Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მეორე ვეტო


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს, რომელიც 28 ნოემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და მოსმენების გასაღები შსს-ს დაუტოვა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. ამ კანონპროექტზე ეს მარგველაშვილის უკვე მეორე ვეტოა. 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინზე პრეზიდენტმა პარლამენტს საკითხის გადაწყვეტის ახალი ვარიანტი შესთავაზა და საკანონმდებლო ორგანოს მისი გათვალისწინება ურჩია.

29 ნოემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტზე უკვე მეორედ დადებული ვეტო იმით ახსნა, რომ ამ კანონით არ არის დაცული ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს შორის. მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ამ პროცესში სასამართლოს როლის გაძლიერება და პარლამენტს მისი შენიშვნების გათვალისწინება ურჩია:

„ჩვენ ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას, ამ გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, იძლევა სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დაცული იყოს“, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ვეტოს ელოდნენ საპარლამენტო უმრავლესობაში. უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მორიგ ვეტოს უმრავლესობა 76 ხმით ადვილად დაძლევს და პრეზიდენტს მოუწოდა, სასწრაფოდ მიაწოდოს შენიშვნები პარლამენტს.

ცნობილია, რომ ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს განცხადება ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მკაფიო პოზიცია აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალები“ კანონპროექტის არც ერთ ვარიანტს, რომელშიც შსს ფლობს ძირითად წვდომას მოსმენებზე, მხარს არ დაუჭერს.

პროცესში აქტიურად ჩართული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტისათვის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტიც მიუღებელი აღმოჩნდა, მაშინ მას გაუმყარდება ეჭვი, რომ შსს ისევ გეგმავს უკანონო მოსმენებს.

საიას გარდა, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კომპრომისული და გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზა. 28 ნოემბერს არასამთავრობო სექტორმა ამავე საკითხზე მარგველაშვილთან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაშიც გამართა შეხვედრა, სადაც მათ პრეზინდენტს გაუზიარეს მოსაზრება, თუ რატომ იმსახურებდა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ვეტოს, ხოლო პრეზიდენტისგან პირადად მოისმინეს მისი ალტერნატიული ვარიანტის შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია განმარტავს, რას გულისხმობს პრეზიდენტის ვარიანტი:

„პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ, მისი ვერსიით, შსს-ს არ ექნება არანაირი წვდომა არც სატელეფონო და არც ინტერნეტკომუნიკაციაზე მანამ, სანამ სასამართლოს ნებართვა არ ექნება და სწორედ სასამართლო არ მისცემს ტექნიკურად წვდომას შსს-ს მოსმენებზე. მოკლედ, აქ საუბარია ერთ გასაღებზე, რომელიც ექნება სასამართლოს“.

აქვე გავიხსენოთ, რომ პარლამენტმა 28 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. ერთი დღით ადრე კი, 27 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა და რომელიც ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობდა. ამ კანონპროექტისგან განსხვავებით, დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა მეორე კანონპროექტთა პაკეტმა, რომელიც ეგრეთ წოდებული ორი გასაღების პრინციპს ეფუძნება - კერძოდ, აქტით, რომელსაც გამოსცემს მოსამართლე, გადაუდებელ შემთხვევაში კი - პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რთავს მოსმენის აპარატურას. პროცესში, როგორც მაკონტროლებელი რგოლი, ერთვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონი საკანონმდებლო ორგანომ 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიიღოს. ასეთია ვადა, რომელიც მათ პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს გამოყენებული პირველი ვეტოთი განუსაზღვრა. სწორედ ამ ვადამდე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსმენების განხორციელების უფლება.

კანონპროექტზე შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს დღის ბოლოს გადაუგზავნა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, პროექტზე 20 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შენიშვნები გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზეც.

მოგვიანებით შენიშვნების განხილვის პროცედურაზე პარლამენტის ბიურომ იმსჯელა და დაადგინა, რომ პლენარული სხდომა 30 ნოემბერს 11:30 საათზე გაიმართება, მანამდე კი 10:00 საათზე ჩატარდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც დეპუტატები წარმოდგენილ შენიშვნებს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის სესიაზე ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებზე იმსჯელებენ, რასაც კენჭისყრა მოჰყვება - დეპუტატები ან ვეტოს დაძლევენ, ან პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG