Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარწყავი წყლის უქონლობით გამოწვეული პრობლემები ადიგენში


ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სარწყავ წყალზე გადასახადის ოდენობა განისაზღვრა. საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. წყალსაცავებიდან თვითდინებით მიწოდებული სარწყავი წყლით სარგებლობისათვის 1 ჰექტარზე – 30 ლარი, წყალსატუმბი სადგურებიდან ელექტროენერგიის ხარჯზე მიწოდებული სარწყავი წყლით სარგებლობისათვის კი - 1 საათში 70 ლარი – ეს ის ტარიფია, რომლის გადახდაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს რწყვის სეზონზე მოუწევთ. გადასახადის აღნიშნული ოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს, თუმცა ამას საკრებულოს წევრთანაწილის პროტესტი მოჰყვა.

სანამ ადიგენის საკრებულოში დეპუტატები სარწყავი წყლის ტარიფს ადგენენ, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა სარწყავი წყლის არარსებობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ლაპარაკობს. სოფელ ბოლაჯურში ამბობენ, რომ უწყლობისგამო ადგილობრივებს მოსავალი უფუჭდებათ, სოფლის მოსახლეობა კი მელიორაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რწყვის სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა სოფლებს სარწყავი წყალი არ მიეწოდება.

იმ ფაქტს, რომ სარწყავს წყალთან დაკავშირებით ბოლაჯურისა და ქვემო ენთლის მოსახლეობას ყოველწლიურად პრობლემები ექმნებათ, ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატიც ადასტურებს. კობა ჩხიტუნიძის თქმით, სოფლებში საჭირო ოდენობის წყალი არ არის, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათ პროექტი შეადგინეს. მიუხედავად ამისა, ქვემო ენთლის მოსახლეობა ნაკვეთების სრულ გასარწყავიანებას წელს მაინც ვერ მოახერხებს.

ადიგენის გამგებელი ირწმუნება, რომ რწყვის სეზონს მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდა და პრობლემა არც ერთ სოფელში არ არის. ზაქარია ენდელაძის თქმით, ივნისში დაფიქსირებული სტიქიის მიუხედავად, ამ დრიოსათვის სარწყავი არხები გაწმენდილია და ადგილობრივებს ამ მხრივ დაბრკოლება არ ექნებათ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განმარტავს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბოსტნეული კულტურების მორწყვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერები მოსავლის გათვლილ რაოდენობას ვერ მიიღებენ. რაც შეეხება წყლის გადასახადის ტარიფს, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააწესა, თანხის ოდენობა მათთვის კვლავ პრობლემად რჩება.

XS
SM
MD
LG