Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მეცხრე წლისთავი, პუტინი აფხაზეთში და საქართველოს საერთაშორისო იმედი


ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. 2017 წლის 8 აგვისტო
ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. 2017 წლის 8 აგვისტო

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას, იძლიერებს პოზიციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იტაცებს საქართველოს დამატებით ტერიტორიებს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს თბილისი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ჩასვლას აფხაზეთში, რაც მოსკოვმა შეგნებულად დაამთხვია 8 აგვისტოს - საქართველოსთან ომის დაწყების თარიღს. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ხედავს ამ ფაქტის კავშირს ასევე ამერიკა-საქართველოს ახლებურად გაღრმავებულ ურთიერთობებთან, რაც რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თბილისში სტუმრობის დროსაც დადასტურდა. აგვისტოს ომიდან ცხრა წლის შემდეგ საქართველო კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება და პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ლაპარაკობს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე: ბოლომდე მიიყვანა თუ არა თავისი ჩანაფიქრი რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ, კიდევ რას შეიძლება მოელოდეს საქართველო საოკუპაციო რეჟიმისგან და ვითარების გამწვავების შემთხვევაში რა სახის მხარდაჭერა შეიძლება გამოხატონ დასავლეთის ქვეყნებმა ნატოს არაწევრი ქვეყნის - საქართველოს - მიმართ?

ისე, რომ კრემლს წინასწარ ოფიციალურად არაფერი განუცხადებია და ამ თემაზე დაუზუსტებელ ინფორმაციას ბოლო დღეებში ძირითადად რუსულენოვანი მედია ავრცელებდა, 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა და ამის შესახებ ამაყად ალაპარაკდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება. ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს ბიჭვინთაში შეხვდნენ ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ერთად. გაიცა მოსკოვის დაპირებები თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, აფხაზეთის მკვიდრთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფის, ტურისტების უსაფრთხოების დაცვისა თუ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით. ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის რანგში 2013 წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა აფხაზეთში, ასევე რამდენჯერმე იმყოფებოდა პრემიერის რანგში და, გარდა ამისა, მოსკოვშიც ხშირად მასპინძლობს ცხინვალისა და სოხუმის ლიდერებს. სოხუმის მიერ პუტინის 8 აგვისტოს ვიზიტი ჩაითვალა კიდევ ერთ დადასტურებად იმისა, რომ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი - რუსეთის ფედერაცია - კვლავაც ერთგულ და მხარდამჭერ პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოში კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ ნაბიჯით ვლადიმირ პუტინი ცდილობს კიდევ უფრო განამტკიცოს 2008 წლის ომის შემდეგ მის მიერვე შექმნილი, საერთაშორისო სამართალთან აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობა და მესიჯი გაუგზავნოს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. ამის შესახებ 8 აგვისტოს, ომის მეცხრე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში კომენტარები გააკეთა საქართველოს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა და ამ საკითხს შეეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებაც:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„დღეს, როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში - აფხაზეთში - იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია. პასუხად ამ მცდელობებს მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას“.

აფხაზეთში ჩასვლით პუტინი რუსეთის პოზიციების განმტკიცებას რომ ცდილობს, ამაში ეჭვი არც ანალიტიკოსებს ეპარებათ. როგორც პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ სვლით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ამცნოს მსოფლიოს, რომ ის იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართალს:

„მე მგონია, რომ ეს არის ცინიზმი და იმის ჩვენება, რომ რუსეთი არაფერს ნანობს და არ არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს ის, რაც აქამდე მოახდინეს: ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეალური ანექსია... ხდება იმის აშკარა დემონსტრირება, რომ ეს არის მათთვის სავსებით ნორმალური მოვლენა, რომ ისინი არიან მართლები და ამასთან დაკავშირებით არანაირი კომპლექსები არა აქვთ“.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თბილისში სტუმრობის კვალდაკვალ ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა კახა გოგოლაშვილისთვის კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ რუსეთი ეჯიბრება ამერიკას - მით უმეტეს, ბოლო პერიოდში კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი იმ ახალი კანონის ფონზე, რომელმაც გაამკაცრა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები.

ჩვენ განვაგრძობთ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიებას, რათა აღდგეს ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები...
მაიკ პენსი

პუტინის აფხაზეთში ჩასვლასა და მაიკ პენსის თბილისში სტუმრობას შორის კავშირს ხედავენ რუსი ანალიტიკოსებიც და მათ არ უკვირთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გახმაურებული მკაფიო და პრინციპული მესიჯების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დაინახა საჭიროება მასაც გამოეხატა მტკიცე მხარდაჭერა ცხინვალისა და სოხუმის მიმართ. ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში მძიმე მოსასმენი იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ 1 აგვისტოს თბილისში გაკეთებული განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების კონტექსტში მხოლოდ მშვიდობიან გზებზე იყო ლაპარაკი:

„როცა დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, ჩვენგან 40 მილის დაშორებით, ქართულ მიწაზე დგანან რუსეთის ტანკები. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის... და ჩვენ განვაგრძობთ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიებას, რათა აღდგეს ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები“.

დეოკუპაციის საკითხის მოგვარება ასევე მხოლოდ მშვიდობიანად, სროლის გარეშე წარმოუდგენია თბილისს და ამას არაერთხელ გაესვა ხაზი 8 აგვისტოსაც, ომის მეცხრე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაკეთებულ კომენტარებში. ბევრჯერ ითქვა ისიც, რომ საქართველოს ამ საკითხის გადაწყვეტის პროცესში მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ გასული 9 წლის განმავლობაში რუსეთმა ძალიან ბევრჯერ დატოვა უყურადღებოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები: გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიები.

მაიკ პენსი
მაიკ პენსი

თუკი მაიკ პენსის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაშია და შეერთებული შტატები საქართველოს სწორედ ამ მიმართულებებით დაეხმარება, თუმცა დახმარება კვლავაც იქნება თავდაცვისა თუ უსაფრთხოების მიმართულებების გაძლიერების მიზნითაც.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი (მოსკოვსა თუ თბილისში) ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთისგან პირდაპირი სამხედრო აგრესიის გამწვავების საფრთხეს და, მით უმეტეს, დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების პირობებში, თუმცა პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შეგვახსენებს რუსეთის პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებულ ორ მეთოდს, რაც საფრთხეს ქმნის საქართველოსთვისაც:

„ჯერ ერთი, რუსეთი ხშირ შემთხვევაში სხვისი ხელით აკეთებს საქმეს, ისევე როგორც ეს მოხდა დონბასში და ლუგანსკის ოლქში. ანუ ვითომ სამოქალაქო ომია და ვიდრე დამტკიცდა, რომ რუსეთი ნამდვილად პირდაპირ მონაწილეობდა ამ პროცესში, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ პირდაპირ რუსეთის დადანაშაულება იყო ძნელი... ჯერ ერთი, ეს არის საფრთხე და, ასევე, მაგალითად, რუსეთი რომ ადგეს და საქართველოს სრული ოკუპაცია და ანექსია მოახდინოს, აქ, ცხადია, მიიღებს ძალიან დიდ დარტყმას საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მაგრამ მან რომ ისევ რაღაც ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს და შემდეგ შეჩერდეს (როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა) და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები, ეს ტაქტიკა მომგებიანია მისთვის, რადგანაც ეს ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, ხოლო დასავლეთის ცივილიზაცია ორიენტირებულია მოლაპარაკებებზე“.

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ ორი ხერხის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს შეასუსტოს საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რადგანაც ნატოს არაწევრ საქართველოს სამხედრო ძალით მყისიერად ვერ დაეხმარებიან ალიანსის წევრი ქვეყნები. შესაბამისად, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, კახა გოგოლაშვილიც დიდი სიფრთხილისა და წინდახედულობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს და საჭიროდ თვლის, რომ დეტალურად გაანალიზდეს რუსეთისგან მომავალი საფრთხეები - მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული პროცესი რუსეთს ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია, რბილი ძალის პოლიტიკამ მას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა და ის არც ხისტი ძალის გამოყენებას დაერიდება, რათა სრულად გააკონტროლოს სამხრეთ კავკასია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG