Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები შემწეობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ


28 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან დევნილთა 22-28 ლარიანი შემწეობის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა მოითხოვეს. მათი განცხადებით, წლების განმავლობაში შემწეობა სულ რამდენიმე ლარით გაიზარდა. ფასების ზრდის დროს დაუსაქმებელი და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი დევნილებისათვის ეს დახმარება მათ მინიმალურ მოთხოვნილებებსაც ვერ აკმაყოფილებს.

აფხაზეთიდან დევნილი მზია კორსანტია, რომელსაც ქართული საზოგადოება ინფექციური საავადმყოფოდან დევნილთა გამოსახლების ხმაურიანი პროცესიდან იცნობს და დღეს ნათევსავთანაა შეკედლებული, საკუთარი უფლებების დასაცავად ისევ ქუჩაში დგას, ამჯერად მთავრობის კანცელარიასთან, და თავის ათიოდე თანამოაზრესთან ერთად დევნილთა შემწეობის გაზრდას მოითხოვს. ამბობს, რომ ავადმყოფობის გამო ხშირად ერთდროულად შემწეობის ხუთი თვის თანხის აღება უწევს, შემდეგ პენსია შეეშველება ხოლმე და ასე გაჭირვებით გააქვს თავი:

”წამალი ძვირია, არ მყოფნის. ამიტომაა, რომ ერთბაშად ავიღებ ხოლმე ხუთი თვისას, მერე ფული აღარ მყოფნის, მერე ხან პენსია შემეშველება... ახლა თუ მკითხავთ, ერთი თეთრი არ მიდევს ჯიბეში. აღარც პურია სახლში, აღარც არაფერი...”
იმ დროს, როცა პურზე, შაქარზე, ფქვილზე ასე გაზრდილია ფასები და კიდევ უფრო იზრდება, დევნილთა შემწეობა არა და არ იზრდება, ისევ 22 და 28 ლარია...
მანუჩარ სიგუა

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა ამბობს, რომ დევნილების უმრავლესობას არც სტაბილური სამსახური გააჩნია, არც სოციალურად დაუცველთა პაკეტი და არც სახელმწიფო დაზღვევა. ერთადერთი, რის იმედზეც ისინი არიან, სწორედ ეს 22-28 ლარიანი დახმარებაა:

”იმ დროს, როცა პურზე, შაქარზე, ფქვილზე ასე გაზრდილია ფასები და კიდევ უფრო იზრდება, დევნილთა შემწეობა არა და არ იზრდება, ისევ 22 და 28 ლარია კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებისათვის. პოლიკლინიკებში ფორმა N100 ოცი ლარი ღირს. როცა ჩვენ ამ ოც ლარს ერთი თვის განმავლობაში ვიღებთ, როგორ წარმოგიდგენიათ ამ თანხით ცხოვრება? შიმშილის ტოლფასია ასე ცხოვრება. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ იქნებ საარსებო მინიმუმამდე მაინც გაგვიზარდონ ეს შემწეობა.”


„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ აქციას მსგავსი პრობლემების მქონე საქართველოს ვეტერანთა ოჯახების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გალინა ოზიაშვილიც ჩივის, რომ ვეტერანების დახმარებაც სულ რაღაც 22 ლარია:
საკვებზე აღარ ვლაპარაკობთ. სტაბილური სამსახური ჩვენ არ გაგვაჩნია - ხან რაღაცას ვთარგმნი, ხან ვისი ახლობლის დახმარების იმედად ვართ. მართლა დავიღალეთ ამ მათხოვრული ცხოვრებით...
გალინა ოზიაშვილი

”არც კი ვიცი თავი როგორ გაგვაქვს. მოვიდა, ვთქვათ, ელექტროენერგიის გადასახადი, 25 ლარი, ამას დაემატა ნაგავი, გაზრდილი ტარიფით, და წყალი, უკვე სადღაც 60 ლარზე მეტია - ეს მხოლოდ გადასახადი. და საკვებზე აღარ ვლაპარაკობთ. სტაბილური სამსახური ჩვენ არ გაგვაჩნია - ხან რაღაცას ვთარგმნი, ხან ვისი ახლობლის დახმარების იმედად ვართ. მართლა დავიღალეთ ამ მათხოვრული ცხოვრებით...“

კანცელარიასთან მცირერიცხოვანი აქცია მალევე დაიშალა. როგორც დევნილები აცხადებენ, ამავე მოთხოვნით მალე უფრო ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. როგორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.

რადიო თავისუფლების მცდელობის მიუხედავად, პასუხი კითხვაზე, თუ სულ რა თანხაა გამოყოფილი დევნილთა შემწეობაზე და განიხილება თუ არა უახლოეს მომავალში ამ შემწეობის გაზრდის საკითხი, ვერ მივიღეთ. სამინისტროს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი სამინისტროში არ იმყოფებოდა, სხვა ჩინოვნიკები კი კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის რაოდენობას, ”საქსტატის” 2012 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 157 ლარია, საშუალო ოჯახისა კი - 263 ლარი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG