Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის ინიციატივა - საპირველაპრილო ხუმრობა, ბიუჯეტის დაზოგვა თუ ბავშვის უფლებების დარღვევა?


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

საპირველაპრილო ხუმრობა თუ ნამდვილი ამბავი? - ამ კითხვას გორელების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა სვამს და ვითარებაში გარკვევას ითხოვს. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს კი ხუმრობისთვის სულაც არ სცალია. ქალაქის საკრებულო მის ინიციატივას ხვალ განიხილავს და გადაწყვეტს, უნდა გაუშვან თუ არა სოფლად მცხოვრები ბავშვები ქალაქის საბავშვო ბაღებიდან. სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების სოფლელებად და ქალაქელებად გამიჯვნის ინიციატივის ავტორის არგუმენტი ის არის, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვები შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა უნდა დააფინანსოს, რითაც ქალაქის ბიუჯეტი შეივსება. ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტება ადგილობრივი ტელევიზიით გააკეთა.

ამ საკითხზე საკრებულოს წევრების მოსაზრებებიც გაყოფილია - ერთი ნაწილის აზრით, ინიციატივა სწორია და პირველ სექტემბრამდე მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საკითხი ნაჩქარევი, ხისტი და ბავშვის უფლებების შემლახავია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვების ბაღებიდან გაყრით და ამით ბიუჯეტის დაზოგვით ოქრუაშვილი ცდილობს პოლიტიკური ქულების დაიწეროს.

„ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი კი აქცენტს ქალაქის მწირ ბიუჯეტზე აკეთებს და ამბობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანების მომსახურებას მათი მუნიციპალიტეტი უნდა აფინანსებდეს. როსებაშვილი აქცენტს სპორტულ სკოლებზეც აკეთებს.

საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ხელმძღვანელები, პირველ რიგში, ბავშვთა უფლებებს მიიჩნევენ პრიორიტეტად. გორის მე-6 საბავშვო ბაღში 233 აღსაზრდელიდან 35 ბავშვია ისეთი, რომელთა მშობლები ქალაქში არ არიან რეგისტრირებულნი. დადგენილების მიღების შემთხვევაში, ეს ბავშვები პირველი სექტემბრიდან ბაღში ვეღარ წავლენ. ბაღის ხელმძღვანელი თინათინ წერეთელი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა არასწორია, რადგან ბაღში ადაპტირებული ბავშვების ხელახლა განთესვა მტკივნეული პროცესია.

ინიციატივას ბავშვთა უფლებების შემლახავად მიიჩნევს „ბაგა-ბაღ ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლალი ბაიაძე - მას ოქრუაშვილის ინიციატივა საპირველაპრილო ხუმრობად მიაჩნია.

ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორის გამგებელ დავით ონიაშვილთან ერთხელ უკვე სცადა მოლაპარაკება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანადაფინანსების თაობაზე, მაგრამ ონიაშვილი უარზეა და აცხადებს, რომ ცენტრალური ბიუჯეტი სუბსიდირების თანხას იხდის და ბავშვის წარმომავლობას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

ამჟამად ქალაქის საბავშვო ბაღებში 600-მდე ისეთი ბავშვი დადის, რომელთა მშობლები ქალაქში არ არიან რეგისტრირებულნი. გორის რაიონი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, თბილისი - ეს იმ მუნიციპალიტეტების არასრული ჩამონათვალია, სადაც ბავშვების ნაწილია დარეგისტრირებული და გორის სააღმზრდელო დაწესებულებებში დადიან. მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა ნაჩქარევი და არასამართლიანია.

პირველი აპრილის სხდომაზე გაირკვევა, მიიღებს თუ არა საკრებულო ახალ დადგენილებას. ამასობაში ამ თემაზე დისკუსია არ წყდება სოციალურ ქსელებში. კომენტატორების დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია. მათი აზრით, ბავშვების დახარისხება სოფლელებად და ქალაქელებად დისკრიმინაციულია. ქალაქის 18 მუნიციპალურ ბაღში 3 400-მდე ბავშვი სწავლობს, აქედან 600-მდე აღსაზრდელი სხვა მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. გარდა ამისა, უკვე ჩნდება მოსაზრებები, რომ ბაღების შემდეგ ოქრუაშვილის თანაპარტიელები სპორტულ სკოლებს მიადგებიან და სოფლებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს დარბაზებში და მოედნებზე შესვლას აუკრძალავენ. არადა, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კარალეთიდან არის, მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი კი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდან. მათთან ერთად არაერთი წარმატებული სპორტსმენი გორის ძიუ-დოს სკოლაში გაიზარდა, მაგრამ მაშინ რომ ოქრუაშვილის ინიციატივა ძალაში ყოფილიყო, ისინი დარბაზში სავარჯიშოდ არ უნდა შეეშვათ. ქალაქის სპორტულ სკოლებსაც ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

XS
SM
MD
LG