“რასაც მე ჰიტლერს ვწყევლი, კიდევ რავაა ცოცხალი!”
ნოდარ დუმბაძე, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”
რამდენ მწერალსა და ისტორიკოსს დაუსვამს ეს შეკითხვა: შეიძლება თუ არა შეცვალოს ისტორიის მსვლელობა ერთი დესპოტის სიკვდილმა?
რამდენად მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული შეფარული თუ გაცხადებული ფსიქოპათის აღსასრული ისტორიული თუ პოლიტიკური რეალობის ცვლილებისათვის?
რა მოხდებოდა, მოულოდნელად აგრიპინას რომ დაესწრო თავისი შვილისთვის და ნერონი ბედისწერით განსაზღვრულ დროზე ადრე გაესტუმრებინა იმქვეყნად? სულ ცოტა, რომი ხომ მაინც გადარჩებოდა ცეცხლის ალში გახვევას.
რა მოხდებოდა, ჩინგის ყაენი იმაზე ადრე გამოესალმებინათ სიცოცხლისთვის, ვიდრე ის თუნდაც ირანს გადასცდებოდა? სულ ცოტა, ასი ათასობით ქალი და კაცი მაინც დარჩებოდა ცოცხალი...
რა მოხდებოდა, ევროპის ჟანდარმად წოდებულ ნიკოლოზ პირველს მოხვედროდა რუს ტერორისტთა (ესე იგი, მსოფლიოში ისტორიულად პირველ ტეროროსტთა) ყუმბარა? და არა თუნდაც მის შვილს, ალექსანდრე მეორეს მოგვიანებით. სულ ცოტა, ათასობით ადამიანი არ შეეწირებოდა მის ამბიციასა და პატივმოყვარეობას. სხვა თუ არაფერი, პოლონური აჯანყება მაინც გადაურჩებოდა სისხლში ჩახშობას.
რა მოხდებოდა, შტაუფენბერგს სწორად დაედო თავისი ჩანთა და ადოლფ ჰიტლერი არა 1945 წლის 30 აპრილს, არამედ 1944 წლის 20 ივლისს გამოსალმებოდა სიცოცხლეს? იმ ერთ წელიწადში მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს, გერმანია - გადაწვასა და დანგრევას, ხოლო ნახევარი ევროპა გაწითლებასა და ათწლეულებზე გადაჭიმულ ახლებურ მონობას.
რა მოხდებოდა, სტალინი ისევე შეწირვოდა ადრეულ ინფექციას, როგორც მისი საწყალი და-ძმები? ან თუკი ნიკიტა ხრუშჩოვის არასანდო მემუარებს ვენდობით, იმ 22 ივნისსვე შეეპყროთ შეშინებული (ასე წერს: ეგონა, მის დასაჭერად მივედით აგარაკზეო) და ნაცისტურ-გერმანიასთან გაფორმებული თავდაუსხმელობის შეთანხმების გამო დაეხვრიტათ, როგორც მთავარი და უპირველესი მოღალატე (ისევე, როგორც ბერია დახვრიტეს მოგვიანებით ვითომც იუგოსლავიის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო)? სულ ცოტა, ოციდან სამოც მილიონამდე ქალი და კაცი მაინც გადაურჩებოდა ფიზიკურ განადგურებას...
კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ გაფრენილი ახალი სამასი კაცი მაინც აღარ შეიწიროს ერთმა ბოტოქსით ყვრიმალებდასიებულმა და სამუდამო მმართველად აღზევებულმა ჭკუიდან გადამცდარმა შარიკოვმა?
ნუთუ შესაძლებელია, რომ ერთი კაცი აფერხებდეს ისტორიის ნორმალურ მსვლელობას?
როდის უნდა შეიცვალოს ისტორია?