ექსკურსიამძღოლი:
- ძვირფასო სტუმრებო, თბილისის ღირსშესანიშნავი ახალშენობები, როგორც წესი, ქალაქის ძველ უბნებშია თავმოყრილი, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მახინჯი და გიგანტური შენობა ფატალური სისწრაფით შენდება რუსთაველის გამზირზე, აი იქ, სადაც ოდესღაც “მხატვრის სახლი” გახლდათ.
მართალია, სტუმართაგან ეს შენობა არავის დაამახსოვრდება, მაგრამ ეს კი ზუსტად ვიცი, რომ თბილისში მცხოვრებ მომავალ თაობებს სამარადჟამოდ მოუწევთ ამ რჩეული სიმახინჯის ცქერა. ეს უკვე ჩვენი ხვედრია და არა ჩვენი ქალაქის ძვირფასი სტუმრების.
აგერ კიდევ ერთი მშვენებაც. გთხოვთ, მარჯვნივ გაიხედოთ, ან მარცხნივ… თუმცა სულ ერთია, რადგან როგორც არ უნდა ატრიალოთ თავი, ეს კიტრის მსგავსი, ქალაქის ორად გამხლეჩი ლოკალური ბაბილონის გოდოლი ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება თქვენს თვალსაწიერში.
აქვე ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ აქ უწინ ამაზე ბევრად დაბალი საცხოვრებელი სახლი იდგა და, აქაოდა, ლანდშაფტს ამახინჯებსო, მაცხოვრებლები ლამისაა თავის ნივთებიანად გადმოყარეს ფანჯრებიდან, ჰოდა, ახლა სამართლიანობამ იზეიმა და იმ ძველის მაგივრად ახალი, მაღალი და კიდევ უფრო ლანდშაფტდამმახინჯებელი ჭოკი აშენდა.
ჩვენი აზრით, მთაწმინდის ქედსაც ისეთივე ბედი ელის, როგორიც სატივეს ეწია ოდესღაც (90-იანების თბილისის ფატალური სახეცვლილების პიონერ-სამოსახლოს): აქ გამაოგნებელი უტიფრობით შენდება ერთი-მეორეზე შეუხედავი შენობები და მალე არათუ მამა დავითის ეკლესიას, არამედ სატელევიზიო ანძის დანახვაც შეუძლებელი გახდება.
ორიოდე კვირის წინ თბილისში შესანიშნავი ეკოლოგიური აქცია მოეწყო: ტვერელის ეკლესიასთან ხეები გაჩეხეს, რაც ალბათ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ აქ მორიგი დიადი კომპლექსის გაშენებას გეგმავენ. თავად კომპლექსში, სავარაუდოდ, მალევე შესახლდებიან სრულიად უკომპლექსო მოსახლეები და დანარჩენ უჟანგბადო და უხეებო ქალაქთან ერთად შეისუნთქავენ ჩვენს საამაყო დაწამლულ ჰაერს.
ძვირფასო სტუმრებო, ეს კი მირზა შაფის ქუჩა და მისი ახლად ჩამოთლილი, ცნობილი კლდეა, სადაც მალე კიდევ ერთ მასიურ კომპლექსს გააშენებენ, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს აბანოთუბანს და ძველ ქალაქს.
ეს ჩვენი დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის ქანდაკებაა, ეს კი ნაგვის ყუთები, საიდანაც თბილისის მთავარი ქუჩა იწყება. სავარაუდოდ, ნაგვის ყუთების სიმსხვილისა თუ სხვა მიზეზთა გამო, მალე ვეღარც რუსთაველის ქანდაკს დავინახავთ და ვეღარც ამ ცნობილი ქუჩის დასაწყისს.
სამაგიეროდ, აუცილებლად დავინახავთ ამაყად ამოწვერილ ქალაქის ორად გამხლეჩ კოლოსს და ნარიყალას გაგრძელებად ქცეულ, ახალი ქართველების წარმატების მომნუსხველ სიმბოლოს: დასახიჩრებულ თბილისს.
P. S. ტექსტი, რომელიც ექსკურსიამძღოლისგან მქონდა მოსმენილი, უკვე ჩაწერილი მქონდა, როცა ბათუმის "ალი და ნინოს" დაზიანების ამბავი გავრცელდა. ამ სამწუხარო მოვლენამ სამართლიანად აღაშფოთა უამრავი ადამიანი, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიული ძეგლების დაზიანება-შებღალვა თითქმის ყოველდღიურად ხდება საქართველოში და ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი მეტნაკლებად ახლოდან გავეცნობით ისტორიული ეკლესია-მონასტრების დღევანდელ ესთეტიკურ ყოფას; თუკი ერთგან პირდაპირ ტაძრების კედლებზე ამაგრებენ გამათბობლებსა თუ გამაგრილებლებს, სხვაგან თვითნებურად აჩაღებენ "რემონტს" და ახალ-ახალ სავაჭრო-სამეურნეო ნაგებობებს აშენებენ გალავნებზე თუ გალავნებს შიგნით.
ბოლო ამგვარ უცნაურობას ყინწვისის მონასტერში წავაწყდი, სადაც თითქმის ყველაფერია იმისთვის გაკეთებული, რომ როგორმე ვერაფრით მოახერხო გენიალური ფრესკის აღქმა და ამის მაგივრად, სხვა საწყენმა ელემენტებმა მიიპყრონ შენი ყურადღება.
იგივე თუნდაც ბაგრატის ტაძრის ვითომდა აღდგენა "ალი და ნინოს" დაზიანებაზე ნაკლები ვანდალიზმი არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ ბაგრატის შემთხვევაში უნებლიე შეცდომასთან ნამდვილად არ გვქონია საქმე, ამ დროს, სავსებით მართებული იქნებოდა, რომ ის ხალხი, ვინც სამართლიან ვერბალურ აღშფოთებას გამოხატავს ბათუმის მოძრავი ქანდაკებების გამო, იმავე მგრძნობელობას იჩენდეს სხვა ვანდალური ფაქტების მიმართაც. თუმცა ისიც მესმის, რომ რაკი ბრაზსა და სიხარულს ჩვენში უმეტესად პოლიტიკური (პარტიული მიმხრობელობის) კონტექსტიდან გამომდინარე გამოხატავენ, ისტორიული ძეგლების "გარემონტების" ამბები ზოგჯერ არცთუ აქტუალურად გვეჩვენება ("მიშას ბათუმის" ალისა და ნინოს დაზიანება ხომ დამატებით ვნებიან საბაბს იძლევა, რომ ოთხი წლით აქტუალურ საძულველ "ქოცებს" შეუთვალონ წყევლა, და პირიქით, "მიშას ველოსიპედის" არსებობით აღშფოთდნენ, რაკი ის მის ინფანტილურ და "სისხლიან" მმართველობას გვახსენებს), მიტოვებული ისტორიული ძეგლი კი პოლიტიკური კონტექსტის მიღმაა და ვის ხელშია ჩავარდნილი, არავინ უწყის…
თუმცა ხომ იცით, უპატრონო ეკლესიას ბოლოს ვინც ეპატრონება?
თუკი ეს ბარბაროსული "რემონტები"და უპასუხისმგებლო შეცვლა-შემოცვლები არ დასრულდება, საქართველოს მაგივრად საბოლოოდ კულტურისმიღმიერ აჯაფსანდალს მივიღებთ.
რაც, პრინციპში, უკვე ვართ კიდეც.