ჯენიფერ ლოურენსის, კეიტ აფტონის, კირსტენ დანსტის და სხვა ვარსკვლავების პირადი ფოტოების ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებამ კვლავ წამოჭრა თემა თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამართალდამცველი ორგანოები, სერვისი, საიდანაც პირადმა ინფორმაციამ გაჟონა და სადაც საბოლოოდ აღმოჩნდა, მსხვერპლი და ამ მასალის ინტერნეტში გამავრცელებელი. ერთ დღეში 48 მილიონი ადამიანი შევიდა საიტზე, რომელიც მომხმარებელს ჰპირდებოდა, რომ მალე დადებდა ემა უოტსონის ფოტოებსაც. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს საიტი ეკუთვნოდა ვირალური მარკეტინგის კომპანიას, რომელმაც საიტზე გამოაქვეყნა მოთხოვნა და პეტიცია ბარაკ ობამას მისამართით, რომ დაეხურა "4chan", საიტი სადაც პირველად აიტვირთა უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაცია. დისკუსია თემაზე კვლავ გრძელდება, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და როგორი სიტუაციაა ამ კუთხით საქართველოში, ამის შესახებ საუბრობს იურისტი, გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან".