Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების პირველები


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილე პარტიების პარტიული და მაჟორიტარული სიების წარდგენის ვადა პირველ სექტემბერს 18 საათზე იწურება. საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”, "ახალი მემარჯვენეები", "ზვიად გამსახურდიას გზა - თავისუფალი საქართველო", პარტია "მომავალი საქართველო", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" და "ჯონდი ბაღათურია - ქართულ დასი" - ეს ის პარტიებია, რომლებმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული და მაჟორიტარული სიები უკვე წარადგინეს. რა ფუნქციები და ვალდებულებები ეკისრებათ პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებული18 პოლიტიკური სუბიექტიდან ექვსმა პარტიული და მაჟორიტარული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინა, იმ დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი კი - ასეთი სულ 12-ია - რომელთაც კომისიაში პარტიული და მაჟორიტარული სიები ჯერ არ წარუდგენიათ, მედიის წარმომადგენლებისათვის პრესკონფერენციებს მართავს და საზოგადოებას პარტიული სიების პირველ ნომრებს აცნობს. ჯერ კიდევ 10 დღის წინ გახდა ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომრისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა. ჩიორა თაქთაქიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი, ამბობს, რომ ისინი სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 სექტემბერს წარადგენენ.
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერი არის დავით ბაქრაძე (პარლამენტის თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ვანო მერაბიშვილი (პრემიერ-მინისტრი). ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში იხილავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტების ლიდერების წინასაარჩევნო ტელედებატებს”, - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

მონაწილეობას ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინასაარჩევნო დებატებში, რომელიც 9 და 18 სექტემბერს გაიმართება, გეგმავს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, პარტიული სიის პირველი ნომერი და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დავით გამყრელიძე. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავით გამყრელიძის პოლიტიკურ შესაძლებლობებზე საუბრობს
ჩვენი სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარვადგინეთ პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე. მართლა მაინტერესებს, ვინ გაუწევს ბატონ დავითს ღირსეულთან მიახლოებულ კონკურენციას იმ დებატებში, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში გაიმართება...
მამუკა კაციტაძე

და აცხადებს, რომ აბსოლუტურად არასერიოზული ორიგინალურობა იქნებოდა მათი მხრიდან პარტიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ახალი მემარჯვენეების“ რომელიმე სხვა წარმომადგენლის დასახელება:

”როდესაც სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიდის, იზრდება პარლამენტის და მთავრობის როლი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში მეტ-ნაკლებად აისახება და დაიწყებს მოქმედებას 2013 წლის პირველი დეკემბრიდან. ამ ფონზე ჩვენ ამომრჩეველს მსოფლიოში აღიარებული ფორმა შევთავაზეთ. ჩვენი სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარვადგინეთ პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე. მართლა მაინტერესებს, ვინ გაუწევს ბატონ დავითს ღირსეულთან მიახლოებულ კონკურენციას იმ დებატებში, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.”

საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნება” ”ახალი მემარჯვენეებისგან ”განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევს. ის სიის პირველ ნომრად კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ასახელებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. საარჩევნო სიის პირველი ათეული მან ჟურნალისტებს 31 აგვისტოს წარუდგინა. საარჩევნო სია 200 წევრისგან შედგება:
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

”პირველი ნომერი გახლავთ კახი კალაძე, სახელოვანი სპორტსმენი და ძალიან კარგი ადამიანი. თუკი ადამიანს რაიმე კარგი თვისება გააჩნია, ყველაფერი აქვს კახის. ერთადერთი მას აკლია პოლიტიკური და პარტიული მუშაობის გამოცდილება და ამას გზადაგზა თვითონაც გაიგებს და მეც სიამოვნებით დავაკვირდები”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

საარჩევნო ბლოკ ”ქართული ოცნების” მეორე ნომერს დასჯერდა პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი მანანა კობახიძე, მესამე ადგილს კი სიაში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. სიის პირველ ათეულშია ”რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, კოალიციის წევრი ზვიად ძიძიგური. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ბლოკ ”ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, თუკი მისივე სიტყვებს გავიმეორებთ, მას უკვე აქვს წარმოდგენა, თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

რა ფუნქციები და ვალდებულებები ეკისრება პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს, უნდა იყოს თუ არა პარტიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრობის ან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ ”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეს, კონსტანტინე კანდელაკს მიმართა. მისი თქმით, თუკი უკანასკნელი წლების მაგალითებს გადავხედავთ, პარტიის პირველი ნომერი, გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ხდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის პირველმა ნომერმა აუცილებლად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი უნდა დაიკავოს.
ეს ნომრები უფრო სიმბოლური და ამომრჩეველზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რადგან ამომრჩეველს მხოლოდ პირველი ხუთეული ამახსოვრდება და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ვინ არის სიის შუაში ან ბოლოში...
კონსტანტინე კანდელაკი

”შეიძლება პირველმა ნომერმა აღმასრულებელ ორგანოში გადაინაცვლოს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში, პირველი ნომრები ძირითადად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები ან ფრაქციის თავმჯდომარეები ხდებიან. ანუ ის, რომ პირველი ნომერი მაინცდამაინც ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს, ან სხვა რაიმე მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავოს, არანაირად არ არის ასე. ეს ნომრები უფრო სიმბოლური და ამომრჩეველზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რადგან ამომრჩეველს მხოლოდ პირველი ხუთეული ამახსოვრდება და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ვინ არის სიის შუაში ან ბოლოში”, - ამბობს კონსტანტინე კანდელაკი.

აქვე გეტყვით, რომ 31 აგვისტოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი დაასახელეს „ქრისტიან-დემოკრატებმაც“. მათი სიის სათავეში პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე იქნება. ის იქნება „ქრისტიან-დემოკრატების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც. 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი ისიც, რომ ქრისტიან-დემოკრატების კიდევ ერთი წევრი, ინგა გრიგოლია, მხოლოდ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს და "ქრისტიან-დემოკრატების" პროპორციულ სიაში არ იქნება წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG