ჩვენ ვიცით - მეფეები მრავლად გვყოლია, გვყოლია ერთიანი საქართველოს მეფეები და გვყოლია ყველა კუთხე-კუნჭულის მეფეც, გვყოლია ბაგრატ დიდიც და ბაგრატ რეგვენიც, ბრწყინვალე გიორგიც და გიორგი ავიც, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მეფეთა შორის გვყავდა ისეთიც, ვისი ხხენებაც ძალიან არ უყვართ ისტორიის მასწავლებლებს.
ესაა სრული გაუგებრობის შედეგად გამეფებული და თავადვე უკიდეგანო გაუგებრობის წარმომქმნელი იმერეთის მეფე ვახტანგ ჭუჭუნასშვილი.
ამ მეფეს ზოგჯერ ჭუჭუნასშვილად მოიხსენიებენ, ზოგჯერ ჭუჭუნაშვილად, ს-ს გარეშე, მაგრამ საქმე არც ამ ძვალივით გამოჩხერილ ასოშია და არც უხერხულად გამოსათქვამ, მეფისთვის არცთუ შესაფერის გვარში - ხელმწიფე ჭუჭუნასშვილი ერთ-ერთი ყველაზე მთხლე და ჯიუტი მეფე ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
ამბობენ, რომ იყო სასტიკიც: ამოიჩემებდა ხოლმე ვინმეს, მტრად წარმოსახავდა და სანამ რაიმენაირად არ მოაშთობდა, მანამდე არ მოისვენებდა.
ცოლ-შეყვარებულის მეცადინეობისა და ენთუზიაზმის წყალობით, იმერეთის კიდევ ერთი გაწამებული მეფე, ბევრ ბაგრატთა შორის კიდევ ერთი უიღბლო ბაგრატი ჩამოაგდო ისედაც მოყანყალებული იმერული ტახტიდან და ჩამოგდებაც არ აკმარა, თვალებიც დათხარა, როგორც წესი და რიგია.
მართალია, ახალ მეფეს ყოვლად თავმდაბალ კაცად მოჰქონდა თავი, - იმერეთის გადარჩენა მინდოდა, თორემ მეფობა რა ჩემი საქმეაო, - მაგრამ, სინამდვილეში, ძალიანაც უნდოდა, რომ ბაგრატიონთა მონათესავე ჭუჭუნასშვილების ახალი დინასტიის მამამთავარი ყოფილიყო.
თუმცა მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, თვალებდათხრილმა ბაგრატმა როგორღაც ისევ მოახერხა ტახტზე დაბრუნება და ამჯერად მას, ჭუჭუნასშვილს დათხარა თვალები, ოღონდ ბოლომდე მაინც ვერ შეძლო მისი დამარცხება, რადგან ხალხის ნაწილი (“ხალხი” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, როცა მეჩვიდმეტე საუკუნის იმერულ სამეფო ესკიზებს ვიხსენებთ) ჭუჭუნასშვილს ამოუდგა გვერდით.
ესე იგი, აქეთ უსინათლო ბაგრატი, იქით უსინათლო ჭუჭუნასშვილი. ორი ბრმა მეფე...
მაგრამ ეს სხვა ამბავია, დიდი და საინტერესო. ისევე, როგორც მეფე ვახტანგ ჭუჭუნასშვილის ამბიციებისა და დაღუპვის ქრონიკა, რომელიც ცალკე თხრობას საჭიროებს.
მთავარი კი ისაა, რომ ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა: მეფეებსა და მეთაურებს შორის “ვახტანგ ჭუჭუნასშვილები” უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე “ვახტანგ გორგასალები” (თუკი მაინც და მაინც ვახტანგებზეა საუბარი), ბაგრატ დიდებისა და დავით აღმაშენებლების შემართებით მოდიან ხოლმე და ვახტანგ ჭუჭუნასშვილებად ასრულებენ მოღვაწეობას, ოღონდ ისე, რომ თვითონ ვერც ხვდებიან, როდის და როგორ იქცნენ “ჭუჭუნასშვილებად”.
საწყალი ჭუჭუნასშვილი მაშინ გამახსენდა, როცა ჯერ ერთმა კაცმა, მერე კი მისი წაბაძვით სხვებმა, “მცირე ჭუჭუნასშვილებმა” მოინდომეს საქართველოს ამჟამინდელი და მომავალი პრეზიდენტების გამოდევნა მათი დროებითი სამუშაო ადგილიდან...
პასუხები ხომ ისტორიაშია: რა გამოლევთ ჭუჭუნასშვილებს.