ამერიკული ჯაზის განვითარებას მრავალმა სახელოვანმა კომპოზიტორმა თუ შემსრულებელმა შეუწყო ხელი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არტისტები ნაკლებად ეთქმოდათ, მაგრამ ხსენებულ ჟანრს არანაკლები სიკეთე მოუტანეს, ვიდრე ლუი არმსტრონგმა, ჩარლი პარკერმა და მაილს დევისმა. იმ პროდიუსერებს ვგულისხმობ, ბგერაზე რომ ჯადოქრობდნენ და, რაც მთავარია, მუსიკის მხატვრული ღირებულების შეცნობის საუცხოო ალღო ჰქონდათ. ასეთი გახლდათ ორინ კიპნიუსიც. ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მუსიკალური კრიტიკოსი და მწერალი სულ ახალახან 91 წლის ასაკში აღესრულა. ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტსაც მას დავუთმობ და დროდადრო მისი თაოსნობით გაკეთებულ ისტორიულ ჩანაწერებსაც შემოგთავაზებთ.
ორინ კიპნიუსი 1923 წლის 2 მარტს ნიუ-იორკში დაიბადა. ჯაზი ბავშვობიდანვე შეიყვარა, მაგრამ ამ გზით არ უვლია. კოლუმბიის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს - არც მეტი, არც ნაკლები - ბომბდამშენის მფრინავი იყო იაპონიის ფრონტზე. შინ დაბრუნებულმა, მუსიკალურ ჟურნალ “The Record Changer”-ში დაიწყო მუშაობა, სადაც მეტწილად რეცენზიებს წერდა. მისი ერთ-ერთი პირველი გახმაურებული სტატია იმხანად ჯერ კიდევ უცნობი პიანისტის, თელონიუს მონკის, 1947 წლის სადებიუტო სოლო დისკზე გახლდათ, რომელიც ხმის ჩამწერმა ლეიბლმა „Blue Note“-მა გამოსცა, თუმცა ექსცენტრულობის გამო საზოგადოების ყურადღება ვერ დაიმსახურა. კიპნიუსი კი პირველი გახლდათ, მონკს დიდებული მომავალი რომ უწინასწარმეტყველა, პიანისტი ნოვატორ კომპოზიტორად და იმპროვიზატორად მოიხსენია. „ამბობენ, რომ მონკი მე აღმოვაჩინე. სისულელეა. როგორ შეიძლება აღმოაჩინო შუქი, ჰაერი ან წყალი, როცა ისინი ისედაც არსებობენ? თელონიუსიც ასე იყო. მის იგნორირებას, მისი მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდნენ, მაგრამ მონკი მაინც არსებობდა. მან საკუთარი თავი თავადვე აღმოაჩინა...“ - ასე იხსენებდა კიპნიუსი თელონიუსს.
1953 წელს ორინმა და მისმა ძველმა მეგობარმა ბილ გროუერმა ხმის ჩამწერი კომპანია Riverside Records-ი დააარსეს. თავიდან ძველი ჩანაწერების ხელახალი გამოცემით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა კიპნიუსმა მალევე შეცვალა ლეიბლის პოლიტიკა და თანამედროვე არტისტებზე გადაერთო. ჩარლი პარკერის გარდაცვალების შემდეგ ჯაზს ახალი გმირი სჭირდებოდა და მანაც არჩევანი ისევ და ისევ თელონიუს მონკზე შეაჩერა. პროდიუსერმა იცოდა, რომ მსმენელს პიანისტის უჩვეულო რიტმულ-ჰარმონიული ხელწერა გულს უმძიმებდა და მათ სმენას ერთგვარი შემზადება სჭირდებოდა. ჰოდა, ჯერ დიუკ ელინგტონის პიესების კრებული ჩააწერინა, შემდეგ კი ნამდვილი მონკი შესთავაზა - ცნობილი ალბომი „Brilliant Corners“ გამოსცა. დისკს არნახული აღიარება ხვდა წილად – ჯაზურმა სამყარომ, როგორც იქნა, ინება და მონკს ფართოდ გაუღო წლების მანძილზე ცხვირწინ მიხურული კარი, ხოლო „Riverside Records“-ი ერთ-ერთ წამყვან ხმის ჩამწერ ლეიბლად იქცა.
1966 წელს ორინ კიპნიუსმა ახალი სტუდია „Milestone“-ი დააარსა, სადაც ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ: ჯო ჰენდერსონი, ლი კონიცი, ჰარი ბარტსი და მაკოი ტაინერი. 1985 წელს კი ლეიბლი Landmark შექმნა, რომელიც მეტწილად ვიბრაფონისტ ბობ ჰატჩერსონის ალბომებზე იყო ორიენტირებული. 2010 წელს, ჯაზის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, ორინ კიპნიუსს ჯაზის სფეროში უმაღლეს ჯილდოდ მიჩნეული პრემია „ჯაზის ოსტატი“ გადაეცა. პროდიუსერი დღემდე ერთადერთი არამუსიკოსი ლაურეატია, რომელიც ამერიკულმა ხელოვნების ნაციონალურმა ფონდმა ამგვარად დააფასა. დაბოლოს, ერთ თემას შემოგთავაზებთ, რომელიც ამერიკელმა პიანისტმა ბილ ევანსმა ორინ კიპნიუსს მიუღვნა: