საქართველოს ეკონომიკა თანდათან რეცესიიდან გამოდის, რასაც საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადის ზრდა მოწმობს. თუმცა საინტერესოა, რა ხდება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ ნაკადთან, ფულად გზავნილებთან, დაკავშირებით.
ბოლო ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე გზავნილების თაობაზე მოიპოვება, 2016 წლის აპრილის თვის მონაცემებია. გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამორიცხული თანხის მოცულობა 94.8 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა 16.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებლები ასეთია: საქართველოში ჩამორიცხული თანხები 4 პროცენტით, ხოლო ქვეყნიდან გადარიცხული თანხები 12.4 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, შემოსული თანხები ამ ეტაპისთვის მაინც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოდან გასულ თანხებს.
საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები თავიანთ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან. მსოფლიოს მასშტაბით 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს.
ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოსთვისაც, სადაც მათმა მოცულობამ მშპ-ს თითქმის 6 პროცენტიც კი შეადგინა.
როგორც 2016 წლის აპრილის სტატისტიკა გვამცნობს, გადმორიცხვების უდიდესი წილი, 33.3 პროცენტი, ტრადიციულად მოდის რუსეთის ფედერაციაზე, რაც, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2015 წლის აპრილის თვესთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციიდან ჩამორიცხულმა თანხებმა 14.6 პროცენტით იკლო. რუსეთისაგან განსხვავებით, იმატებს გადმორიცხვები ევროკავშირიდან. თუ გასული წლების განმავლობაში რუსეთის წილი მთლიან გადმორიცხვებში აჭარბებდა ევროკავშირის წილს, 2016 წლის დასაწყისიდან ტენდენცია შეიცვალა. მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხების წილი 3 პროცენტული პუნქტით აჭარბებს რუსეთიდან შემოსული თანხების წილს. აპრილში შემცირდა საბერძნეთიდან გადმორიცხული სახსრების კლების ტემპი და კლებამ მხოლოდ 12 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო თვეში 19.5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა იტალიიდან წარმოებული ტრანსფერების შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ესპანეთისა და გერმანიის შემთხვევაში (34.1 პროცენტი და 40.2 პროცენტი, შესაბამისად). მაღალი ტემპებით მატება გრძელდება ისრაელიდან და აშშ-დან წარმოებულ ტრანსფერებში (90.9 პროცენტი და 21.3 პროცენტი, შესაბამისად). წლიურად გაიზარდა ტრანსფერები თურქეთის შემთხვევაშიც და მატებამ 26.1 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო თვეში კვლავ ზრდა დაფიქსირდა უკრაინიდან განხორციელებულ გადმორიცხვებში (6.9 პროცენტი).
ფულადი გზავნილების მნიშვნელობის გასაცნობიერებლად აღსანიშნავია შემდეგი სტატისტიკა: ფულადი გზავნილები საქართველოში შემოსული გრანტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და განვითარების ხელშეწყობის ოფიციალური დახმარების სხვადასხვა წყაროსგან განსხვავებით, ფულადი გზავნილებისთვის არ არის დამახასიათებელი უკუნაკადები პროცენტის, ვალის ან დივიდენდის გადახდის ფორმით.