Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ საიმონის ახალი ალბომი "Stranger to Stranger "


პოლ საიმონი
პოლ საიმონი

"როცა მსმენელი საყვარელი არტისტის ახალ ალბომს ელოდება, უკვე წინასწარ იცის, რომ მასში საინტერესოს ვერაფერს იპოვის. სამწუხაროდ, დღევანდელ მუსიკალურ სამყაროში ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ჩემგან კი "Graceland"-ის ან, თუნდაც, "საიმონ-გარფანკელის" დუეტის წონისა თუ ღირებულების პროექტს ელიან. შესაბამისად, მსმენელის იმედები რომ არ გამეწბილებინა, რაღაც განსხვავებული, ნოვაციური უნდა შემექმნა. ახალი დისკიც 5-წლიანი ფიქრის, ძიებებისა და შრომის შედეგია" - ამგვარად შეაფასა ამერიკელმა მომღერალმა, პოეტმა და კომპოზიტორმა პოლ საიმონმა რიგით მე-12 სოლო ალბომი "Stranger to Stranger", რომელიც 3 ივნისს გამოიცემა. კრებულში სულ 11 სიმღერა შევიდა, ხოლო მათგან სამი უკვე ხელმისაწვდომია ვიდეოჰოსტინგ "იუტუბის" ოფიციალურ არხზე. დღევანდელ სიუჟეტში სწორედ ამ ნაწარმოებებს მოვისმენთ.

ალბომის უმეტესი ნაწილი კონეკტიკუტის შტატში, პოლ საიმონის სახლის სტუდიაში, ჩაიწერა. გამონაკლისი გამოდგა სამი ტრეკი: "The Werewolf", "Street Angel" და "Wristband", რომლებიც საიმონისა და იტალიელი არტისტის დიჯი დი ალესსიოს, იმავე Clap! Clap!-ის, დისტანციური კოლაბორაციის შედეგად, ელექტრონული ფოსტით ურთიერთობით შეიქმნა.ეს უკანასკნელი ამერიკელმა 2015 წელს მილანში, მსოფლიო ტურნეს დროს გაიცნო. საიმონი ელექტრონული არტისტის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელწერით მოიხიბლა. მისი თქმით, იტალიელის მუსიკა ძველი და თანამედროვე ტენდენციების გემოვნებიანი სინთეზია, ხშირად იყენებს ტრადიციულ აფრიკულ მელოდიებს, რომლებსაც თავბრუდამხვევი საცეკვაო რიტმებით ამდიდრებს.ჰოდა, პოლ საიმონის ახალი პროექტიც აკუსტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ელექტრონული ჟღერადობა აფრიკული სასულე საკრავების, ლათინოამერიკული დასარტყამი ინსტრუმენტების, სინთეზატორისა და, რა თქმა უნდა, ვოკალისტის ვოკალური მეტყველებითაა გაკეთილშობილებული.

"Stranger to Stranger"-ის სიმღერების ტექსტები თემატურადაც მრავალფეროვანია, მწუხარებით, რომანტიზმითა და, რა თქმა უნდა, პოლ საიმონისთვის დამახასიათებელი იუმორით გაჯერებული. მაგალითად, "The Riverbank" არტისტმა 2012 წლის 14 დეკემბერს კონეკტიკუტის შტატის ქალაქ სენდი-ჰუკის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მეგობარსა და მასწავლებელს მიუძღვნა (ალბათ, გახსოვთ, 20 წლის ადამ ლანცმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ სკოლაში გახსნა ცეცხლი, რასაც 20 ბავშვი და 6 უფროსი ემსხვერპლა), "In The Garden of Edie" ცოლს, ედი ბრიკელს, აჩუქა, ხოლო ტრეკი "Wristband" როკ-ვარსკვლავის თავშესაქცევი ისტორიაა, რომელსაც უსაფრთხოების სერვისი საკუთარ კონცერტზე არ უშვებს, რადგან სამაჯური-საშვი არ უკეთია. მუსიკოსის თქმით, მსგავსი რამ თავადაც გადახდენია. დისკზე ორი ინსტრუმენტული ნაწარმოებიცაა, რომლებიც მსმენელს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და დროებით ტექსტების გააზრების ტვირთს უხსნის.

ალბომის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ დისკის პროდიუსერობა 81 წლის როი ჰალიმ ითავა, პოლ საიმონის ძველმა მეგობარმა, რომელიც ჯერ კიდევ 1964 წელს მუშაობდა "საიმონ-გარფანკელის" კოლაბორაციაზე. იგეგმება საზაფხულო ტურნეც, რომლის დასრულების შემდეგ არტისტი ხანგრძლივ დასვენებას აპირებს. მისი განცხადებით, ეს ერთგვარი ექსპერიმენტიცაა, რადგან აინტერესებს, მოიწყენს თუ არა უსაქმოდ და როგორ აისახება უმოქმედობა მის შემოქმედებით იმპულსებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG