Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მემკვიდრეობის სადავო მდგომარეობა


სურბ ნშანი
სურბ ნშანი
თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი. ვიზიტის ფარგლებში სომხურმა დელეგაციამ მოინახულა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული სომხური კულტურის ძეგლები, მათ შორის, ის ეკლესიები, რომელთა რესტავრაციაც მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, კოლეგასთან ერთად ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში საინტერესოა რა მდგომარეობაშია ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები.

ზურა დაბადებიდან ვერცხლის ქუჩაზე, სურბ ნშანის ეკლესიის მომიჯნავე ეზოში, ცხოვრობს. ახლა 35 წლის არის და ამბობს, რომ ყოველდღე ხედავს, როგორ არემონტებენ ეკლესიას. ზურა ამბობს, რომ ეკლესიის ნაწილი მკაფიოდ სომხური არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა სამრეკლო შემდეგაა მიშენებული. ამიტომ, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას:

„მგონია, რომ ნეიტრალური დარჩეს, როგორც ძეგლი, რომ არ იყოს სადავო მომენტი. ისრაელშიც არის ტაძრები, სადაც ქართველები, სომხები, კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად ლოცულობენ და შეიძლება აქაც იგივე რაღაცის გაკეთება“.
ჩვენ, სამინისტროები, დღეს ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში. ჩვენი სამინისტროების ამოცანაა შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს...
ჰასმიკ პოღოსიანი

სხვა აზრისაა საქართველოში სომხური ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. იმისათვის, რომ სომხური ეკლესიები ნგრევას გადაურჩეს, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ისინი სომხური ეპარქიის მზრუნველობის ქვეშ მოექცევა:

„სომხეთის მხარეს რაც მალე გადაეცემა, მით უკეთესი, რადგან, მაგალითად, ორი მოქმედი ეკლესია რესტავრირდება. ვშოულობთ სახსრებს და, მადლობა ღმერთს, რესტავრირდება. ეს ეკლესიები, მაგალითად, ნორაშენი, სურბ ნშანი, რომელიც თბილისში მდებარეობს, ჩვენი სომხური ეპარქიის ხელში რომ იყოს, შევინახავდით. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოს ყოველთვის არ აქვს სახსრები რესტავრაციისთვის, მაგრამ დაბრუნების საკითხი რომ მოგვარდებოდეს, საკითხები უფრო მალე გადაწყდებოდა“.

საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების არა კუთვნილების, არამედ მათი გადარჩენის საკითხი იყო განხილვის თემა სომხეთის კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის თბილისში ვიზიტისას. ეთნოგრაფიულ მიზეუმში სტუმრად მყოფმა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სამინისტროების ამოცანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ხოლო ვინ რაზე დავობს, ეს საკითხი არ განუხილავს.

„ჩვენ, სამინისტროები, დღეს ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში. ჩვენი სამინისტროების ამოცანაა შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს შეეხება როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს და ყველა ქვეყანას, რომელიც ამ კონვენციასაა მიერთებული. ამ კონვვენციის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე“.
ეს არის ძალიან ემოციური, ისტორიული საკითხი და ძალიან ბევრი ხალხია ჩართული როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, რომელიც მაინცდამაინც დადებით როლს არ თამაშობს ამ პრობლემის გადაწყვეტაში...
პაატა გაჩეჩილაძე
მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ქართულ და სომხურ მხარეებს შორის ეკლესიების კუთვნილების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, კულტურის სამინისტროში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითაცაა დაკომპლექტებული, და ისინი ეკლესიათა კუთვნილება-შენარჩუნების თემებს განიხილავენ. საქმე შეეხება საქართველოში არსებული ექვსი სომხური და სომხეთის ტეროტორიაზე არსებული რამდენიმე ქართული ეკლესიის რესტავრაცია-გადაცემის საკითხს. როგორც კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნის“ წარმომადგენელი პაატა გაჩეჩილაძე ამბობს, ეს თემა ორივე მხარისთვის ემოციურ თემებს უკავშირდება და ორმხრივი სახელმწიფოებრივი ჩარევის გარეშე მარტივად ვერ მოგვარდება:

„ეს არის ძალიან ემოციური, ისტორიული საკითხი და ძალიან ბევრი ხალხია ჩართული როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, რომელიც მაინცდამაინც დადებით როლს არ თამაშობს ამ პრობლემის გადაწყვეტაში. საპატრიარქოს მოთხოვნა იყო შემდეგში, რომ სახელმწიფოთაშორისი კომისია შექმნილიყო და სანამ კომისია მუშაობას გასწევდა, მანამდე მხარეებს თავი შეეკავებინათ ცალმხრივი რესტავრაციისგან, ანუ თუ დაიწყებოდა რესტავრაცია სომხეთში, მაგალითად, ჩართული ყოფილიყვნენ ქართველი სპეციალისტები, და საქართველოში თუ დაიწყებოდა, - სომეხი ექსპერტები, რომ რაიმე გაუგებრობები გამორიცხულიყო, იმიტომ რომ ბევრი პრეტენზიებია ხოლმე - წარწერა გაქრა, ჩუქურთმა გაქრა... სამწუხაროდ, ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ახტალა, რომელიც არ იყო მარტო ქართული ეკლესია, - ეს იყო მხარგრძელების საუფლო მხარე და იყო მთელი კომპლექსი, მთელი ციხე-სიმაგრეა, სასახლის ნანგრევები, მცირე ეკლესია, გალავანი, აბანოები და თვითონ ტაძარია შემორჩენილი, უმდიდრესი ორნამენტებით, უმდიდრესი ფრესკებით,
სურბ ნშანი
სურბ ნშანი
და ქართული საფლავებია, ჩოლოყაშვილები და მელიქიშვილები ასაფლავია, - იქ, სამწუხაროდ, ღვთისმსახურება დაიწყო სომხურმა მხარემ და სომეხი მღვდელი დგას იქ და წირავს“.

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განმარტავს იმ მიზეზებს, რაც აფერხებს საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურის ძეგლების რესტავრაციას:

„ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა. აი, მაგალითად, სურბ ნშანზე სამი ოჯახი ცხოვრობს და ეკლესიის იმ ნაწილის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც აღმოიფხვრება“.

საქართველოს კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განმარტებით, ორ ქვეყანას შორის არსებული მცირე პრობლემების მოგვარება შესაძლებელია და საამისოდ შესაბამისი კომისიები მუშაობენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG