Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიორიტეტები


რა დამთრგუნველ რეალობაში ვცხოვრობთ: გაიცნობ ადამიანს, დაუმეგობრდები, შემდეგ ის ხელისუფლებაში მოხვდება, გაგიუცხოვდება (ან შენ გაუუცხოვდები), მის შესახებ ბევრ რამეს მოისმენ, რაღაცა გეწყინება, რაღაცა გაგაბრაზებს, რაღაცა მოგეწონება, რაღაცას ფეხებზე დაიკიდებ. გავა დრო, მას დაიჭერენ, შენ არგუმენტებს დაელოდები: უნდოდათ, რომ დაეჭირათ და ამიტომ დაიჭირეს თუ დასაჭერი იყო და ამიტომ? ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობ, თავს იმით დაიმშვიდებ (როგორც, სულ ცოტა, ბოლო ცხრა-ათი წლის მანძილზე), რომ გარეთ 1937 წელი არაა და ახლა მხოლოდ იჭერენ - არ ხვრეტენ. ივიშვიშებ (ისევე, როგორც ბოლო წლებში) არგუმენტების არადამაჯერებლობის შესახებ: ვინმე აგვიხსნის დამარცვლით, რატომ დაიჭირეს? ვინმე გაგვახარებს სარწმუნო მიზეზით? ვინმე გვასიამოვნებს სამართლის სამართლიანობით?

მთელი დღე მოგეშხამება, მაგრამ მაინც როყიოდ შეუძახებ საკუთარ თავს: ასეა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ჩვენ ხომ ყველანი საზოგადო მოღვაწეები ვართ.

სამი მილიონი საზოგადო მოღვაწე - სამმილიონიანი სახელმწიფოებრივი აზროვნებით!

ჰოდა, საინტერესოა, რა ხდება ამ საზოგადო მოღვაწეებით დასახლებულ ქვეყანაში: რა ხდება და არაფერიც არ ხდება.

მარტო სასამართლო პროცესები (ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, აწ და მარადის), მელანქოლიური პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები სასამართლო პროცესებიდან, ისევ ახალი ჩაგრულები და ახალთახალი მჩაგვრელები, ისევ ეჭვები, რომ არა სამართლის აღსრულების, არამედ პოლიტიკური ბოღმის გაცხადების მოწმენი გავხდით, და თან სად - ათასობით საზოგადო მოღვაწით დასახლებულ ქვეყანაში, სადაც უკვე ამ საზოგადოების ნაწილად და აზრის გამომხატველად ქცეულა ცოდვებმთრგუნველი მხატვარი კიტოვანი…

არ ვიცი, რაზე ქოთქოთებს და რაზე ბრაზობს ჩვენი საზოგადოება (ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავუგე ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტებს), არ ვიცი, რამდენი მილიონი შეჭამა ქალაქის ყოფილმა მერმა, არ ვიცი, რამდენი მილიონი შემოჰქონდა თუ არ შემოჰქონდა მუდმივი არჩევნებით დაწყევლილ ქვეყანაში, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის, პირადად ჩემთვის და არა რომელიღაც საზოგადოებრივი ცხოველისთვის, გიგი უგულავა ყოველთვის დარჩება იმ ადამიანად, რომლის უშუალო ჩარევამ და დახმარებამაც სიკვდილის პირას მყოფ არაერთ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის მოწმე მრავალჯერ ვყოფილვარ.

და, ჰო, შესაძლოა ვცოდავ, როგორც სამართლიანი სამმილიონიანი საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი, მაგრამ დღეს ჩემთვის მისი “დანაშაულები” აბსტრაქციაა, რადგან მახსოვს, ვიცი და მსმენია, რომ ის მრავალს დადგომია გვერდით მძიმე წუთებში. ჩემთვის კი დღეს ესაა პრიორიტეტი.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG