Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: მედიის მფლობელობისთვის ბრძოლა შემაშფოთებელია


ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 20 აპრილს გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში – „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2016“. საქართველო ხუთი ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. რამ განაპირობა საქართველოს წინსვლა და რას მიიჩნევენ, ორგანიზაციასთან ერთად, მედიის მკვლევრები საქართველოში პრესისთვის მთავარ გამოწვევად?

მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, მოწინავე პოზიციებს იკავებენ ფინეთი, ჰოლანდია და ნორვეგია, მათ მოსდევენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. პრობლემებია ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში – მთავარ გამოწვევად რჩება გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე. გაცილებით მძიმეა ვითარება აზიის კონტინენტზე.

როგორც კრისტოფ დელუარი ამბობს, გენერალური მდივანი ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „ბევრი სახელმწიფოს ლიდერს დაეწყო ერთგვარი პარანოია ჟურნალისტთა კანონიერ საქმიანობასთან მიმართებით და ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ჟურნალისტთა დაცვა პროპაგანდისგან“.

საქართველოს რაც შეეხება, 180 ქვეყანას შორის საქართველო 64-ე ადგილს იკავებს და ამით წინა წლის მაჩვენებელს 5 პუნქტით იუმჯობესებს, თუმცა, მთლიანობაში, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ქვეყნის ეროვნული მაჩვენებელი მცირედით, 0,26 %-ით, მაგრამ მაინც შემცირებულია. თანახმად ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, ქვეყანაში მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის კუთხით ვითარება კარგია, სატელიტური ტელევიზიები არსებობს და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა სულ უფრო იშვიათია, თუმცა ერთეული მუქარები კვლავ რჩება.

ამასთან, მედია მკვეთრად პოლარიზებულია და, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიის მესაკუთრეები სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ, წამყვანი სატელევიზიო არხების ფლობისთვის ბრძოლა კი, მედიის პლურალიზმის მომავლის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს.

ქართულ მედიაში მფლობელობის თაობაზე დავებს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“. ორგანიზაციის მედიაპროგრამების მენეჯერის ნინო რობაქიძის თქმით, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული შემთხვევა, ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელობის თაობაზე დავა და ასეთივე იყო რეგიონალური ტელევიზია „ტვ 25“-ის საკითხიც და ეს პრობლემები დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შესაბამისად, ნინო რობაქიძის თქმით, ზოგადი გაუმჯობესება რეიტინგში არ უნდა გადმოვთარგმნოთ ისე, თითქოს საქართველოში არსებითად რამე შეიცვალა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს უფრო მსოფლიოში ამ მხრივ გაუარესებული მდგომარეობის გამოძახილია:

„’რუსთავი 2’-ის შემთხვევა იყო როგორც პრობლემების მაჩვენებელი, ასევე საზოგადოებისა და მედიის სიძლიერის მაჩვენებელი. „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას ძალიან ბევრი პოლიტიკური შენაკადი ჰქონდა, კონტექსტი იყო ერთმნიშვნელოვნად პოლიტიზებული, მაგრამ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დავა არ გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს. და სხვაგვარი რომ ყოფილიყო ვითარება, ან დახურულიყო ტელევიზია, ან მფლობელი შეეცვალა, ეს ჩვენს რეიტინგებს ანგარიშებში გააუარესებდა“.

ნინო რობაქიძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანი წელი იქნება 2016 წელი, ვინაიდან ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამზადისი მთელ ქვეყანაში გაიშლება და პროცესები შეეხება რეგიონალურ მედიასაც. ნინო რობაქიძის თქმით, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების მიმართ არაერთი ზეწოლის ფაქტი დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

ნათია კუპრაშვილი, „რეგიონალური მედიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, შიშობს, რომ ღარიბი რეგიონალური მედია, შესაძლოა, მართლაც აღმოჩნდეს ხიფათის წინაშე.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში რაც მახსოვს, რეგიონული მედია ასეთი ღარიბი არასოდეს ყოფილა და ძალიან მოწყვლადები არიან, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, პრობლემები შექმნას რეგიონულ მედიაში, იმიტომ რომ, თუ პოლიტიკური ფული წამოვა, ამ ფულის ამღებიც იქნება“.

ნათია კუპრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციური ძალების კონტროლის ქვეშ არსებული მედია და სახელისუფლებო მედია ერთმანეთს კარგ კონკურენციას უწევს, რაც მედიის მრავალფეროვნებას განაპირობებს, თუმცა ამას მედიის პოლარიზაციამდეც მივყავართ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი, რამაც მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებაზე იქონია გავლენა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო, თუმცა ანგარიშშიც ამაზეა საუბარი და ნატა ძველიშვილიც მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ -ის საქმეზე, რომელიც ჯერ ისევ სასამართლოშია, გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება არსებითი მნიშვნელობის მქონე საქართველოში მედიის თავისუფლების შესაფასებლად. ამასთან, ნატა ძველიშვილიც ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც მეტ ყურადღებას მიაქცევენ არა მხოლოდ მთლიანად მედიაორგანიზაციების მიმართ, არამედ ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ მოპყრობას.

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეყრდნობა შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: პლურალიზმს მედიაში, მედიის დამოუკიდებლობას, ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების პატივისცემას და იმ საკანონმდებლო ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გარემოს შეფასებას, სადაც მედია საქმიანობს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG