დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და მისი პარტნიორი, ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეული, სკოლები საპროტესტო წერილს ავრცელებენ და მოითხოვენ, შეწყდეს მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები. ადმინისტრაციის თქმით, ყველა ამ სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლიან და მათ არავითარი კავშირი გავრცელებულ ბრალდებებთან, ტერორიზმსა თუ ექსტრემიზმთან, ასევე, აშშ-ში მცხოვრებ გავლენიან სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან, არ გააჩნიათ.
22 ივლისს დემირელის სახელობის კოლეჯმა თავისი პარტნიორი სკოლების სახელით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას, ხოლო ბოლო დღეებში გავრცელებულ ბრალდებებზე სკოლების ფეტულა გიულენთან კავშირისა და ტერორისტების აღზრდის თაობაზე სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ. დემირელის სახელობის კოლეჯის ადმინისტრაცია წერს, რომ მათთან სწავლება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და არანაირი კავშირი აღნიშნულ ბრალდებებთან არ გააჩნია:
„ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“... სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას“, - განცხადებას ხელს აწერენ რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისის სკოლა-ლიცეუმი ”სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ”მეგობრობა“.
დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის მოადგილე ნინო კავთიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სრულიად უსაფუძვლოა ბრალდებები, რომლებიც შეეხება სკოლების დამფუძნებლების შესაძლო კავშირს ფეტულა გიულენთან, აშშ-ში მცხოვრებ თურქი ეროვნების სასულიერო პირთან. სწორედ მას აკისრებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებლობას ოფიციალური ანკარა. ნინო კავთიაშვილის განცხადებით, არც ფინანსური და არც სხვა ტიპის კავშირი ფეტულა გიულენთან აღნიშნულ სკოლებს არ გააჩნიათ. ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ უკავშირებენ ამ სკოლებს გიულენის სახელს, დემირელის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ასე გვიპასუხა:
„თუ ოდესმე დამფუძნებლები იდეურად კავშირში იყვნენ ამ პიროვნებასთან, არ ვიცი. მე არ ვიცნობ ამ პიროვნების იდეოლოგიას, მაგრამ, როგორც მსმენია, ის სასულიერო პირია, რომელიც ქადაგებს განათლების მნიშვნელობას, სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკობს და დემოკრატიული იდეების გავრცელებაზე ზრუნავს. ვფიქრობ, მასთან ჩვენი სახელის დაკავშირებას უფრო პოლიტიკური სარჩული აქვს. ეს ამბავი ზოგიერთმა არაკეთილმოსურნე პოლიტიკოსმა გამოიყენა და ჩვენს სკოლებთან დააკავშირა, რადგან მათი დამფუძნებლებიც
ყველა ამ სკოლის სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეობს. ასე რომ არ იყოს, მათ შეექმნებოდათ პრობლემები ავტორიზაციის კუთხით. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ სკოლებმა არ დაარღვიონ პირობები...ლაშა მარგიშვილი
თურქები არიან. სკოლა დღეს თვითდაფინანსებაზეა. ჩვენ სამასზე მეტი მოსწავლე გვყავს და ეს საკმარისია, რომ სკოლამ იფუნქციონიროს ნორმალურად, ათასამდე კურსდამთავრებული გვყავს და მსგავსი რამ რომ სიმართლე ყოფილიყო, ან მშობელი არ გააპროტესტებდა ამას და ან ასობით ქართველი მასწავლებელი?“
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელეკომპანია „25“-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომლის თანახმად, ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელსაც, მისი სიტყვებით, ფეტულა გიულენი აფინანსებს, ტერორიზმს უწყობს ხელს. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსაც, შეხვდა, რომლის განმარტებით, თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი, ხოლო მისი განცხადებები მედიამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.
აქვე გავიხსენოთ 19 ივლისს, საქარველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, ანკარაში ერთდღიანი ვიზიტისა და თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯებ ტაიპ ერდოანთან, შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებისათვის სამთავრობო დელეგაციის წევრის, თედო ჯაფარიძის მიერ მიცემული კომენტარიც. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თურქეთის პრემიერთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საუბარი იყო საქართველოში მოქმედი იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების გაკონტროლების თაობაზე, რომლებსაც ფეტულა გიულენის სახელს უკავშირებენ. თუმცა თედო ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ თურქულ მხარეს ამ შეხვედრაზე არ მოუთხოვია სასწავლო დაწესებულებების დახურვა.
ჩვენ დავუკავშირდით განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ლაშა მარგიშვილს და ვკითხეთ, არსებობს თუ არა აღნიშნული სკოლების დახურვის საფრთხე. ლაშა მარგიშვილმა განმარტა, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლა, შესაძლოა, დაიხუროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ დააკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს. 2016 წლის 6 ივნისამდე საქართველოში ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის 7 სკოლა ფუნქციონირებდა, მათგან ერთ-ერთს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის სასწავლებელს, 6 ივნისს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა, რადგან ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი. უფრო კონკრეტულად, გვეუბნება ლაშა მარგიშვილი, სწავლება მიდიოდა მთლიანად ინგლისურ ენაზე.
„ყველა ამ სკოლის სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეობს. ასე რომ არ იყოს, მათ შეექმნებოდათ პრობლემები ავტორიზაციის კუთხით. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ სკოლებმა არ დაარღვიონ პირობები და თუ ჩვენთან შემოვა რაიმე ტიპის საჩივარი, რომ სკოლაში ირღვევა მოსწავლეთა უფლებები და ეს დადასტურდება, ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა იმსჯელოს ამ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. ბოლო დროს აღნიშნულ სკოლებში მათ მიმართ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით თემატური საჩივარი არ შემოსულა“.
ამ სკოლის მოსწავლეები გაცილებით თავისუფლად აზროვნებენ, ვიდრე საჯარო სკოლებში. პედაგოგებიც ასეთები ჰყავთ. არავითარი რელიგიური გავლენები ამ სკოლაში არ შემიმჩნევია, არც თურქული ენაა პრიორიტეტი...ლელა ბანძელაძე
ლაშა მარგიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ფეტულა გიულენის სახელი ამ სკოლების დოკუმენტაციაში არც დამფუძნებლებსა და არც ადმინისტრაციის წევრებს შორის არსად ფიგურირებს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სკოლებს.
რადიო თავისუფლება გაესაუბრა ერთ-ერთ მშობელს, ლელა ბანძელაძესაც, რომლის შვილი ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში“ სწავლობს. მან გვითხრა, რომ სწავლების პროცესში არასოდეს შეუნიშნავს არც პოლიტიკური, არც რელიგიური ხასიათის გავლენა:
„კი, მეც მომისმენია ბოლო დროს აზრი, რომ ეს თურქული სკოლაა და თითქოს იქ ბავშვებს არასწორ იდეებს აწვდიან. ვერ დავეთანხმები ვერანაირად, რადგან ვფიქრობ, რომ პირიქითაა - ამ სკოლის მოსწავლეები გაცილებით თავისუფლად აზროვნებენ, ვიდრე საჯარო სკოლებში. პედაგოგებიც ასეთები ჰყავთ. არავითარი რელიგიური გავლენები ამ სკოლაში არ შემიმჩნევია, არც თურქული ენაა პრიორიტეტი. ასწავლიან, დიახ, ამ ენას, მაგრამ თუ გაძლიერებულ სწავლებაზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებული ყურადღებით ასწავლიან ქართულს, მათემატიკას და ინგლისურს“.
ლელა ბანძელაძის თქმით, ძირითადი სასწავლო პროგრამის გარდა, ბავშვებს კლასგარეშე საკითხავსაც აძლევენ. წლევანდელი ზაფხულის დავალება რეზო ინანიშვილის და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების წაკითხვაა.