Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზარდიაანთკარში
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზარდიაანთკარში

„ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“- ასე ჰქვია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებს ეხება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობას. ეს ანგარიში უჩა ნანუაშვილმა გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო, მოგვიანებით კი ადგილზე ვითარების გასაცნობად სოფელ ზარდიაანთკარს ესტუმრა. სოფელი ზარდიაანთკარი შერეული ქართულ-ოსური სოფელია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. ზარდიაანთკარის გასასვლელთან - ოსური სოფლის, ხელჩუას, მიმართულებით - უკვე რუსეთის მესაზღვრეების საგუშაგოა განთავსებული. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. 2 წლის წინ გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრები ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა, მაგრამ 20-მდე ოჯახი ისევ საბავშვო ბაღში აგრძელებს ცხოვრებას. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, სოფელს დღემდე არა აქვს სასმელი და სარწყავი წყლისა და გათბობის პრობლემები მოგვარებული. ზარდიაანთკარის მოსახლეობის ღირსეული დაბრუნებისა და სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. უჩა ნანუაშვილის თქმით, გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, სოფელში არაერთი პრობლემა რჩება გადაუჭრელი.

ზარდიაანთკარში სახალხო დამცველთან ერთად იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მალე დასრულდება სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები. სოფელში დამონტაჟდა ჭაბურღილი და თითოეული ოჯახი მალე მიიღებს სასმელ წყალს. ონიაშვილის თქმით, დაზიანებული სახლების აღდგენის საკითხი ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გადაიჭრება და აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.

სახალხო დამცველი როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციების მიხედვით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაასრულოს სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა, ასევე გაზიფიცირების სამუშაოები; დღის წესრიგში შეიტანოს საბავშვო ბაღებში დროებით შესახლებული მოსახლეობის შეშით ან ბუნებრივი აირით მომარაგებისა და ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების საკითხი; შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს ზარდიაანთკარის მოსახლეობის სახლების აღდგენის საკითხი; მთავრობამ უნდა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სუბსიდირება მინიმუმ სამი წლით. სახალხო დამცველის რეკომენდაციები უკვე გადაგზავნილია როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ომბუდსმენის აპარატი კი გააგრძელებს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის კვლევას.

XS
SM
MD
LG