თბილისში ჩამოინგრა მორიგი ე.წ. „სადავო ეკლესიის“ სახურავი. ლაპარაკია გელათის ქუჩაზე მდებარე სურბ მინასის ეკლესიაზე, რომელიც მე-18 საუკუნეშია აგებული. სახალხო დამცველის აპარატი წლებია მოუწოდებს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს, რათა ძეგლები არ დაზიანდეს და დაიწყოს კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი. რატომ ინგრევა თბილისში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები და რატომ ვერ გადაწყდა ე.წ. „სადავო ეკლესიების“ კუთვნილების საკითხი?
თბილისში, გელათის ქუჩა N13-ში მდებარე სურბ მინასის ეკლესიის სახურავი 2014 წლის 19 სექტემბერს ჩამოინგრა. მალევე მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად უნდა გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. „სადავო ეკლესიის“ საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნოს მათ პატრონს:
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესიის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი. შეშფოთებით უნდა აღინიშნოს, რომ, დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია შესაბამისი აღდგენა-შენახვითი სამუშაოები, რამაც ეს სავალალო შედეგები გამოიწვია“.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას დაზიანება-დანგრევისგან და დაიწყოს ე.წ. „სადავო ეკლესიების“ კუთვნილების საკითხის გადაჭრა. წლებია იმასვე ითხოვს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანიც, რომლის თქმითაც, უსამართლობაა ის, რომ საბჭოთა კავშირის დროს სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის ჩამორთმეული ტაძრები დღემდე არ დაბრუნებია პატრონს.
„სახელმწიფოს არაერთხელ მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ მოხდეს საბჭოთა კავშირის დროს ჩვენთვის ჩამორთმეული საკუთრების რესტიტუცია და დაბრუნება. და მეორე: გამოძიებულ იქნეს უმცირესობათა ტაძრების მითვისების ყველა შემთხვევა და შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული, რათა კანონიერმა და ისტორიულმა მფლობელებმა შეძლონ ამ ტაძრების დაბრუნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი შედეგი, რაც გვაქვს სახეზე, არის ის, რომ ტაძრები ინგრევა“, უთხრა ისახანიანმა რადიო თავისუფლებას.
ჩვენ, სამინისტროები, დღეს ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში. ჩვენი სამინისტროების ამოცანაა შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს...ჰასმიკ პოღოსიანი
ტაძრების საკუთრების საკითხის გადაჭრას აფერხებს აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც არსებობს როგორც მეცნიერთა ნაწილში, ასევე სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის მიქაელ ბოტკოველის თქმით, საკითხი უნდა გადაწყდეს არა რომელიმე მხარის მოთხოვნის შესაბამისად, არამედ სამართლებრივ ჭრილში:
„ვიღაცას რაღაცა დაუბრუნდეს, ვიღაცას რაღაც გადაეცეს კომპეტენტური კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგები ვართ! კი, ბატონო, დასხდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, სასულიერო პირები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და იმსჯელონ ამა თუ იმ ნაგებობის წარმომავლობის თაობაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასე რომ, ეს საკითხი ასე ერთწამიერად ვერ გადაწყდება, ამას სჭირდება სერიოზული შემზადება“.
საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ერთმანეთისგან გასამიჯნია ე.წ. „სადავო ეკლესიების“ საკუთრებისა და დაცვის საკითხები. ეს უკანასკნელი უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია სომხეთის კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანსაც, რომელიც ქართველ კოლეგას თბილისში მიმდინარე წლის მაისში შეხვდა:
„ჩვენ, სამინისტროები, დღეს ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში. ჩვენი სამინისტროების ამოცანაა შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს შეეხება როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს და ყველა ქვეყანას, რომელიც ამ კონვენციასაა მიერთებული. ამ კონვვენციის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება ე.წ. „სადავო ეკლესიების“ მოვლა- შენახვისათვის, თუმცა, როგორც სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გელათის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის გამაგრებასა და რესტავრაციას გარკვეული სახის ობიექტური ფაქტორებიც აფერხებს:
„კულტურულ მემკვდრეობას საზღვრები არ აქვს. ნამდვილად არ ვართ ორიენტირებული იმაზე, თუ ვისი კუთვნილებაა. კულტურული მემკვიდრეობა არის კულტურული მემკვიდრეობა! რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა ეს, გვაქვს კომპლექსური პრობლემები, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მასშტაბით, საბედნიეროდ, კულტურული მემკვიდრეობის ძალიან ბევრი ძეგლია და ერთიანად ვერ ხერხდება სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება და ვითარების გაუმჯობესება, მაგრამ, გარდა ამისა, რამდენიმე ოჯახს პირდაპირ ამ ეკლესიის კედლებზე მიშენებული აქვს სახლი, რის გამოც ძალიან რთულია ნებისმიერი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება“.
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე ოჯახის განსახლებისა და ეკლესიის კედლების გათავისუფლების საკითხი, თუმცა მანამდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები ისანი-სამგორის გამგეობის დახმარებით მოხსნიან სახურავის დარჩენილ ნაწილს, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკლესიის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მუშაობა ეკლესის გამაგრებასა და რესტავრაციაზე.