20 იანვრიდან დონალდ ტრამპი ოფიციალურად ხდება ამერიკის 45-ე პრეზიდენტი. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მისმა წინასაარჩევნო დაპირებებმა და რიტორიკამ ამერიკის მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს ბედზე?
ტრამპმა ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილ ათასობით ადამიანს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტის დასრულების შემდეგ სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გააერთიანებდა „გახლეჩილ ერს“. მან გაიმეორა თავის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისას დადებული რამდენიმე პირობა, რომელიც შეეხებოდა კლიმატური ცვლილების პოლიტიკას, იმიგრაციის გამკაცრებას და ენერგეტიკულ განვითარებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას.
არადა, სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე სხვა საკითხია, რომელიც ამერიკაში უთანხმოებას იწვევს. განსაკუთრებული დაპირისპირება ახლავს თან, მაგალითად, ამერიკის პოლიტიკას იმიგრაციასთან დაკავშირებით. ასევე მწვავე მსჯელობის საკითხია ამერიკის ჯანდაცვის სისტემა - ტრამპი პირობას დებს, რომ გააუქმებს ეგრეთ წოდებულ ობამაქეარს, ობამას ჯანდაცვას და ბევრი მისი ოპონენტი შიშობს, რომ მისი ადეკვატური ჩანაცვლების გეგმა პრეზიდენტს და მის გარემოცვას არ გააჩნია.
თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებული მოლოდინები თუ შიშები არც ჯანდაცვას უკავშირდება და არც მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას. საქართველოში, მაგალითად, გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტრამპის რიტორიკას რუსეთთან მიმართებით და იმას, თუ რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ურთიერთობების შესაძლო დათბობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.
მართლაც, დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუხატავს მოსკოვთან ურთიერთობების ძირეულად გამოსწორების იმედი. ის ძალიან თბილად მოიხსენიებს იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, და აცხადებს, რომ თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ აშშ და საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან და რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ცვლილებები მხოლოდ გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ დამაიმედებელი სიგნალები მიიღო, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის დალაგება არ მოხდება პარტნიორი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. მან თქვა ასევე, რომ ისტორიულად, ამერიკის ყველა ახალი ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და შემდეგ ეს მცდელობები ხშირად კრახით მთავრდება.
მან თქვა: „თუკი ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, ყველა ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკად აცხადებს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას და ეს ასე იყო, თუნდაც, ობამას ადმინისტრაციის პირობებში, მანამდე - ბუშის ადმინისტრაციის პირობებში. ბუნებრივია, დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს თავიანთი სტრატეგიული ინტერესები აქვთ და მათ სურთ, რომ ეს ურთიერთობები მოქცეული იყოს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებსა და ფორმატში. თუნდაც ის, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა, ამტკიცებს იმას, რომ ეს ურთიერთობები ამჟამად არ არის ნორმალურ ჩარჩოებში და ცივილიზებულ ფორმატებში. თუ ვის გამო არ არის - მგონი, ამაზე ზედმეტია საუბარი“.
ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობებზე ილაპარაკა ბარაკ ობამამაც, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ჩატარებული თავისი ბოლო პრესკონფერენციის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს დაუთმო. ბარაკ ობამამ თქვა:
„ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებში და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია ის, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს. ეს იყო ჩემი მიდგომა მთელი პრეზიდენტობის დროს. სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, ერთად ვმუშაობდით. ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში გავაკეთე ის, რის გაკეთებაც შემეძლო, რათა რუსეთი წამექეზებინა, ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსტრუქციული წევრი, და შევეცადე რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობასთან მემუშავა მათი ეკონომიკის დივერსიფიკაციაში, მათი ეკონომიკის გაუმჯობესებაში, რუსეთის ხალხის გასაოცარი შესაძლებლობების უფრო კონსტრუქციულად გამოყენებაში დასახმარებლად“.
ამერიკის პარტნიორების შეშფოთება მხოლოდ რუსეთთან მიმართებით დონალდ ტრამპის განცხადებებს არ გამოუწვევია. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მან არაერთხელ მოიხსენია აგდებით ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, ნატო, და თქვა, რომ ამერიკის პარტნიორებს მეტის გაკეთება დასჭირდებოდათ, რათა ვაშინგტონის მხარდაჭერა შეენარჩუნებინათ.
თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ამბობენ, რომ არ ღირს ზედმეტად დიდი წონის მინიჭება საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებისთვის. მაგალითად, გიორგი მუჩაიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რიტორიკა ძალაუფლებაში მოსვლისთანავე იცვლება ხოლმე. მისი თქმით, ტრამპმა ნატო რამდენჯერმე მოიხსენია, როგორც მოძველებული ორგანიზაცია. ახლა კი ის ამბობს, რომ ნატო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და სულმოუთქმელად ელის გაზაფხულზე ნატოს სამიტზე დასწრებას.