Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელებმა აშშ-ის სენატში უმრავლესობა მოიპოვეს


შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უმრავლესობა სენატში. 4 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში მათ, სულ ცოტა, შვიდ შტატში წაართვეს მანდატები დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს, რაც ასახავს ვაშინგტონის პოლიტიკით ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებას.

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, რაც ხდება პირველად, 2006 წლის არჩევნების შემდეგ. რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატში და თან პოზიციები გაიმყარეს წარმომადგენელთა პალატაში.

ამერიკელები ხედავენ, რომ ის, რასაც ვაშინგტონში ამჟამინდელი გუნდი გვთავაზობს, ჩვენს დასუსტებას იწვევს - შინაც და უცხოეთშიც. მათ საკმარისად ითმინეს...
მიჩ მაკკონელი

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა კენტაკიში მძიმე ბრძოლის შედეგად გამარჯვების შემდეგ მიმართა ამომრჩევლებს, რომლებიც, მისი აზრით, ვაშინგტონში ნამდვილი ცვლილების განხორციელებას მოელიან.

„ამერიკელები ხედავენ, რომ ის, რასაც ვაშინგტონში ამჟამინდელი გუნდი გვთავაზობს, ჩვენს დასუსტებას იწვევს - შინაც და უცხოეთშიც. მათ საკმარისად ითმინეს“, განაცხადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა, რომელიც ახლა სენატში უმრავლესობის ლიდერის პოსტზე შეცვლის დემოკრატ ჰერი რეიდს, როცა იანვარში კონგრესი ახალი შეამდგენლობით შეიკრიბება.

ამერიკელმა რესპუბლიკელებმა დემოკრატებს წაართვეს სენატორის მანდატები, სულ ცოტა, შვიდ შტატში და გუბერნატორის პოსტები, მაგალითად, მერილენდის, მასაჩუსეტსისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მშობლიურ ილინოისის შტატებში.

ობამასთვის პოლიტიკური გავლენის დასუსტებას მოასწავებს სენატში, ანუ კონგრესის ზედა პალატაში, დემოკრატთა უმრავლესობის დაკარგვა. მისთვის გართულდება სასურველი კანონების დამტკიცება პრეზიდენტობის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში. თუმცა,რთული ამოცანის წინაშე დგანან რესპუბლიკელებიც: მათ შედეგიანად მუშაობა მოუწევთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუ სურთ რესპუბლიკელის თეთრ სახლში დაბრუნება, დემოკრატი ობამას რვაწლიანი მმართველობის შემდეგ.

სენატის არჩევნები
სენატის არჩევნები

4 ნოემბრის არჩევნებზე რესპუბლიკელების ამოცანა იყო სენატორის, სულ ცოტა, ექვსი მანდატი წაერთმიათ დემოკრატებისათვის 100-ადგილიან სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად. მათ გეგმა, რომ იტყვიან, გადაჭარბებით შეასრულეს: მიზანს მიაღწიეს, როგორც ითქვა, სულ ცოტა, შვიდ შტატში - მათ შორის არკანზასში, კოლორადოში, ჩრდილოეთ კეროლაინის შტატში. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოვლენილა: ზოგ შტატში საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა. ზოგან, მაგალითად, ლუიზიანის შტატში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 6 დეკემბერს.

შუალედურ არჩევნებს უწოდებენ აშშ-ში საყოველთაო არჩევნებს, რომლებიც ტარდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ. ის განსაზღვრავს 100-ადგილიანი სენატის 36 წევრის, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრისა და 34 შტატის გუბერნატორების ვინაობას.

XS
SM
MD
LG