Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამზადისი პროკურატურის რეფორმირებისათვის


გენერალური პროკურატურა
გენერალური პროკურატურა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ სისხლის სამართლის სისტემის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა, პროკურატურის დაგეგმილ რეფორმირებაზე ილაპარაკეს. სხდომას ხელისუფლების სამივე შტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბჭომ პროკურატურის რეფორმებზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმირების დასაწყებად საკანონმდებლო ბაზა გაზაფხულისთვის იქნება მზად.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაზე მომუშავე კომისიის წევრებს საბჭოს ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა მიმართა და რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალება გააცნო პროკურატურის რეფორმის დაწყების თაობაზე. იუსტიციის მინისტრმა წინა ხელისუფლებისგან მიღებული მემკვიდრეობა შეაფასა და ილაპარაკა იმ „ხარვეზიანი“ ცვლილებების შედეგებზეც, 2013 წლის მაისში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, პროკურატურაში რომ განახორციელა:

„რა თქმა უნდა, პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმისას არ განიხილება ის საკითხი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას - მათ შორის, იუსტიციის მინისტრს -დაუბრუნდეს საპროკურორო უფლებამოსილებები, რადგან ის გარდამავალი მოდელი, რომელიც 2013 წლის მაისში შემოვიდა საქართველოში, თუკი რამით იყო პოზიტიური, იყო იმით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, იუსტიციის მინისტრს, აღარ აქვს ამ მოდელში საპროკურორო უფლებამოსილება და ეს ასეც უნდა დარჩეს“.

მთავარია, ჩვენ მივიღოთ ისეთი პროკურატურა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე კი არ იქნება დამოკიდებული, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მიიღებს ამა თუ იმ სამართლებრივ გადაწყვეტილებას...
კახა კახიშვილი

თეა წულუკიანის სიტყვებით, უწყებათაშორისი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, არსებულ კონსტიტუციურ მოწყობაში სად განუსაზღვროს პროკურატურის ორგანოებს ადგილი. ამასთან, შედგება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი ცვილებების პროექტის წერას გაზაფხულისთვის დაამთავრებს.

სხდომას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მან ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ხედავს რეფორმირებულ პროკურატურას. მისი თქმით, ის უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე თავისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.:

„მთავარია, ჩვენ მივიღოთ ისეთი პროკურატურა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე კი არ იქნება დამოკიდებული, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მიიღებს ამა თუ იმ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, არამედ მიიღებს ქვეყნის ინტერესების შესაფერ გადაწყვეტილებას“.

რეფორმირებისთვის საჭირო საქმიანობაში სამოქალაქო სექტორთან ერთად მთავარი პროკურატურაც ჩაერთვება. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, ლაპარაკობენ პროკურატურის პოლიტიზებულობის თაობაზე, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, პროკურატურა მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეფორმირების პროცესში:

ჩვენ გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მთავარი არის ორი რამ: ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ნეიტრალურობა, თავისუფლება ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისაგან...
ანა ნაცვლიშვილი

„მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რაც ჩვენ წილად გვხვდა, ვფიქრობ, რომ საკმაო წარმატებას მივაღწიეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რეფორმირების გზაზე გაჩერება არ შეიძლება და ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. პროკურატურის პოლიტიზებულობასთან დაკავშირებული განცხადებები არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. ამის არანაირი რეალური მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას და იმას, რომ პროკურატურა თითქოს არ იძიებს რაღაც ფაქტებს, არასწორი ინფორმაციაა და ისეთი ფაქტი არ არსებობს, რაც პროკურატურის ქვემდებარე იყო და პროკურატურამ ამას თავი აარიდა“.

პროკურატურის შესახებ მოქმედი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დანიშნოს მთავარი პროკურორი ან გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან, რაც, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პროკურორს მთავრობაზე დამოკიდებულს ხდის და კანონის ეს ნაწილი მნიშვნელოვნადაა შესაცვლელი. ცვილილებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარემ ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, რეფორმის შედეგი უნდა იყოს ის, რომ მოიხსნას ყველანაირი შეკითხვა პროკურატურის პოლიტიზებულობასთან დაკავშირებით და შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი:

„ჩვენ გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მთავარი არის ორი რამ: ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ნეიტრალურობა, თავისუფლება ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისაგან და, მეორე მხრივ, ისეთი მოდელის შექმნა, რომ პროკურატურა იყოს ანგარიშვალდებული კანონისა და საზოგადოების წინაშე“.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრეზენტაცია გავმართეთ, დაახლოებით ათამდე მიმართულება გამოვყავით, რომელიც ცვლილებას საჭიროებს. ეს არის მთავარი პროკურორის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი, რიგითი პროკურორის უფლებამოსილების გაზრდის საკითხი...
არჩილ კბილაშვილი

მიმდინარე კვირაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპულმა არჩევანმა“ გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფცია, რომლის მიზანია სამართლიანი და ეფექტური პროკურატურის შექმნა. პროკურატურის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, პროკურორი თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით (მაგალითად, ხუთი წლით); თანაც, ეს ვადა არ უნდა ემთხვეოდეს საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ფორმირების მორიგ ციკლს. კონცეფციის ავტორებს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნიათ ერთსა და იმავე პირს ამ თანამდებობის დაკავების უფლება მხოლოდ ერთხელ მიეცეს, რათა განმეორებითი არჩევის სურვილით არ იქნეს შესუსტებული მისი საპროკურორო სიმტკიცე.

„საქართველოს ევროპული არჩევანის“ დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი 27 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ეფექტური პროკურატურის შექმნა, ასევე ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პოკურატურის სისტემის დამოუკიდებლობასა და პროკურორების პროფესიონალიზმის გაზრდას:

„რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრეზენტაცია გავმართეთ, დაახლოებით ათამდე მიმართულება გამოვყავით, რომელიც ცვლილებას საჭიროებს. ეს არის მთავარი პროკურორის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი, რიგითი პროკურორის უფლებამოსილების გაზრდის საკითხი, ეს არის პროკურატურის ორგანოებს შორის კომპეტენციათა განაწილების საკითხი, ეს არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი - პრაქტიკულად ყველა თემა, რაც პროკურატურის გამჭვირვალობას უკავშირდება“.

პროკურატურის რეფორმირების აუცილებლობას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ხიდაშელიც. მისი სიტყვებით, დღეს პროკურატურა არ აწარმოებს პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას, თუმცა ამის შესაძლებლობას კანონი იძლევა. ამიტომ, ამბობს ის, ისეთი სახის ინსტიტუციური მოწყობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც მსგავსი ეჭვის გაჩენის საშუალებასაც არ დატოვებს.

ამ აზრს იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ღია, პროფესიული და გამჭვირვალე პროკურატურა. მისი თქმით, ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა და, ამ კონტექსტში, პროკურატურის რეფორმირებისას საგამოძიებო ორგანოს პროკურატურასთან მიმართების საკითხიც უნდა განისაზღროს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG