზრით, ბევრ შეთხვევაში ამ კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულს სჩადიან:
„დამნაშავენი ვერ აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. მაგალითად, პრობაციის ბიუროს აქვს ძალიან კარგი რეაბილიტაციის პროექტი ფსიქოლოგიის კუთხით, მაგრამ სანამ არ გახდება მოძალადე პრობაციონერი, ის არ გადის არანაირ კურსს. ძირითადად სახელმწიფო მაინც ორიენტირებულია მსხვერპლთა დაცვაზე. სწორედ იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებენ ჩადენილ დანაშაულს, მოძალადეები სჩადიან ისევ დანაშაულს და, საბოლოოდ, მივდივართ სისხლის სამართლის დანაშაულამდე“.
გარდა ამისა, თეონა კილაძე ამბობს, რომ სოციალური და სხვა სამსახურები, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ, ფსიქოლოგთა ნაკლებობას განიცდიან.
საბოლოოდ, ადგილობრივი საბჭოს პირველი შეხვედრა რუსთავში იმით დასრულდა, რომ შეთანხმდნენ გააგრძელონ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებზე მუშაობა და, რაც მთავარია, მოსახლოებაში საგანმანათლებლო მიმართულებით გააქტიურდნენ.