Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის დარღვეული და დაცული უფლებები


სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია
სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა, სადაც 2013 წელს გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ილაპარაკა. თავისი შეფასებებით გამოვიდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. ანგარიში წარმოადგინეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა. უფლებადამცველთა ანგარიშებში მთავარ გამოწვევად დასახელებულია უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის საკითხი და ასევე სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების თემები.

ადამიანის უფლებათა დაცვის ბევრ სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები, განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც მომავალი წლის მარტში პარლამენტის წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით გამოვა, მანამდე კი, უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, მთავარ გამოწვევად რჩება შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა მიმართ.

„აქ საუბარია იმ რამდენიმე ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში და ჭელაში. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დღესდღეობით მდგომარეობა შეცვლილია, ანუ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს საკუთარი რელიგიისა და აღმსარებლობის რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა რეაგირება იყო ძალიან დაგვიანებული რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან და ეს იყო სწორედ პრობლემა - ხდებოდა რეაგირება, მაგრამ რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური რეაგირება ან კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც, ფაქტობრივად, ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან“.

სახელმწიფომ ამ დარღვევებზე ვერ მოახერხა ადეკვატური რეაგირება. ასევე რელიგიური საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი იურისტები, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პირადად მეც დავდიოდი ხოლმე სამთაწყაროში იქ განვითარებული ამბების გამო...
კახა კოჟორიძე
სახალხო დამცველმა რამდენიმე სხვა უფლებადარღვევასთან დაკავშირებითაც თქვა, რომ ხელისუფლების რეაგირება იყო დაგვიანებული ან რეაგირება არ ყოფილა, საერთოდ. პრობლემებს შორის სახალხი დამცველი ჩამოთვლის ასევე საჯარო სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტებს, სამართალდამცავთა მხრიდან მომხდარი დანაშაულებების გამოძიების გაჭიანურებას ან მათ მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებების იმავე უწყების მიერ გამოძიების წარმოებას. უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და განადგურდა პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, პრობლემად რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი, არ შეცვლილა საკანონმდებლო ჩარჩო და კანონი პოლიციელებს ძალიან ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს ფარული ჩაწერისა და მიყურადების თვალსაზრისით.

თუ ამჟამინდელ მდგომარეობას ერთი ან ორი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია, განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. გაუმჯობესება არის ძალიან ბევრი მიმართულებით. ამასთან, კახა კოჟორიძის სიტყვებით, ხელისუფლებამ ვერ გაართვა თავი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას. იმ ოცამდე ადამიანის მიცემა პასუხისგებაში, რომლებიც შემდეგ ან ამნისტიით გამოვიდნენ ან საპროცესო გარიგება გაუფორმდათ, ვერ ასახავს ამ სისტემურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის შედეგს. თუმცა, კახა კოჟორიძის შეფასებით, 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, იყო წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

დაგვანახვა ის მიძინებული პრობლემა, რომელიც ამ კუთხით ჩნდება და ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიხდა შეგვეხსენებინა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა, რომ კანონის წინაშე თანასწორია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია რაიმე ნიშნით...
ეკა ბესელია
„და, ჩვენი შეფასებით, სახელმწიფომ ამ დარღვევებზე ვერ მოახერხა ადეკვატური რეაგირება. ასევე რელიგიური საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი იურისტები, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პირადად მეც დავდიოდი ხოლმე სამთაწყაროში იქ განვითარებული ამბების გამო და არ უნდა სჭირდებოდეს სახალხო დამცველს, მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყოველ პარასკევს ერთ კონკრეტულ სოფელში სიარული იმისთვის, რომ რამდენიმე მუსულმანმა მშვიდად ილოცოს ერთ კონკრეტულ სახლში“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ 17 მაისი აღმოჩნდა ერთგვარი ინდიკატორი იმისა, თუ რა სახის პრობლემები არსებობს უმცირესობათა მიმართ:

„დაგვანახვა ის მიძინებული პრობლემა, რომელიც ამ კუთხით ჩნდება და ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიხდა შეგვეხსენებინა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა, რომ კანონის წინაშე თანასწორია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია რაიმე ნიშნით და რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლების დაცვა... გამოძიება დაიწყო მაშინვე და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პასუხისგებაში მიეცნენ კონკრეტული პირები“.

ეკა ბესელიამ წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ გაკეთებული საქმეების ჩამოთვლისას ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტს ძირითადად წინა წლებში დარღვეულ ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ განცხადებების განხლვა მოუხდა, ასეთი კი 13 ათასი განცხადება იყო. მთავარ მიღწევად ეკა ბესელია ამნისტიის გამოცხადებას მიიჩნევს. ხელისუფლების სხვა წამომადგენელთა შეფასებით, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო დონეზეც.

ამასთან, პრობლემად რჩება ბავშვთა უფლებების თემა, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების უფლებები. ამიტომ მომავალი წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდება.

სახალხო დამცველის და სხვა უფლებადამცველთა შეფასებით, მთავარი გამოწვევა ხელისუფლებისთვის იქნება ასევე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფა. ხელისუფლების წარმატებად კი ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დასახელდა, თუმცა პენიტენციარულ სისტემაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემები ჯანდაცვის კუთხით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG