Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მამლუქების საფლავები კაიროში


იბრაჰიმ ქათხოდას, ისმაილ ბეის და ალი ბეის საფლავები
იბრაჰიმ ქათხოდას, ისმაილ ბეის და ალი ბეის საფლავები

18-მილიონიან კაიროს ერთ გარეუბანში ქართველი მამლუქების საფლავებია. მამლუქები, მათ შორის ქართველი მამლუქებიც, ეგვიპტეს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ. რამდენიმე ქართველი მამლუქის საფლავი დღემდე არის შემორჩენილი და კაიროში მოხვედრილი ქართველები მათ შეძლებისდაგვარად აკითხავენ.

წელს ეგვიპტეში რამდენიმე ქართველი არაბისტი იყო ჩასული. ერთ-ერთი მათგანი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, ჰყვება:

„კაიროში ქართველი სტუდენტები სწავლობენ, ისინიც შემოგვიერთდნენ. დავიქირავეთ ტაქსი და გოჩა ჯაფარიძის მოცემული გეგმით, თუ როგორ უნდა მიგვეგნო საფლავებისთვის, წავედით. ეს არის საკმაოდ დიდი რაიონი კაიროში და ისეთი უბანია, სადაც შესვლას თვითონ კაიროელებიც ხშირ შემთხვევაში ვერ ბედავენ“.

გოჩა ჯაფარიძე, რომელიც კაიროში ჩასულებს თბილისიდან კარნახობდა საით უნდა წასულიყვნენ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი. ის მრავალი წელი მუშაობდა ეგვიპტეში და მამლუქების მოღვაწეობა შეისწავლა. მისი თქმით, მამლუქები თურქული მოდგმის ყივჩაღებიც იყვნენ და ჩერქეზებიც. ქართველი მამლუქების დომინირება კი იწყება 1517 წლის შემდეგ, როცა თურქ-ოსმალებმა ეგვიპტე დაიპყრეს და უკანასკნელი მამლუქი სულთანი სიკვდილით დასაჯეს:

გოჩა ჯაფარიძე
გოჩა ჯაფარიძე

„ამ დროიდან ქართველები ნელ-ნელა გამოჩნდებიან ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე. დაპყრობითი ომების შედეგად, საქართველოდან მრავალი ტყვე გაჰყავდათ. იყო მონებით ვაჭრობა. დატვირთავდნენ გემებს და ფოთიდან, ყულევიდან, კოსტანტინოპოლში მიჰყავდათ. ნაწილი იქვე რჩებოდა, ნაწილს პროვინციებში ანაწილებდნენ. ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, ძალ-ღონით სავსე, ძლიერი“.

მამლუქი არაბული სიტყვაა და ნიშნავს ვინმეს საკუთრებაში მყოფ პირს, მონას. მონას აუცილებლად ისლამი უნდა მიეღო, სახელსაც უცვლიდნენ. მას რომელიმე დიდებული ყიდულობდა და საკუთარ სახლში სხვა მამლუქებთან ერთად ზრდიდა. მამლუქისთვის მეპატრონე, ფაქტობრივად, მამა იყო, სხვა მამლუქები კი - ძმები.

ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც ეგვიპტეში მამლუქების საკუთარი სახლი შექმნა, იყო მუჰამედ ბეი კატამიში, რომელიც 1736 წელს ღალატით მოკლეს. რამდენიმე ასეული მამლუქი ჰყავდა წარმოშობით ქართველ იბრაჰიმ ქათხოდას. მათი დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ. სწორედ იბრაჰიმ ქათხოდამ გაუხსნა ქართველებს გზა ძალაუფლებისკენ ეგვიპტეში.

იბრაჰიმ ქათხოდას შემდეგ იყო ალი ბეი ალ-ქაბირი (ქაბირი დიდს ნიშნავს), რომელიც მე-18 საუკუნის 60-იან წლებში დაწინაურდა. 14 წლის იოსები, რომელსაც შემდეგ ალი უწოდეს, აფხაზეთიდან გაიტაცეს და ეგვიპტეში იბრაჰიმ ქათხოდას მიართვეს. ალი ბეი ალ-ქაბირი თანდათარ დაწინაურდა და ეგვიპტის უმაღლესი პირი გახდა. მან ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, სურდა ეგვიპტე დამოუკიდებელი გამხდარიყო. საბოლოოდ, ის 1773 წლის 8 მაისს დაიღუპა.

ალი ბეის უღალატა მისმა მამლუქმა, დის ქმარმა, მუჰამედ ბეი აბუ ზაჰაბმა, რომელიც ასევე აფხაზეთიდან და, დიდი ალბათობით, იყო ქართველი, რადგანაც მისი გარემოცვა იყო ქართული“.

მუჰამედ ბეი აბუ ზაჰაბი 1773-1775 წლებში თავად გახდა ქვეყნის მმართველი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ეგვიპტეს ორი ქართველი განაგებდა:

„ერთი იყო იბრაჰიმ ბეი, გვარად შინჯიკაშვილი, მარტყოფიდან, - მისი ძმის, ბასილის, შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ მარტყოფში, - და მეორე - მურად ბეი, თბილისიდან“.

სწორედ ეს ორი ხელმძღვანელობდა მამლუქთა ლაშქარს ეგვიპტეში ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ „პირამიდების ბრძოლაში“, რომელშიც ნაპოლეონმა მამლუქები დიდი დანაკარგით დაამარცხა. დაიღუპა შვიდი ათასი მამლუქი, ბევრი ნილოსში დაიხრჩო. მურად ბეი ზემო ეგვიპტეში გადავიდა, იბრაჰიმ ბეი კი - სირიაში, თუმცა წინააღმდეგობას ორივე აგრძელებდა.

გოჩა ჯაფარიძე ამბობს, რომ ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციის მარცხის შემდეგ, 1801 წლიდან, ეგვიპტეში შიდა ომები დაიწყო. ამ დროს აღზევდა ოსმალების მიერ ფრანგების წინააღმდეგ ეგვიპტეში გაგზავნილი ალბანური რაზმების მეთაური მუჰამედ ალი, რომელიც მამლუქებს დაუპირისპირდა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამედ ალიმ მამლუქები კაიროს ციტადელში დაპატიჟა, გაუმასპინძლდა და როცა ციტადელს ტოვებდნენ, მამლუქებს ჭიშკარი ჩაუკეტეს და გალავნის კედლებზე განლაგებულმა ალბანელებმა ისინი თითქმის ერთიანად ამოხოცეს. გადარჩა მხოლოდ ერთი, მამლუქი ჰასანი, რომელიც ცხენით გადახტა გალავნიდან და თავი შეაფარა სირიას. ამით დასრულდა მამლუქების ისტორია ეგვიპტეში.

გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე, რომელიც კაიროში იყო, ჰყვება, როგორ აღმოჩნდნენ მამლუქების საფლავებზე. იმ დღეს ერთ-ერთი არაბისტის პაპის დაბადების დღე იყო. დაურეკა და მიულოცა. პაპამ, კახელმა კაცმა, უთხრა, მიდით და ჩემს სახელზე მამლუქების საფლავზე ერთი ვარდი მაინც მიიტანეთო.

„თავიდან სხვა მამლუქების საფლავებზე მოვხვდით. მერე გაირკვა, რომ ქუჩის კუთხეში იყო, რასაც ვეძებდით. ძალიან ამაღელვებელი იყო. საერთოდ, ეგვიპტე ისეთი ქვეყანაა, სხვადასხვა შრეს ეხები ისტორიისას და ქართულ ნაწილს რომ შეეხები, ძალიან ამაღელვებელია“.

კაიროში არის ძველი, დიდი სასაფლაო, რომელსაც დიდი კარაფა ჰქვია და ამჟამად იქ, საფლავებს შორის აშენებულ ქოხებში, 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დიდ კარაფაზე რაიმეს მოძიება საკმაოდ რთულია. ქართველი მამლუქების საფლავებს გოჩა ჯაფარიძემ მცირე კარაფაზე მიაგნო. მან გაარკვია, რომ როდესაც ალი ბეი ალ-ქაბირი გარდაიცვალა, ის თავისი პატრონის, იბრაჰიმ ქათხოდას გვერდით დაასაფლავეს. შემდეგ იქვე დაკრძალეს წარმოშობით ქართველი ისმაილ ბეი ალ-ქაბირი, რომელიც რამდენჯერმე გახდა ეგვიპტის პირველი პირი.

2000 წელს გოჩა ჯაფარიძემ და საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, პროფესორმა აპოლონ სილაგაძემ ეს საფლავები მოინახულეს.

„პირდაპირ წავედით, რადგან ვიცოდით, სად უნდა მივსულიყავით. ჩემი მეუღლეც იყო, რომელმაც ყვავილები წამოიღო. 250-260 წლის შემდეგ ქართველები პირველად მივედით ქართველი მამლუქების საფლავებზე და პატივი მივაგეთ მათ. იქ აშკარად იკითხებოდა ალი ბეი ალ-ქაბირის საფლავის ქვის წარწერა, ასევე აშკარად - ისმაილ ბეი ალ ქაბირის საფლავის ქვის წარწერაც. მესამე საფლავი ანონიმური იყო, მაგრამ თარიღისა და წარწერის მიხედვით დავადგინეთ, რომ ის ეკუთვნოდა იბრაჰიმ ქათხოდას, ალისა და ისმაილის პატრონს, რომელმაც გზა გაუხსნა ქართველებს ძალაუფლებისკენ“.

იქვე, ადმინისტრაციაში, კაიროს მუსლიმური სიძველეების კატალოგიდან გოჩა ჯაფარიძემ ისიც გაარკვია, რომ ერთ-ერთ რაიონში დასაფლავებული იყო სულეიმან აღა ანაფი, ეგვიპტის გამგებლის, იბრაჰიმ ბეის (შინჯიკაშვილი) მოადგილე და მარჯვენა ხელი, მარტყოფიდან, გვარად კნოტიშვილი.

„მაშინვე ჩავსხედით მანქანაში, მოვინახულეთ სულეიმან აღას აკლდამა, სადაც მისი ვაჟის საფლავიც იყო. დიდი პიროვნება იყო სულეიმან აღა ანაფი. ჯერ ერთი, მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე მეფესთან და, მეორეც, ქართველ ტყვეებს, რომლებიც მამლუქები ვერ გახდებოდნენ, აძლევდა საგზაო ხარჯებს და უკან, საქართველოში, აბრუნებდა. იგივეს აკეთებდა იბრაჰიმ ბეიც (შინჯიკაშვილი)“.

თავად იბრაჰიმ ბეის საფლავი უცნობია. ვიცით, რომ ის შვილის - მარზუკ ბეის -გვერდით დაასაფლავეს 1817 წელს. მარზუკი კაიროს ციტადელში დაიღუპა, როდესაც მუჰამედ ალი ფაშამ მოტყუებით ამოწყვიტა მამლუქები. მარზუკი ერთადერთი იყო, ვინც ადამიანურად დაიმარხა, ამის უფლება ფაშასგან დედამისმა გამოითხოვა. მამა-შვილის საფლავები დაიკარგა, თუმცა გოჩა ჯაფარიძემ მიაკვლია აკლდამას, რომელიც 1775 წელს იბრაჰიმ ბეიმ სათავისოდ აიშენა, მაგრამ რადგანაც ის 40 წლის შემდეგ გარდაიცვალა, ამ საფლავში სხვა დაკრძალეს.

მამლუქებს ქართული ადათ-ჩვევები რომ ჰქონდათ შენარჩუნებული, ეს უეჭველია. ცოლებად მოჰყავდათ ქართველი ქალები მონათა ბაზრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მათი შვილებიც, პირველი თაობა მაინც, ქართულად ლაპარაკობდნენ, ღვინოსაც კარგად სვამდნენ. მურად ბეის, რომელიც კაიროში ცხოვრობდა და შესანიშნავი სასახლე ჰქონდა (მისი ქუჩა დღესაც არის კაიროში), ჰქონდა ესანიშნავი ვენახიც. როდესაც ფრანგებმა იქაურობა დაიკავეს და ეს ვენახი ნახეს, გაოცდნენ, - ამბობს გოჩა ჯაფარიძე.

გოჩა ჯაფარიძის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მამლუქების დიდი ნაწილი ეგვიპტიდან საქართველოში აღარ ბრუნდებოდა, სამშობლოსთან ურთიერთობას მაინც არ წყვეტდა. ამის დასტურია მათი მიმოწერა, თუნდაც ერთ-ერთი მამლუქის - სელიმ აღას (მარტყოფიდან, გვარად ძანანაშვილის) - წერილი, რომელსაც საქართველოში მიწები ჰქონდა ნაყიდი. თავის ბარათში ის სწორედ ამას წერდა, „იქნება ღმერთმა ხელი მომიმართოს და ჩემ ქვეყანაში დაბრუნება მეღირსოსო“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG