Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი?


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და საპარლამენტო უმრავლესობას. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის მოწოდება, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, დაწერონ კონსტიტუციის პროექტის ახალი ვერსია, მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისათვის, რომლის ლიდერებმა პრეზიდენტის ინიციატივაში პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობა დაინახეს. პრეზიდენტის გააქტიურებას სკეპტიკურად უყურებენ პოლიტიკის ექსპერტებიც.

გადმოწერა

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, აიღონ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული და ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის პროექტი და მონიშნონ ის პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობას იწვევდა და, ამის გათვალისწინებით, დაწერონ ალტერნატიული ვერსია:

„ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. ძალიან უცნაური იყო მთელი ის პოლემიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ზეპირად გვითხარით, წერილობით გამოგვიგზავნეთ და ა.შ. აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო“.

პრეზიდენტის ძალიან სერიოზულად გააქტიურება უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ იგივე ვენეციის კომისია და ევროსაბჭო დაინახავენ, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ერთიანდება იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანი გარემო...
გიორგი ახვლედიანი

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, შეადგინონ ალტერნატიული პროექტი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია არ წავა დათმობაზე, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივას მაინც უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ასე ფიქრობს გიორგი ახვლედიანი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

„პრეზიდენტის ძალიან სერიოზულად გააქტიურება უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ იგივე ვენეციის კომისია და ევროსაბჭო დაინახავენ, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ერთიანდება იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანი გარემო“.

პრეზიდენტის ინციატივას მალევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ლიდერთა განცხადებით, პრეზიდენტი დიდი ხანია აღარ არ არის ნეიტრალური მოთამაშე. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ კონსენსუსზე ლაპარაკს აზრი აქვს მხოლოდ მთავარ პოლიტიკურ ძალასთან აქტიური თანამშრომლობის შემთხვევაში.

ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტს უთუოდ წაადგება სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მოქმედ საარჩევნო სისტემას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, ლევან ნატროშვილის თქმით, ეს კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფმა დიდი ხნის წინ შეიტანა პარლამენტში. შესაბამისად, პრობლემაა არა ალტერნატივა, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა.

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

პრეზიდენტის ინიციატივისგან პრაქტიკულ შედეგს არ ელის პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განმარტებითაც, ალტერნატიული პროექტის წარდგენას აზრი ჰქონდა რამდენიმე თვის წინ, მანამდე, ვიდრე პარლამენტი ორი მოსმენით კენჭს უყრიდა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კონსტიტუციის პროექტს.

„ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ორ ვერსიას შორის არჩევნის გაკეთების საშუალება და, ამ მხრივ, მართლაც, იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა, მაგრამ დღეს ამ ინიციატივას მხოლოდ უკან მიდევნებული ლამპრის ფუნქცია აქვს – ეს ერთი და მეორეს მხრივ, საიმიჯო სვლაა დასავლეთთან ურთიერთობაში და არა შედეგზე გათვლილი ინიციატივა“, – უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო „თავისუფლებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG