Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯინა კარტერის მომავლის ჯაზი


რეჯინა კარტერი
რეჯინა კარტერი

აკადემიურ მუსიკალურ სამყაროს ამერიკელი მევიოლინე რეჯინა კარტერისათვის კლასიკური სცენის მიტოვება და ჯაზში გადაბარგება დღემდე ვერ უპატიებია. კრიტიკოსები დიდი სინანულით საუბრობენ ამ დანაკარგზე და აღნიშნავენ, რომ ვირტუოზული ტექნიკის, ულამაზესი, ნატიფი ბგერის, თხზულებათა ინტერპრეტირების გამორჩეული სტილის წყალობით, კლასიკური სავიოლინო შედევრების შესრულების საკუთარი ტრადიციაც შეეძლო შეექმნა.

დიახ, მევიოლინე რეჯინა კარტერმა ზურგი აქცია კლასიკურ მუსიკას და სახელი ჯაზური მეტყველებით გაითქვა. ყველაფერი კი 1968 წელს მის მშობლიურ ქალაქში, მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში, დაიწყო, როცა 2 წლის გოგონა ფორტეპიანოსთან მოკალათდა და შავ-თეთრ კლავიშებს გაეთამაშა. ჯერ გამები დაისწავლა, შემდეგ ევროპელი კლასიკოსების ეტიუდებსა და სონატებს გაუსინჯა გემო. ერთ-ერთ კონცერტზე კი უჩვეულო რამე ჩაიდინა: თხზულების ფინალურ ნაწილში განზრახ აიღო არასწორი აკორდი, რამაც მისი მასწავლებელი ისე გააცეცხლა, რომ შეგირდის წვრთნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ფორტეპიანო დაივიწყოსო. არავინ იცის, თუ რა იყო გოგონას უცნაური საქციელის მიზეზი, არც პედაგოგის მწვავე რეაქცია აუხსნია ვინმეს. ასეა თუ ისე, 5 წლიდან პიანისტობას დაემშვიდობა, ვიოლინოზე გადაერთო და მოგვიანებით საუცხოო განათლებაც მიიღო: ჯერ მიჩიგანის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ბოსტონის კონსერვატორიაში ისწავლა, სადაც მასტერკლასებს თანამედროვეობის გამოჩენილი მევიოლინე იცხაკ პერლმანი უტარებდა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი არასოდეს ჯდებოდა აკადემიური რეპერტუარის ჩარჩოებში, ჰოდა, სტუდენტებსაც, კლასიკური განათლების გარდა, ჯაზური იმპროვიზაციის უნარ-ჩვევებს უზიარებდა. პედაგოგის მეცადინეობამ შედეგი გამოიღო, რეჯინამ საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარი მომავლის ჯაზურ სცენასთან დაკავშირება.

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ რეჯინა კარტერმა ნიუ-იორკს მიაშურა, სადაც ხმის ჩამწერი ლეიბლ „Atlantic“-ის პროდიუსერების ყურადღება მიიქცია და 1995 წელს სადებიუტო სოლო ალბომი „Regina Carter" გამოსცა. დისკი რიტნემბლუზური ხასიათისა გახლდათ, რომელსაც კლასიკური ჯაზის სტანდარტებისგან შემდგარი პროექტი "Something for Grace" მოჰყვა. კრიტიკამ დადებითად შეაფასა მევიოლინის პირველი ნაბიჯები, თუმცა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია 1999 წლის რიგით მესამე ალბომმა "Rhythms of the Heart", სადაც პარტნიორობა ლეგენდარულმა ამერიკელმა პიანისტმა კენი ბარონმა გაუწია.

„რეჯინა კარტერი სასმენად საამო და სულის მასაზრდოებელ მუსიკას ასრულებს. ის მსმენელს მომავლის ჯაზს სთავაზობს“ - ასე დაახასიათა მევიოლინე ამერიკულმა ჟურნალმა „Time“. ამ შეფასებას მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ არტისტის შემოქმედება მრავალწახნაგოვანია და, შესაბამისად, რომელიმე ერთ კონკრეტულ, თუნდაც, ჯაზურ ჩარჩოში ვერ გამოკეტავ. მის ალბომებში შესული მასალა ბლუზის, სოულის, გოსპელისა და ამერიკული ფოლკის ინტონაციებითაა გაჯერებული, ზოგან აფრიკული, ებრაული, აფრო-კუბური, ლათინოამერიკული მოტივებიც გხვდება და, რა თქმა უნდა, კლასიკური რეპერტუარიც. ამ მხრივ 2003 წლის დიდებულ დისკს გამოვყოფდი, რომელსაც "Paganini: After a Dream" ჰქვია. მასალის მნიშვნელობა ბგერის უნიკალურობაშიც მდგომარეობს, რადგან რეჯინა კარტერი იტალიელი ოსტატის ანტონიო გვარნერის მიერ მე-18 საუკუნეში დამზადებულ ვიოლინოზე უკრავს - ინსტრუმენტზე, რომლის მფლობელიც ერთ დროს ლეგენდარული პაგანინი გახლდათ. ქალაქ გენუის მუნიციპალიტეტმა, რეჯინა კარტერის ნიჭის აღიარების ნიშნად, გამონაკლისი დაუშვა, ინსტრუმენტი საცავიდან გამოიტანა და ალბომის ჩასაწერად ათხოვა. სიუჟეტის ბოლოს კი, ზემოხსენებული ალბომიდან დებიუსის თხზულების ჯაზურ იმპროვიზაციულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

XS
SM
MD
LG