Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერიაში სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავენ


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის მერია თავის მიერვე დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციების, ე.წ. აიპების, შემცირებას აპირებს. ორი ასეთი სტრუქტურის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამიც ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.

გადმოწერა

რეორგანიზაცია რუსთავის მერიაში

2018 წლიდან ლიკვიდირებულ იქნება ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური, ასევე იურიდიული მომსახურების ბიურო;

ერთ სტრუქტურად ყალიბდება სამი არაკომერციული ორგანიზაცია: ახალგაზრდობის ცენტრი, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება და სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი.

გასულ კვირაში რუსთავის საკრებულო მერიის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე დათანხმდა. უქმდება რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაცია, ე.წ. აიპი, რამდენიმეც ერთ სტრუქტურად ყალიბდება. საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რაციონალურ მოსაზრებას დაეფუძნა. მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები სხვა პროექტებს მოხმარდება.

ამირან ჯანჯღავამ დააზუსტა, რომ 2018 წლიდან ლიკვიდირებული იქნება ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური, ასევე იურიდიული მომსახურების ბიურო, რომლებიც ყოველწლიურად, ჯამში, 200 ათასი ლარით ფინანსდებოდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ერთ სტრუქტურად ყალიბდება მანამდე ცალკე იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული სამი არაკომერციული ორგანიზაცია: ახალგაზრდობის ცენტრი, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება და სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი.

რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთადერთმა წარმომამდგენელმა, დავით კაპანაძემ, იმ განსხვავებით, რომ მან ეჭვი შეიტანა გასაუქმებელი თუ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კომპეტენტურობაში. საკრებულოს ლეიბორისტმა წევრმა კობა ჩალაძემ კი განაცხადა, რომ სამსახურების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაციამ ადამიანები უმუშევრად არ უნდა დატოვოს.

რუსთავი
რუსთავი

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა კოლეგის შიში არ გაიზიარა. პირიქით, ონიანის თქმით, შესაძლებელია ახალი ვაკანსიებიც კი გაჩნდეს. ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალებმაც“, თუმცა მისმა წევრებმა მერიას გარკვეული რეკომენდაციაც მისცეს. კერძოდ, რეორგანიზაცია ისე უნდა ჩატარდეს, რომ მოსახლეობა გარკვეული სერვისების, მაგალითად, იურიდიული მომსახურების გარეშე არ დარჩეს.

სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის დირექტორი ევტიხი ხაჩიძე აცხადებს, რომ მისი სამსახურის სხვა აიპებთან შერწყმა 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაფინანსებაზე გავლენას არ მოახდენს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ახალი, გამსხვილებული სტრუქტურის ხელმძღვანელი, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG