Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა“ და რეზოლუციის ბედი საპარლამენტო სესიაზე გადაწყდება


19 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად მიიღეს კიდეც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე. წინ პარლამენტის სესიაა, სადაც რეზოლუცია უნდა დაამტკიცონ. საუბარია რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე, რომელზეც უმრავლესობა და უმცირესობა ბოლო დღეების განმავლობაში მსჯელობდა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია

  • პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
  • „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
  • პარლამენტი ასევე მიმართავს მთავრობას, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 19 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ ერიდება მკაცრი შეფასებების ჩაწერას ამ რეზოლუციაში.

„მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებში იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან გაისმა მკვეთრი განცხადებები, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ გადაუციათ მისი ოჯახისთვის“, - თქვა თალაკვაძემ.

მანვე დეპუტატებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტს, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერიც დაემატოს. დავით ბაშარული 2014 წელს გაუჩინარდა დაა მოგვიანებით ისიც გარდაცვლილი იპოვეს.

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“, წევრები მიიჩნევენ, რომ დღეს მნიშვნელოვანია პარლამენტმა ერთხმად დაუჭიროს მხარი ამ რეზოლუციას და, მიუხედავად პოლიტიკურ საკითხებში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობისა, ოკუპაციის მიმართ ერთიანი პოზიცია გამოხატოს. როგორც სერგი კაპანაძემაც აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე, ამ რეზოლუციით საქართველომ გარკვევით უნდა თქვას, რომ მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე ჩამოყალიბდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მისი წევრები რეზოლუციაში უფრო მეტი პრინციპული საკითხის ჩაწერას მოითხოვდნენ. სალომე სამადაშვილმა 19 მარტის კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ პრინციპულ მოთხოვნებს შორის არის კონსულტაციების დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობასთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გადახედვა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდ მიიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც რეალურ საფუძველს შექმნის რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.

უმრავლესობა ამ მოთხოვნების პათოსს არ იზიარებს, არჩილ თალაკვაძემ თქვა კიდეც, რომ ეს რეზოლუციაში ვერ ჩაიწერება.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

პარლამენტი ასევე მიმართავს მთავრობას, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

ამ რეზოლუციით პარლამენტი გმობს: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას“...

ხსოვნის აქცია გორში
ხსოვნის აქცია გორში

რუსეთის ფედერაციისაგან მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას.

საერთაშორისო თანამეგობრობას კი მოუწოდებს მიიღოს ზომები, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაგმოეცეს და საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს მისი გარდაცვალების ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა. რეზოლუციაში კიდევ არაერთი პუნქტია, რომლის ადრესატიც არის საქართველოს მთავრობა, რუსეთის ფედერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა.

რეზოლუციის პროექტს კენჭი ეყრება 21 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG