სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში საზოგადოებას წარუდგინა, 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს.
სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებებად ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა განისაზღვრა. სტრატეგიის გაცნობასა და მის გააზრებას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ახლა იწყებენ.
დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიის განხორციელების პროცესში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, მასში შევლენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სახით:
“ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე პიროვნებები და უწყებები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების სისტემის წარმომადგენლები, კერძო ბიზნესი...სამოქმედო ჯგუფმა უნდა განახორციელოს აქტივობები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. ჯერჯერობით ჩვენთან მსგავსი ჯგუფი არ არის შექმნილი”.
თუმცა, ირაკლი ხოზრევანიძის განცხადებით, ამ სტრატეგიას უკვე სწავლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც 19 მოზრდილი და 28 მცირე სოფელი შედის.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი ამბობს, რომ რადგან მთავრობის ინიციატივა სამწლიანია, ის ეტაპობრივად განხორციელდება:
„გადავანაწილებთ. ერთ წელიწადს რამდენიმე სოფლის განვითარებაზე ვიმუშავებთ, მეორე წელს - სხვა სოფლების. გასაგებია, ერთიანად ამ ყველაფერს ვერ მივხედავთ, მაგრამ ეტაპობრივად რომ დავყოთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, შევძლებთ რაღაც დონეზე მივიყვანოთ, რომ გამოკეთდეს ვითარება. სოციალურ მდგომარეობაზე მაქვს საუბარი“.
ზვიად მაჩაბლის თქმით, მუნიციპალიტეტს რამდენიმე პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება და, რაღა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად იმართებოდეს სასმელი თუ სარწყავი წყლის რესურსები. თუმცა, მაჩაბლის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პერსპექტივები გაჩნდა. გარდაბნის წყალმომარაგებით შვეიცარიული კომპანია დაინტერესდა. 10 აპრილს რუსთავში მათთან შეხვედრა გაიმართა.
„ჩამოსული იყო შვეიცარიული კომპანია. ინფრასტრუქტურული და წყლის მართვასთან დაკავშირებით პროექტები შემოგვთავაზეს. მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. შედგება სამუშაო ჯგუფი, 2-2 წარმომადგენელი იქნება სხვადასხვა სფეროდან. ჩამოყალიბდება ხედვა და დაახლოებით ერთ თვეში გვეცოდინება, რა კურსით, რა მიმართულებით, რა სტრატეგიით წავიდეთ...ისინი [შვეიცარიელები] პროფესიონალები არიან და გვეხმარებიან [წყლის] რესურსების მართვაში“.
ზვიად მაჩაბელი კიდევ ერთ პრიორიტეტს გამოყოფს სამწლიან სტრატეგიაში. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაწილება-რეგისტრაციის საბოლოო დასრულებას.
ისევე როგორც გარდაბანში, ჯერჯერობით არც დმანისში შექმნილა სოფლის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსის, ნოდარ ციხელაშვილის, აზრით, დმანისში აგროტურიზმის განვითარება, დამატებითი ფინანსური შესაძლებლობის სახით, დიდი შეღავათი იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ციხელაშვილის თქმით, ამ მხრივ, ადგილობრივი კოოპერატივები თუ გლეხები პირველ ნაბიჯებს დგამენ, მწირი ბუნებრივი შესაძლებლობების მიუხედავად:
„კახეთში იოლია, იმიტომ რომ იქ მწვადი იწვება, ღვინო აქვთ. აჩვენებენ მარანს, ყველაფერს. ჩვენ ჯერჯერებით შეგვიძლია კენკროვნებით მოვიზიდოთ. ვაჩვენოთ ეს ყველაფერი, რა ხდება, როგორ ხდება. ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ“.
რამდენიმე დღის წინ რუსთავში ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და რეფორმაზე მომუშავე ექსპერტები იმყოფებოდნენ.
მიხეილ ჯიბუტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც შეხვედრაზე ექსპერტის რანგში იმყოფებოდა, პირდაპირ განაცხადა, სოფლის განვითარება, ადგილობრივი თვითთმართველობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განვითარების სტრატეგია განწირულია დასამარცხებლადო.
მისი თქმით, „დღეს ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელში პარტნიორი არ ჰყავს“. ჰყავს მხოლოდ სოფლის მცხოვრებლები, მაგრამ არ ვიცით, მათგან გლეხი რამდენია, რამდენია მასწავლებელი, ვინ არის ფერმერი. მან დასძინა, რომ სოფელი ვერ განვითარდება, თუ მისი მენეჯმენტი - სხვა სიტყვებით კი, მართვა - არ დაეყრდნო თანამედროვე მოთხოვნებს, საუკეთესო უცხოურ პრაქტიკას.