Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაურჩევლები


ეს ძველი და შეგუებული შეგრძნებაა… იმდენად ძველი და შეგუებული, რომ წესით არც უნდა მთრგუნავდეს, მაგრამ მაინც ვბრაზობ, რადგან არ მინდა, რომ აი, ეს… ეს ნაგავი, ეს ზოოპარკი ჩემი ქვეყნის პარლამენტად იწოდებოდეს… და რომ ამ დაწუნებულთა შორის შემთხვევითი გზით გადარჩეულებს “ქვეყნის რჩეულები” ერქვათ!

ვისი რჩეულები არიან ესენი? ვის ეიმედებიან? ვის წარმოადგენენ? არის ვინმე, ვისაც ან ერთი უნდოდა ან მეორე? რა საერთო გვაქვს ამ ხალხთან? ხელფასს რისთვის ვუხდით? თავი რომ მოგვჭრან, იმისათვის? თუ ქართული პოლიტიკური რაობის შემყურეებს კიდევ უფრო მეტად რომ აგვერიოს გული?

დღეს ყველა გერმანულ ტელეარხზე აჩვენეს, როგორ ურტყამდნენ ქართველი დეპუტატები ერთმანეთს, თუმცა ჩვენებას კიდევ აიტანდი (იაპონიის პარლამენტშიც ჩხუბობენ - ამით მაინც დავიმშვიდოთ თავი),

მთავარი ის იყო, რომ ყველგან ერთსა და იმავეს ამბობდნენ: ამ ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელიო… აი, ეს ხალხია ქართველებიო…

ხო, ირონიაც იყო.

საწყენი ირონია, შეურაცხმყოფელი…

და, ალბათ, აქ რომ ვუყურე, ამიტომაც მეწყინა ასე, თორემ დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ ვყოფილიყავი და მანდ მეცქირა ამ მფრინავი ბურვაკების ცემა-ტყეპისთვის, დიდად გულზე არც მომხვდებოდა… ასე არ შემრცხვებოდა.

ან სიმპათია-ანტიპათიის პოზიციის მიხედვით აღვშფოთდებოდი.

თუკი პროგრესული და ევროპაზე ორიენტირებული ნაციონალური მოძრაობის მეხოტბე ვიქნებოდი, ცხადია, დიდად მოვიწონებდი საქართველოს პარლამენტარიზმის მარადიულ მბღაველ-პოლიტ-ძირმაგარად ქცეული ბობოხიძის მერამდენე მუშტი-კრივს, ანდა ევროპული იდეალების პრაქტიკაში გამტარებელი უბადლო მეტამტამე ხაჩიძის ექსტრავაგანტულ თავდაცვით მეთოდიკას, ხოლო თუკი ღირსებააღდგენილი და ცხრაწლიანი რეჟიმისგან ნაგვემ-შებღალული “ოცნების” დეპუტატთაგან იქნებოდა ვინმე ჩემი ბნელი შურისმაძიებლური ქვეცნობიერისთვის მისაღები და ძვირფასი, ერთმნიშვნელოვნად შევიყვარებდი თოვლის ბაბუის სტაჟიან განმასახიერებელ არტისტებსა და მოჯადოებული შიმპანზეს მიერ სასიკვდილოდ ნასროლი ქოქოსის კაკალივით მფრინავი მოჭიდავის ვარდნას.

მაგრამ როგორც მე ვერ ვიცეკვებ ვერასდროს (ნინო ანანიაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად) ვერც ერთ თუნდაც ყველაზე ბოთე გედს “გედების ტბაში”, ისევე ვერასდროს იქცევიან მოჭიდავეები, ბერიკები, პირველი ხმები, ბ. ივანიშვილთან ერთად ნარდის მოთამაშეები, კრიმანჭულის კარგად მთქმელები, მომღერალ-მოცეკვავე სტუდენტ-პარლამენტარი გოგოცუნები და მსოფლიო მოტამტამეთა უღიარებელი და უგვირგვინო იმპერატორები პასუხისმგებლობის მქონდე დეპუტატებად!

(მე კიდევ უფრო მეტი შანსი მაქვს გედის ცეკვის, ვიდრე ამათ…)

პარლამეტში ჩხუბსა და ტარზანივით ფრენას ის აჯობებდა, მოჭიდავე კოლოსს ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეეარა პანკისის ხეობის სოფლებში და იქ მცხოვრებთა თხოვნა ეღო ყურად: ერთი სავარჯიშო დარბაზი მაინც გაეკეთებინა (რადგან სწორედ ისაა ახმეტის რაიონის დეპუტატი).

საინტერესოა, თუ მოუსმენია, რატომ ლაპარაკობენ ამ ხეობის უხუცესები ახალგაზრდების უფუნქციობაზე, უფულობაზე, დეპრესიაზე, ვაჰაბიზმზე და სირიაში საომრად წასვლის მიზეზებზე? ხო, ეს დღევანდელი და ახლო ამბავია, სადღაც შორს კი არ ხდება, თუმცა მესმის, რთული საკითხია, დიდ ფიქრსა და სწორ ქმედებას ითხოვს, მაგრამ რას იზამ, საქართველოც რთული ქვეყანაა, ბევრი პრობლემა აქვს და პარლამენტიც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების სივრცეა - აქ სერიოზული ხალხი უნდა იყოს, ამიტომ თუკი თავი არა გვაქვს, რომ ოდნავი პასუხისმგებლობით მაინც მოვეკიდოთ რთული ქვეყნის რთულ პრობლემებს, სჯობს შევეშვათ იმ საქმეს, რაც არ ვიცით და არც გამოგვდის და თუკი თავის შერცხვენას მოვინდომებთ სადმე, იქ მაინც შევირცხვინოთ, სადაც ნაკლები შანსი იქნება, რომ მერე მთელმა მსოფლიომ ნახოს ჩვენი თავისმოჭრა.

წესით, იმ დეპუტატებმა, რომელთაც ასე ამაყად და დაუფიქრებლად შეგვარცხვინეს, საჯაროდ უნდა მოიხადონ ბოდიში და უარი თქვან (დიახ, უარი თქვან!) პარლამენტის წევრობაზე (ესე იგი, დამატებით შემოსავალზე, მუქთა წასვლა-წამოსვლაზე, მძღოლებზე და სხვ. რაც, მესმის, აუტანლად ძნელია, მაგრამ ღირსეული საქციელი იქნებოდა), რადგან ასეთი დეპუტატები არავის არაფერში სჭირდება. მით უმეტეს - დღეს.

როგორ უნდა ამტკიცო, ან ვინ დაგიჯერებს, რომ საქართველოში ყველა არ იქცევა ასე, რომ “ქართველები ბევრად უფრო კულტურულები ვართ, ვიდრე ეს დეპუტატები”, და რომ ეს ხალხი სიტყვა “ასოცირებულსაც” ვერ იტყვის შეცდომის გარეშე?!

კიდევ შერცხვენა უნდოდა ამ ქვეყანას?

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG