Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთში


უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა სახელდება საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელსაც 28-29 სექტემბერს სტამბოლი მასპინძლობდა. საქართველოს ძირითადი იმედი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკავშირდება. რა ხელისშემშლელი ფაქტორები იკვეთება იმედიანი პროგნოზების ფონზე?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც თურქეთი მასპინძლობდა, წარმოადგენს დავოსის ფორუმის რეგიონალურ შეხვედრას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. თუკი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ფორუმის გახსნის დროს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტამბოლში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის. თურქეთის ფორუმის მთავარი აქცენტები რეგიონალურ განვითარებას და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებს უკავშირდებოდა და სწორედ ამავე აქცენტებს მოიცავს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებაც თემაზე "ევროკავშირი, სამეზობლო და მის ფარგლებს მიღმა".

იქნებოდა ეს უშუალოდ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სარბიელზე თუ თურქეთში გამართული სხვა არაერთი შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს საქმიანი წრეების დაინტერესება წარმოადგენდა.

ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან; მეორე მხრივ, საქართველოს აკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულებები. ისევე, როგორც საქართველოს მინიმუმამდე აქვს დაყვანილი ან ბოლომდე აქვს აღმოფხვრილი სატარიფო და არასატარიფო ბარიერები...
გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის თქმით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რითაც საქართველოს საკუთარი უპირატესობების წარმოჩენა შეუძლია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტი მუდმივად უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ”ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რჟიმის მქონე” ქვეყნის უპირატესობას. მთავარი აქცენტი კვლავ ევროკავშირზე კეთდება:

”ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან; მეორე მხრივ, საქართველოს აკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულებები. ისევე, როგორც საქართველოს მინიმუმამდე აქვს დაყვანილი ან ბოლომდე აქვს აღმოფხვრილი სატარიფო და არასატარიფო ბარიერები, რაც ვაჭრობასთან არის დაკავშირებული - როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე უფრო ფართოდ - მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო საინტერესოა ნებისმიერი ინვესტორისთვის: მათ შეუძლიათ საქართველოში განახორციელონ ინვესტიცია, შექმნან პროდუქცია და მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ბაზარზე ეს პროდუქცია გაიტანონ ყოველგვარი დაბეგვრის, სატარიფო და არასატარიფო დანახარჯების გარეშე”.

ამავე დროს, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ინვესტორების მოზიდვის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება ყოველითვის მახვილდება საქართველოს საგანგებო როლზე ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. მისი თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, რომ, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იყოს როგორც ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, ასევე ჩამოყალიბდეს ლოგისტიკურ ცენტრად და ეფექტიანად გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა, რაც მას უჩნდება აბრეშუმის გზის სარტყელის ფარგლებში”.

არ არის გამოკვეთილი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგია ეკონომიკასთან დაკავშირებით. არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელსაც წაიკითხავს დაინტერესებული ინვესტორი და მიხვდება, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ...
დემურ გიორხელიძე

ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში დიდ პერსპექტივებს ხედავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე საინვესტიციო გარემო უცხოელთა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება და ამას ”საქსტატის” მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიც ცხადყოფს. გიორხელიძის აზრით, სასურველი შედეგის მისაღწევად ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ინვესტორები ძირითადად ერიდებიან ინვესტიციების განხორციელებას განვითარებად ქვეყნებში:

”არ არის გამოკვეთილი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგია ეკონომიკასთან დაკავშირებით. არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელსაც წაიკითხავს დაინტერესებული ინვესტორი და მიხვდება, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში”.

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ეკონომიკურ ფორუმზე
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ეკონომიკურ ფორუმზე

მათ, ვინც ფიქრობს, რომ უცხოელი ინვესტორების საქართველოსკენ მოზიდვას შიდაპოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებული საერთაშორისო ეჭვები აფერხებს, არ ეთანხმება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. ის თვლის, რომ ამგვარი ეჭვების საპირისპირო ეჭვებიც არსებობს და, ზოგადად, ეჭვები ვერ შეაჩერებს რეალურად დაინტერესებულ ბიზნესმენებს. ამ ფონზე ის უმნიშვნელოდ მიიჩნევს დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის:

”ამ შემთხვევაში, როდესაც საგარეო ორიენტაციაზეა ლაპარაკი, პრეზიდენტიც და პრემიერიც, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე პლატფორმაზე დგანან და მათი პოზიციები ერთმანეთისაგან ამ შემთხვევაში არ განსხვავდება”.

საქართველოს პრეზიდენტის 2-დღიანი სამუშაო ვიზიტი თურქეთში 28 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან და ბისეკის - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის -გენერალურ მდივანთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG