2 ივნისს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი პოლიციელებს ამ დღეს ულოცავდნენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქციას მართავდა. უკვე მეოთხე წელია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს „2 ივნისის მოძრაობაც“ - მათი წლევანდელი ლოზუნგი იყო „არ დაიჭირო“.
საქართველოს ეროვნული ჰიმნით და შს მინისტრის მისალმებით დაიწყო 2ივნისს შსს-სთან პოლიციელის პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
”მე ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი, რას ნიშნავს იყო პოლიციელის ოჯახის წევრი. მე ვიცი, რას ნიშნავს ყოველდღე შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. ვიცი, რას ნიშნავს გეღუპებოდეს თანამებრძოლი“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და როგორც მოქმედ პოლიციელებს, ისე სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დროის მიღწევები შეაჯამა:
„ჩემთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია დღეს, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული. 2012 წლის შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა. ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენთაგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. სწორედ ამ მიზნით გავაღრმავეთ მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. შევიმუშავეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტი, მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა საგამოძიებო მექანიზმების დახვეწის მიზნით და ასევე ვქმნით დნმ ბანკს“.
დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას. ამ მხრივ მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში...გიორგი კვირიკაშვილი
საზეიმო აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა - ლურჯი ფორმები ეცვათ საპატრულო პოლიციელებს, თეთრ ფორმებში იყვნენ გამოწყობილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი კამუფლირებულ უნიფორმაში გამოჩნდა, 112-ის თანამშრომლები - წითელ ბერეტებში. სამინისტროს წინ სპეციალურად ამ დღისთვის ფარის ფორმის სცენა იყო დამონტაჟებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბის გამოსახულებით. შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, ამ სცენიდან მიმართა პოლიციელებს, შსს-ს თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პროფესიული დღე მიულოცა, ქვეყნის სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული პოლიცია მალე გაუთანაბრდება ევროპულ სტანდარტებს:
„დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას. ამ მხრივ მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში. სამინისტრო, ჩვენი პოლიციელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემცირდეს დანაშაული, ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს და საამისოდ არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ“.
პოლიციელის დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმს დაამთხვიეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა, რომლებმაც საპროტესტო შინაარსის ბანერის გაშლა სწორედ შსს-სთან ახლოს სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა წითელ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი დიდი ბანერი, წარწერით „ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ისევ გრძელდება“, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც გაშალეს. სიმბოლური იყო ისიც, რომ ბანერის ერთ კუთხეში გამოსახული იყო წინა ხელისუფლების მმართველი პარტიის საარჩევნო ნიშანი, მეორე კუთხეში კი - მოქმედის. როგორც მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი განმარტავს, ეს იმიტომ, რომ ორივე ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა სწორედ პოლიციურ დევნას ეფუძნებოდა და ეფუძნება, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. ასეთ ძალადობრივ პოლიტიკას არა აქვს პრევენციული ხასიათი, ამბობს ბექა:
„ჩვენი მესიჯი ის იყო, რომ დღეს ნარკოპოლიტიკაში მთავარი როლი სწორედ პოლიციას ეკისრება და პოლიციურ პრინციპებს ეყრდნობა და ამის დასტურია თუნდაც ლევან აბზიანიძის გარდაცვალების შემთხვევა, რომელსაც არ მიაწოდეს კუთვნილი ულუფა საპყრობილეში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ თმობს ადამიანების კონტროლისა და დევნის პოლიციურ ბერკეტს“.
სიმბოლურია ისიც, გვითხრა ბექა წიქარიშვილმა, რომ სწორედ ამ დღეს, 2 ივნისს, უკვე მეოთხე წელია თბილისში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციები ტარდება, სახელმწიფომ კი სწორედ ამ დღეს დაამთხვია პოლიციელის პროფესიული დღის აღნიშვნა. „2 ივნისის მოძრაობა“ წელსაც მივიდა სახელმწიფო კანცელარიასთან ლოზუნგით „არ დაიჭირო“. მათ მოთხოვნებს შორის კი იყო ყველა სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება, ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტა, ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმება, პირადი მოხმარების მიზნით კანაფის კულტივირებისთვის სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება. „2 ივნისის მოძრაობის“ წევრი ლექსო მაჭავარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ მათ მომავალ წელს მსგავსი აქციის ჩატარება აღარ დასჭირდებათ:
„ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო ასეთი აქცია და ხელისუფლება შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დანაპირებს და გადახედავს იმ კანონმდებლობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აუბედურებს და უშვებს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ნარკოტიკის მომხმარებლები არიან“.
თუმცა ლექსო მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ, მიუხედავად ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერის რიტორიკისა, რომ ადამიანს ნარკოტიკის მოხმარებისათვის ციხეში არ უნდა სვამდნენ, ჯერჯერობით რეალური ცვლილება არ ჩანს. ამის დასტურია პარლამენტის მიერ უარყოფილი კანონპროექტიც. ლექსო მაჭავარიანი და მისი თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელიც მას ეუბნება - „არ დაიჭირო!“ სანამ ეს სიტყვები არ ქცეულა მიმართვად - „ვეღარ დამიჭერ“.