საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან არ დააბრკოლოს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება. რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობისა და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტების საფუძველზე შეიქმნა.
რეზოლუცია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობის პროდუქტი, გზავნილია რუსეთისადმი არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას ასევე გიგა ოთხოზორიას მიმართ. რეზოლუცია რუსეთის ფედერაციას სთხოვს ასევე: შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია; გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ; კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში; გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად და სხვა.
ამ სიის დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობით უკვე დაწყებული გვაქვს ეს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმაც მოაქციოს თავისი სანქციების პაკეტში ჩვენი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ინტეგრირება...გიორგი კანდელაკი
მთლიანობაში კი, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, „რეზოლუციაში მკაფიოდ, ერთად არის თავმოყრილი სახელმწიფოსთვის პრინციპული ყველა ის საკითხი, რაც დეოკუპაციასთან მიმართებაში გახმოვანებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში“.
საფუძვლიანი გამოძიების, მონიტორინგის მექანიზმების დაშვებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, რეზოლუციის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მიიჩნევა სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. ამ ჩანაწერის მიუხედავად, რეზოლუციის პროექტის განხილვისას ყველაზე ხშირად დაისვა კითხვა, რომელიც ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ შესაყვან სავარაუდო პირებს, მათ ვინაობასა და თანამდებობას შეეხებოდა. ამ კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
“სიაში შევა ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მძიმე დანაშაულში იქნებიან ბრალდებული და მსჯავრდებული. შესაბამისად, ამ რეზოლუციით აღნიშნული სიის ფორმირება ევალება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვადა მითითებული, როდესაც სიის შემადგენლობაზე გვექნება მსჯელობა პარლამენტში. შესაბამისად, კონკრეტულ გვარებზე ზუსტად ამ ვადებში ვიმსჯელებთ“.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. მას შემდეგ კი, რაც სია დამტკიცდება, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის განხილვაზე კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად გამოკვეთეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მიმართულებით დაეკისრება მთავრობას. მათ შორის, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ყურადღება გაამახვილა „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის“ ინტეგრირების აუცილებლობაზე სერთაშორისო ფორმატებში:
მოდით, ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში ოკუპაციაზე, პასუხისმგებელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება, არის რუსეთი...სალომე სამადაშვილი
“ამ სიის დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობით უკვე დაწყებული გვაქვს ეს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმაც მოაქციოს თავისი სანქციების პაკეტში ჩვენი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ინტეგრირება. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს სანქციების კომპლექსური, ახალი პაკეტის დამტკიცებას, შეერთებული შტატები აპირებს სულ რამდენიმე კვირაში კიდევ ახალი პაკეტის შემოღებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყველა ფორმატში მოხდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ინტეგრირება იმისათვის, რომ მომავალში იცოდნენ საოკუპაციო რეჟიმის წევრებმა და მათთვის გაჩნდეს შემაკავებელი ფაქტორი“.
სალომე სამადაშვილმა კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, რეზოლუციაში ჩადებულიყო პუნქტი იმის შესახებ, რომ საქართველო იწყებს ფართომასშტაბიან კონსულტაციებს სტრატეგიულ მოკავშირეებთან იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების რეჟიმი ამოქმედდეს:
“ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ რეზოლუციასთან მიმართებაში, ეს არის ის სულისკვეთება, რომლის გამოც დღეს მოგმართავთ კიდევ ერთხელ: მოდით, ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში ოკუპაციაზე, პასუხისმგებელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება, არის რუსეთი და სწორედ რუსეთს მივმართოთ, რომ აიღოს საკუთარ თავზე ძალის არგამოყენების შესაძლებლობა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი შენიშვნიდან, საბოლოო ჯამში, რეზოლუციაში ორი არ აისახა. რეზოლუციის შინაარსიდან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის, განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მის წინააღმდეგ არ წავიდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსმა“. საქართველოს პარლამენტმა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 106 ხმით დაამტკიცა.